ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალდების შინაარსი დღეს, 31 ივლისს სოფელ მთისძირში მდებარე #6 პენიტენციურ დაწესებულებაში გააცნეს.
„გაეცინა, ცამეტი წელი მაქვს მისჯილი უკვე და ეს რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმეა ჩემს წინააღმდეგო“, - ალეკო ელისაშვილის პირველ რეაქციაზე რადიო თავისუფლებას მისი ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი უყვება.
ბრალის დადგენილების თანახმად, რომელიც ერთი გვერდია, ალეკო ელისაშვილს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას.
ეს ნიშნავს "სასამართლოს შეურაცხყოფას, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის მიმართ შეურაცხყოფაში".
- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ელისაშვილის წინააღმდეგ "ტერორიზმის საქმის" განხილვისას მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფის გამო [არაკაცი უწოდა - ამბობს ადვოკატი] საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისთვის, ტერორიზმის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა მიმართა. საქმის მასალების თანახმად, პროკურორი ერთ-ერთი მოწმეცაა. ის უკვე გამოკითხეს და მოსალოდნელია, რომ სასამართლოშიც მისცემს ჩვენებას ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ.
„ტერორიზმის საქმის“ შესახებ
ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი საქმეზე, რომელშიც მას სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას ედავებიან.
მოსამართლე გიორგი გელაშვილი დაეთანხმა პროკურორ ანი ხუბეჯაშვილს, რომ ალეკო ელისაშვილს, იმ დროს, როცა სასამართლოს შენობის კანცელარიისთვის ცეცხლის წაკიდებას აპირებდა, ტერორისტული მიზანი ამოძრავებდა. განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდა.
ელისაშვილი არ უარყოფს, რომ ცეცხლის წაკიდება ჰქონდა განზრახული, თუმცა არ დაეთანხმა მუხლის კვალიფიკაციას. მისი თქმით, პროტესტი გამოხატა „უსამართლო სასამართლოს მიმართ, ვინაიდან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაძირლობას ვერ ეგუებოდა“.
განაჩენის გამოცხადებას ალეკო ელისაშვილი არ ესწრებოდა, რადგან მანამდე მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და მინისტრ მამუკა მდინარაძის გინების გამო.
„პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დამიშვია, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპონირების კულტურა შემექმნა. რა კულტურა?! - ვნანობ, ყოველდღე რომ არ ვურტყამდი მდინარაძე- პაპუაშვილს… ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებდნენ…
ჩემთვის მთავარია მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით და კობახიძის და მდინარაძის დედაც მო***ნ“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა გაძევებამდე.
მის ამ სიტყვებს დარბაზში შეძახილები მოჰყვა - „ბრავო“.
ალეკო ელისაშვილს მამუკა მდინარაძესთან ფიზიკური დაპირისპირება მაშინ მოუხდა, როცა ის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2024 წლის 15 აპრილს, როცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე იურიდიულ კომიტეტზე „აგენტების კანონს“ წარადგენდა, ელისაშვილმა მდინარაძე შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.
ელისაშვილი იმ დროისთვის სადეპუტატო იმუნიტეტით სარგებლობდა და მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.
ალეკო ელისაშვილმა მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა ბევრჯერ დაუკავშირდა მამუკა მდინარაძის ანგარიშსწორებას. იმ პერიოდში, როცა პოლიტიკოსი ტერორიზმის მცდელობისთვის დააკავეს, მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსი იყო.
პროკურატურის ცნობით, სწორედ „ტერორიზმის საქმის“ ერთ-ერთ განხილვაზე მიაყენა შეურაცხყოფა ალეკო ელისაშვილმა სამართალწარმოების მონაწილე პოლიციელს, შოთა ჭიპაშვილს. ის ბრალდების მხარის მოწმე იყო და სასამართლოში იკითხებოდა.
„არაკაცი“ უწოდა... როგორც პროკურატურა ამბობს, ამ სიტყვაში დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა... პროკურორმა მეორე დღესვე გვითხრა, რომ ამის გამო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავდა“, - ამბობს ადვოკატი.
გიორგი რეხვიაშვილის თქმით, შოთა ჭიპაშვილი ის პოლიციელია, რომელმაც თავად დაარღვია პოლიტიკოსის უფლებები სასამართლოს შენობაში, მისი დაკავების შემდეგ.
„ძალიან მძიმე დაზიანებები მიაყენა, განსაკუთრებით ხელბორკილების დადების დროს, საათების განმავლობაში მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი, სისხლი სდიოდა, არ ხსნიდა, წყალს არ ასმევდა, ამასთან ერთად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა“, - ამბობს ის.
შოთა ჭიპაშვილი სასამართლოში 15 ივნისს დაიკითხა. ალეკო ელისაშვილმა ის სხდომათა დარბაზში შესვლისთანავე შეიცნო.
ეს არის ფრაგმენტი სასამართლოზე მოწმე ჭიპაშვილისა და ელისაშვილის დიალოგიდან:
ელისაშვილი: როცა ხელბორკილები შემიცვალე, გითხარი თუ არა, რომ მიჭერდა და წინ გადმოგეტანათ?
მოწმე: მოპყრობა როგორი იყო? არათუ მოშვებული იყო, წინ მქონდა გადმოტანილი, გარკვეული პერიოდი.
ალეკო: გადმომიტანე?
მოწმე: კი. დისკომფორტი რომ არ ყოფილიყო. განყოფილებაში ძალიან მალე მივედით. მერე უკან გადმოგიტანეთ.
