ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

3 hours ago 2

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს. შესაბამისი განცხადება ერმაკმა კოპენჰაგენის დემოკრატიული სამიტის სესიის დროს გააკეთა.

როგორც ერმაკმა აღნიშნა, ბოლო მონაცემებით რუსებს ამ დრომდე არ გაუციათ პასუხი იმაზე, აპირებს თუ არა პუტინი სტამბოლის მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის და იქნება თურქეთში.

“მიმაჩნია, რომ თუ ვლადმერ პუტინი უარს იტყვის თურქეთში ჩასვლაზე, ეს იქნება ბოლო სიგნალი, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს, რომ რუსეთს არ უნდა და არ არის მზად რაიმე სახის მოლაპარაკებებისთვის”, – თქვა ერმაკმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ამერიკას ამაზე მკაფიო რეაქცია უნდა ჰქონდეს: ახალი სანქციები და უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა.

ამ დრომდე, უცნობია ჩავა თუ არა მოლაპარაკებებზე სტამბოლში ვლადიმერ პუტინი.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ცნობისთვის, უკრაინასა და რუსეთს შორის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით 30-დღიანი ზავი ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. ინიციატივას მხარს უჭერდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ზელენსკის ინიციატივას პუტინმა საგანგებო განცხადებით უპასუხა და თქვა, რომ ზელენსკის თურქეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევდა. საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდებოდა.

სრულად წაკითხვა