“ეს რეჟიმი განწირულია! აქ იმისთვის არ ვიჯექი, რომ გამოვიდე და რაიმე არ დავწერო” – ვახო სანაია

1 hour ago 3

12

14 დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტს, ვახო სანაიას, მცხეთის იზოლატორთან ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.

სანაია ამბობს, რომ არ აპირებს გაჩუმდეს. მისი თქმით, პროტესტს გააგრძელებს ქუჩაშიც, ეთერშიც და სოციალურ ქსელებშიც.

ვერანაირი პატიმრობა, ჯარიმა და დარბევა ჩვენზე ვერ მოახდენს იმ გავლენას, რა ჩანაფიქრიც შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველს.

რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს, ძალიან მარტივი,  გასაგები და მკაფიო სლოგანია: ბოლომდე! სულ ბოლომდე, გამარჯვებამდე!

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ დავანგრიოთ ეს ძალადობრივი რეჟიმი. ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნისთვის და როდესაც ამ ბრძოლაში ვართ, ყოველთვის ვამბობთ, რომ: ბოლომდე! ეს ნიშნავს იმას, რომ გავიმარჯვებთ აუცილებლად.

 ეს რეჟიმი განწირულია. რამდენჯერაც უნდათ, იმდენჯერ მოახდინონ რეაგირება, არანაირი პრობლემა ჩემთვის ეს არ არის. კიდევ დავწერ, ბევრჯერ დავწერ, იმდენჯერ, რამდენჯერაც მომესურვება.

და, მოდი, მარტივი შეკითხვა დაუსვას საკუთარ თავს ივანიშვილმა, რა მიიღო იმით, რომ დამაპატიმრა, გარდა იმისა, რომ თავისი მარიონეტი სახელი კიდევ უფრო დამკვიდრდა ამ საზოგადოებაში აი, იმ პაპუაშვილის თუ ნებისმიერი ნებისმიერი სხვის, რომლის შესახებაც ასევე დავწერ.

აქ იმისთვის არ ვიჯექი, რომ გამოვიდე და რაიმე არ დავწერო, იმისთვის ვიჯექი, რომ ვწერ და ვლაპარაკობ და კიდევ დავწერ და კიდევ ვილაპარაკებ, ყოველთვის, ბოლომდე, სანამ  არ გავიმარჯვებთ იქამდე გაგრძელდება ჩვენი ბრძოლა და მერეც დავწერთ, ახლაც ვწერთ და წარსულშიც ამას ვაკეთებდით. ყოველთვის ეს ასე იქნება” – განაცხადა სანაიამ.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს.

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა.

სრულად წაკითხვა