თურნავას 1,6 მლნ ლარის სესხი აქვს აღებული “ქართუსგან”

1 hour ago 3

30.06.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და საბჭოს თავმჯდომარემ, ნათია თურნავამ თანამდებობის პირის ახალი ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა. დოკუმენტი დეტალურად ასახავს როგორც მისი, ისე მისი მეუღლის, დავით ვეშაპიძის ფინანსურ მდგომარეობას, უძრავ-მოძრავ ქონებასა და 2025 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებსა თუ გასავლებს

როგორც ირკვევა, თურნავას სოლიდური სესხი (დაახლოებით 1,6 მილიონი ლარის) აქვს აღებული “ქართუ ბანკისგან”, ხოლო თავის დანაზოგს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნაღდი ფულის (ქეშის) სახით ინახავს დაცულ სეიფში.

შემოსავლები

  • გასულ წელს ნათია თურნავამ ეროვნულ ბანკში დაკავებულ თანამდებობაზე ხელფასის სახით 392,689.66 ლარი მიიღო. ეს თანხა 12 თვეზე რომ გავყოთ, მისი ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ 32 724 ლარი გამოდის. 
  • მისმა მეუღლემ, დავით ვეშაპიძემ, რომელიც სს “რუსთავის აზოტის” მრჩევლის პოზიციას იკავებს, წლიური ანაზღაურების სახით 56,521.2 ლარი აიღო.

ნაღდი ფული

დეკლარაციის მიხედვით, ოჯახი სოლიდურ თანხას ინახავს ნაღდი ფულის სახით. ის ფულს ქეშად არა სახლში, არამედ ინდივიდუალურ საბანკო სეიფებში ინახავს. თურნავას მითითებული არ აქვს რომელი ბანკის სეიფს იყენებს ამისათვის.

  • ნათია თურნავას საბანკო სეიფში განთავსებული აქვს 321,000 აშშ დოლარი და 35,000 ევრო.
  • დავით ვეშაპიძე საბანკო სეიფში 105,000 აშშ დოლარსა და 10,000 ლარს ინახავს.

ჯამში, თურნავას ოჯახი საბანკო სეიფებში 2026 წლის 29 ივნისის კურსით 1 242 900 ლარს ინახავს.

ინდივიდუალური სეიფით სარგებლობა ფასიანი სერვისია და ბანკისთვის ყოველთვიური ან წლიური იჯარის საფასურის გადახდას მოითხოვს.

გარდა ამისა, დავით ვეშაპიძეს “საქართველოს ბანკის” ანაბარზე 40,000 ევრო აქვს.

უძრავი და მოძრავი ქონება

  • ნათია თურნავას საკუთრებაშია ბინები თბილისსა (ი. ჭავჭავაძის გამზირი) და ბათუმში (კობალაძის ქუჩა).
  • ის ასევე ფლობს მიწის ნაკვეთს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში.
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ბაკურიანში, ნათია თურნავა ფლობს მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლსა და ავტოფარეხს.
  • დავით ვეშაპიძის სახელზე რეგისტრირებულია რამდენიმე მიწის ნაკვეთი საჩხერესა და ლაგოდეხში, ასევე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართი თბილისში, ზემო ვაკეში.
  • დეკლარაციაში ასევე ფიქსირდება ახალი ავტომობილი: 2025 წლის 8 ივლისს დავით ვეშაპიძემ აუქციონზე 54 00ო აშშ დოლარად მსუბუქი ავტომანქანა LEXUS RX500H შეიძინა.

ხარჯები

  • 2025 წელს ოჯახს მნიშვნელოვანი ფინანსური გასავლები ჰქონდა:
  • შვილზე განხორციელებულმა გადარიცხვებმა 120 000 ლარი შეადგინა.
  • მშენებლობა-რემონტზე ნათია თურნავამ 130 000 ლარი გაიღო.
  • მშენებლობა-რემონტზე დამატებით 90 000 ლარი დახარჯა მისმა მეუღლემაც.
  • ახლო ნათესავების მკურნალობასა და დახმარებაზე ოჯახმა 60 000 ლარი დახარჯა.
  • საქველმოქმედო მიზნით გაწეულმა ხარჯმა 50,000 ლარი შეადგინა.
  • ნათია თურნავას მოგზაურობა 25 500 ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება 17 500 ლარი დაუჯდა.
  • ქონების გადასახადის სახით გადახდილია 12 365 ლარი.

სესხები “ქართუ ბანკიდან”

2025 წლის დასაწყისსა და შუა პერიოდში ნათია თურნავამ “ბანკი ქართუდან” რამდენიმე მსხვილი იპოთეკური სესხი აიღო, კერძოდ: 94,000 აშშ დოლარი, 67,400 აშშ დოლარი, 267,100 ევრო და 122,000 ევრო. ჯამში, „ბანკი ქართუდან“ აღებული სესხების საერთო მოცულობა 2026 წლის 29 ივნისის კურსით შეადგენს 1 601 283 ლარს.

სრულად წაკითხვა