ერგნეთში IPRM-ის 125-ე შეხვედრა გაიმართა

1 month ago 7
Participants during the 125th Incident Prevention and Response Mechanism (IPRM) meeting, Ergneti, 11 June 2025. Photo: osce.org

ერგნეთში 11 ივნისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 125-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. სუს-ის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად მოითხოვეს თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირთა დასჯა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხზე. „მკაცრად იქნა დაგმობილი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები, რომლებიც ბოლო პერიოდში იდენტიფიცირდა“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ „ეუთომ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაიმეორეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის ყველა პუნქტის სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდება“. მონაწილეებმა არსებითი მოსაზრებები გაცვალეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევების შესახებ, მათ შორის უსაფრთხოების მხრივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებზე, ზრუნვის საჭიროების მქონე ხანდაზმული ადამიანების მოვლის მოვალეობაზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და ნარჩენ წყლებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ცხინვალმა კიდევ ერთხელ დააყენა ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი.

IPRM-ის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 21 ივლისს გაიმართება.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა