„პარი სენ ჟერმენმა“ „არსენალი“ პარიზშიც დაამარცხა – ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „არსენალი“ 2:1 დაამარცხა, ორრაუნდიანი დაპირისპირება 3:1 მოიგო და ფინალში გავიდა.
ფრანგების პირველი სახიფათო მომენტი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა, როდესაც მცველებს გასცდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 27-ე წუთზე ფაბიან რუისის შესანიშნავი გოლით პარიზელები დაწინაურდნენ.
ზუსტად ორ წუთში კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და სწრაფი კონტრშეტევისას ბრედლი ბარკოლა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ფრანგმა თავდამსხმელმა დარტყმა დააგვიანა და საბოლოოდ, მეკარეს ვერ აჯობა.
„არსენალის“ დამარცხების (2:1, 1:0) შემდეგ, Prime Video-სთან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:
„ფინალში გასვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი ოცნება იყო. თითქოს სიზმარია. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. „ინტერთან“ რთული თამაში გველის, რომელმაც ფინალში გასვლა დაიმსახურა. სიმონე ინძაგის გუნდს პატივს ვცემთ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა, ჩვენც ფინალში ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ. თასის პარიზში ჩამოსატანად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება“.- თქვა კვარაცხელიამ.