“საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს” – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც, უცხოეთიდან გრანტის მიღებას კობახიძის მთავრობის თანხმობა დასჭირდება.
კალასი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს.
დღეს საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს.
დაჩქარებულად და კონსულტაციების გარეშე მიღებული – ის ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის კიდევ ერთი დანამატია.
ეს ნაბიჯები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს”,- წერს კაია კალასი.
ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.