დღეს, 30 ივნისს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზენტაცია – „ელექტრუნული რეფორმა-მეტი სახალხოობისა და შიდა დემოკრატიისთვის – გამართა.
ენმ-ს განცხადებით, ეს არის პარტიის ორგანიზაციული განვითარების ახალი კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული, ვერტიკალური პარტიული სტრუქტურის გარდაქმნას თანამედროვე, ციფრულ და მოქალაქეთა ფართო ჩართულობაზე დაფუძნებულ ქსელურ მოდელად.
როგორც ენმ-ში აცხადებენ, რეფორმის მთავარი მიზანია პარტიის გახსნა, გამჭვირვალობის ზრდა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში წევრებისა და მხარდამჭერების უფრო აქტიური მონაწილეობა.
„კონცეფცია ეფუძნება ოთხ ძირითად მიმართულებას:
1. დელიბერაციული დემოკრატიის გაძლიერება
იქმნება მოქალაქეთა ასამბლეებისა და რეგიონული სათათბირო ჯგუფების სისტემა, სადაც პარტიული სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობენ როგორც წევრები, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები.
2. ციფრული პარტიის პლატფორმა
ინერგება ერთიანი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შიდა არჩევნებს, პრაიმერის პროცესებსა და წევრთა ჩართულობას გამჭვირვალე და დაცულ ონლაინ გარემოში.
3. ფინანსური გამჭვირვალობა და მიკრო-დონაციები
პარტია გადადის მცირე, რეგულარული შენატანების მოდელზე, რაც ამცირებს მსხვილი ფინანსური გავლენების რისკს და ზრდის ანგარიშვალდებულებას.
4. მონაცემებზე დაფუძნებული კომუნიკაცია
ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით პარტია ახდენს მოქალაქეთა რეალური პრობლემების იდენტიფიცირებას და მიზნობრივ პოლიტიკურ კომუნიკაციას.
პირველ ეტაპზე რეფორმა გულისხმობს მოხალისეობრივი ქსელის გაფართოებას, ციფრული დავალებების სისტემის დანერგვას და რეგიონული ავტონომიური ჰაბების შექმნას, რომლებიც იმუშავებენ დეცენტრალიზებული, მაგრამ კოორდინირებული მოდელით.
ეს კონცეფცია მიზნად ისახავს პარტიის გარდაქმნას უფრო მოქნილ, თანამედროვე და მოქალაქეებთან უშუალოდ დაკავშირებულ პოლიტიკურ პლატფორმად“, – აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
ახალი კონცეფცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა: ირაკლი ფავლენიშვილმა, ანა წითლიძემ და ლევან სანიკიძემ წარადგინეს. პრეზენტაციას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

5 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·