ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვენ

4 months ago 40

ევროკავშირის წარმომადგენლები მოითხოვენ რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს.

დღეს, 14 აპრილს ლუქსემბურგში მიმდინარეობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა. მის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა „პუტინის ბარბაროსული ომის დანაშაული“ უწოდა უკრაინის ქალაქ სუმიზე თავდასხმას. მან ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთს სანქციების ახალი, მე-17 პაკეტით უპასუხონ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ახალი სანქციები უნდა შეეხოს რუსეთის თხევად ბუნებრივ გაზს, სახელმწიფო კორპორაცია „როსატომს“ და „ჩრდილოვან ფლოტს“. კიასტუტის ბუდრისის თქმით, აგრესიის შესაჩერებლად პუტინზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ლუქსემბურგში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლაა საჭირო, რათა მან ომი შეწყვიტოს.

13 აპრილს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი.

სრულად წაკითხვა