ელისაშვილი: პოლიციელმაც გითხრა გადაუტანეო, შენ უთხარი კატეგორიული უარი....
მოწმე: არ მახსენდება
ელისაშვილი: წყალი მინდათქო რომ გითხარი და დიდხანს უარს არ მეუბნებოდი?
მოწმე: პირიქით ჩვენ შემოგთავაზეთ...
ელისაშვილი: ჩემი თანდასწრებით, აქციაზე ხალხი რომ დადიოდა იმათ აყენებდი თუ არა შეურაცხყოფას, მეუბნებოდი თუ არა, რომ განულებული ხარ, არასწორი ხარ ხალხთან წამოდი და ვკითხოთ ხალხსო, ამას მეუბნებოდი თუ არა?
მოწმე: ბატონო მოსამართლე არ ვიცი რაზე საუბრობს
ელისაშვილი: მართმადიდებელი ხარ? რელიგიური ხარ? რატომ იტყუები?!
მოწმე: ....
ელისაშვილი: „მინივიენში" რომ ჩავჯექით, იგივეს იმეორებდი თუ არა, ჩემთან პოლიტიკური დებატები გქონდა, მაგინებდი, ნოლი ხარო...
მოწმე: ერთხელ გითხარით რომ არა....
ელისაშვილი: მოგეთხოვება ყველა შენი სიტყვისა და ქმედების გამო .. ეს არის სამი საათი რომ მეკაიფებოდა, ეს არაკაცი.
„იცით რა არის აქ საინტერესო? ამ პოლიციელის წინააღმდეგ უნდა მიდიოდეს გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და აქეთ ალეკოს დაუმატეს ახალი სისხლის სამართლის საქმე, მისი შეურაცხყოფის არგუმენტით“, - ამბობს ადვოკატი.
პოლიტიკოსის უფლებადამცველებმა ალეკო ელისაშვილის დაკავების შემდეგ მიმართეს პროკურატურის შესაბამის ქვეუწყებებს და დაკავების დროს უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიება მოითხოვეს.
„ალეკო 8 თვის წინ, ციხეში გამოიკითხა ამ დაზიანებებთან დაკავშირებით, გამოძიებას ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, რა მივიღეთ, ორმაგი სტანდარტი. წესით და რიგით, ადამიანის წამებაზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე გასამართლებული, მინიმუმ, ბრალი წარდგენილი უნდა ჰქონდეს შოთა ჭიპაშვილს“, - ამბობს ადვოკატი.
პროკურატურის გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ისევ აკრძალული აქვს გარე სამყაროსთან კონტაქტი, ოჯახის წევრებთან დარეკვა, მათი ნახვა და წერილობითი კომუნიკაცია. ამის მიზეზი კი ის დაუსრულებელი სისხლის სამართლის საქმეებია, სადაც ბრალდებულია - ელისაშვილი.
სისხლის სამართლის საქმეების სია ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ
„ქართული ოცნების“ წევრის ცემის საქმე
ალეკო ელისაშვილს პროკურატურა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. ის პირველად სისხლის სამართლის მუხლით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს, თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება.
ტერორიზმის მეორე საქმე
2025 წლის 30 ნოემბერს ელისაშვილი ტერორიზმის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 2026 წლის მარტში კი მეორე საქმე წამოიწყეს მის წინააღმდეგ იდენტური მუხლით.
ბრალის დადგენილების თანახმად, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:40 საათზე, ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ერთ-ერთი ფანჯარა დააზიანა, საიდანაც ცეცხლი წაუკიდა და ხანძარი გააჩინა შენობაში.
ამ საქმეს ალეკო ელისაშვილის ადვოკატები „ძაღლების საქმეს“ უწოდებენ, ვინაიდან ამ საქმეში გამოძიება ელისაშვილის კვალზე სუნის [ოდოროლოგიური] ექსპერტიზის საფუძველზე გავიდა. ეს მტკიცებულება დაცვისთვის არასანდოა. ვიდეოზე ასახული პირის იდენტიფიცირება კი ექსპერტიზამ ვერ შეძლო. ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს.
„ორივე ეს საქმე თაროზეა შემოდებული და სასამართლო არ განიხილავს. ძაღლების საქმეც განუსაზღვრელი ვადით გადადეს, არადა უკვე განხილვას ვიწყებდით... ვუკავშირებ მტკიცებულებების არქონას, უბრალოდ სასაცილო საქმეა“, - აცხადებს ადვოკატი.
პოლიციელი შოთა ჭიპაშვილი, რომლის შეურაცხყოფასაც ალეკო ელისაშვილს ედავებიან, დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
ფიზიკურ ძალადობაში ალეკო ელისაშვილიცაა დადანაშაულებული. მანდატურმა გიორგი რიჟამაძემ სასამართლოში თქვა, რომ იმ დროს როცა ელისაშვილის შეჩერებას ცდილობდა „პოლიტიკოსმა უკბინა, ხორცები ჰქონდა ამოკბეჩილი“.
ალეკო ელისაშვილი უკვე მსჯავრდებულია. ეს ნიშნავს, რომ სასამართლოში ახალ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საჭიროება არ დგას. საქმის არსებითი განხილვა მაქსიმუმ 60 დღეში დაიწყება.
ადვოკატი ამბობს, რომ ელისაშვილს ღიმილს გვრის საქმის წარმოების ფორმალური ხასიათი. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ „იმედი აქვს, როდესმე რეალური სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება მოუწევთ და ენერგიას, დროსა და რესურსს აბსურდის ძიებაში აღარ გაფლანგავენ“.

7 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·