მემარჯვენე-ცენტრისტული და მემარჯვენე პარტიების საერთაშორისო ალიანსმა, საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა (International Democracy Union IDU) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რეზოლუციის ტექსტთან ერთად ავრცელებს.
რეზოლუციით მოთხოვნილა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება, პროევროპულ აქციებზე დაკავებულების უპირობო გათავისუფლება, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებაში დამნაშავეების პასუხისმგებლობის დაკისრება. ასევე სანქციების დაწესება და „ქართუ ბანკის” SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან გათიშვა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებული რეზოლუციის ტექსტი ასეთია:
"ვინაიდან საქართველო 2024 წლის 26 ოქტომბრის ფუნდამენტურად ხარვეზიანი საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის განცხადების შემდეგ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ სრულ კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების კრიზისშია ჩაძირული;
ვინაიდან მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ხდება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტერორით;
ვინაიდან საქართველოს ერთპარტიულმა „პარლამენტმა“ შექმნა „საგამოძიებო კომისია“ სამართლებრივი მექანიზმების დემოკრატიული ძალების, კონკრეტულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, დევნის იარაღად გამოყენების მიზნით;
ვინაიდან მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიყენა პრაქტიკიდან ამოღებული ღონისძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც სამ წელიწადზე მეტია, პოლიტპატიმარია, ახალი 12,5 წლიანი პატიმრობის მისასჯელად.
ვინაიდან რამდენიმე ქვეყანამ დააწესა ორმხრივი სანქციები ქართველ ოფიციალურ პირებზე; და ევროპულმა საბჭომ შეაჩერა ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილები [უვიზო რეჟიმის შეზღუდვა დიპლომატიურ პასპორტებზე];
საერთაშორისო დემოკრატიის კავშირი:
1. კვლავ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ მათ ბრძოლაში ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებების და ევროპული მომავლისთვის, და რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ;
2. გმობს "ქართული ოცნების" ქმედებებს, მის განგრძობით სვლას ავტორიტარიზმისა და რუსული ორბიტისკენ, და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს ტერორი საკუთარი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ;
3. მოითხოვს, სამართლებრივ პასუხისგებაში იქნან მიცემული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკესა და გადამეტებული ძალის გამოყენებაში დამნაშავე პირები;
4. მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", დანიშნოს კონკრეტული თარიღი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფლად იმოქმედებენ;
5. მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, საქართველოსთან მიმართებაში განახორციელონ მკაფიო პოლიტიკა, რომელიც იხელმძღვანელებს ორი ძირითადი პრინციპით: (ა) შეწყდეს რეჟიმის ფინანსური დახმარება, მათ შორის, მოეთხოვოთ ფინანსურ ინსტიტუტებს, შეაჩერონ ფინანსური თანამშრომლობა არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე; და (ბ) დასანქცირდეს რეჟიმის მმართველი ელიტა, რომელიც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე;
6. მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, დაუყოვნებლივ დაუწესონ კოორდინირებული სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, კომპანიებს და ხელშემწყობებს, და გაყინონ ივანიშვილის ყველა ქონება; მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, მიიღონ ზომები ივანიშვილის "ქართუ ბანკის" SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან გასათიშად და დაუწესონ სექტორული სანქციები ბიზნესებს, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით სპილენძის მადნებისა და ფერადი ლითონების სფეროში"
როგორც ჭიაბერაშვილის წერს, რეზოლუციას განხილვის შედეგად დაემატა კიდევ ერთი პუნქტი:
"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოძიებულ იქნას ყველა მოხელისა და პოლიციელის ქმედება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ".
საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირის (International Democracy Union) წევრია ევროპის სახალხო პარტია (EPP) და ევროპელი კონსერვატორის (ECR) პარტიები. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" IDU-ს წევრია 2007 წლიდან.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნით რამდენიმე კრიტიკული რეზოლუცია აქვს მიღებულიევროპარლამენტს.
მსგავსი რეზოლუციების კომენტირებას "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მას "ჩალის ფასი" აქვს.