„დისკრიმინაციული და კონვეიერული სამართალი“ — შშმ დემონსტრანტს გზის გადაკეტვის საბაბით ასამართლებენ

2 days ago 2

სასამართლო განიხილავს პროტესტის აქტიური მონაწილის, დუტა ჯავახიშვილის საქმეს. დუტა ჯავახიშვილი შშმ პირია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება, რომ 7 თებერვალს გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდა.

არც სასამართლო და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც სახელმწიფოს სახე და წარმომადგენელი სასამართლოში, არ სვამენ კითხვას, რა აქვს გასაპროტესტებელი შშმ პირს, რატომ შეიძლება იდგეს ის ქუჩაში. „გამოხატვის თავისუფლების შინაარსში არ შემოვდივართ“, — აცხადებს უწყების წარმომადგენელი.

სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესის საგანია მხოლოდ ის, ხომ არ დაირღვა ბოლო თვეების მანძილზე თვიდან თვემდე მზარდად რეპრესიული რომელიმე რეგულაცია, რამაც პროტესტი უნდა შეზღუდოს. მოსამართლე კი საკითხს ასე სვამს — იაზრებდა კი დუტა ჯავახიშვილი, როგორც შშმ პირი, თავის ქმედებას?

საქმე მოსამართლე მანუჩარ ცაცუას აბარია. დუტა ჯავახიშვილის ინტერესებს  იცავენ ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლები, თამარ გაბოძე, სოფო მენაბდიშვილი და ანა არგანაშვილი.

„დისკრიმინაციული“, „კონვეიერული სამართალწარმოება“ — ასეთია ადვოკატების, შშმ პირთა უფლებადამცველების შეფასება სასამართლოსა და შსს-ს მიდგომებთან დაკავშირებით.

რას ეყრდნობა ადვოკატების შეფასებები და რა ხდება დუტა ჯავახიშვილის საქმეში

ჯავახიშვილი ამბობს, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც მას სამართალდარღვევას [გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას] ედავებიან, მოქალაქეებს რუპორის საშუალებით მოუწოდებდა, რომ გზიდან ტროტუარზე გადასულიყვნენ.

7 თებერვალი შაბათის ტრადიციული მარშებიდან ერთ-ერთი დღეა. შსს ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეთათვის უწყებას ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჰქონდა მითითება, რომ პარლამენტთან მოსვლისას, მარშის დასრულებისთანავე, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი და გადასულიყვნენ საფეხმავლო გზაზე პარლამენტის წინ.

„ნაწილი დარჩა სავალ ნაწილზე დაახლოებით 25 წუთის მანძილზე. მათ შორის იდენტიფიცირებულია დიმიტრი ჯავახიშვილი. ვითხოვთ მის სამართალდამრღვევად ცნობას“, — ამბობს შსს-ს იურისტი თინათინ კაჭკაჭიშვილი.

შსს დანამდვილებით ვერ და არ ამბობს, რამდენ ხანს იდგა დუტა ჯავახიშვილი გზაზე, რომელიც თავის მხრივ ვარაუდობს, რომ 5-7 წუთზე მეტხანს არ მდგარა. თუმცა შსს იმასაც პასუხობს ჯავახიშვილს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს და 10 წამითაც რომ მდგარიყო, მაინც სამართალდამრღვევი იქნებოდა.

დღეს, პირველ მაისს, სასამართლოში ექიმ-ფსიქიატრი დაიკითხა. შსს და სასამართლო შეთანხმდნენ, რომ ფსიქიატრმა უნდა დაადასტუროს, რაკი ის შშმ პირია, დუტა ჯავახიშვილს ხომ არ ჰქონდა „შეზღუდული შერაცხადობა“ [თინათინ კაჭკაჭიშვილის ფორმულირება] და აცნობიერებდა თუ არა,  რომ სამართალდარღვევას სჩადიოდა.

ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ცაცუამ დააკმაყოფილა იმ თვალსაზრისით, რომ ექიმის ჩვენების მიცემისას სხდომა დაიხურა, დუტას პერსონალური და სპეციფიკური მონაცემების გასაჯაროებისთვის თავის ასარიდებლად.

სასამართლოსთვისაც და შსს-სთვისაც გაუგებარი დარჩა, რატომ ითხოვდა დუტა ჯავახიშვილი, რომ მისი შეფასება მხოლოდ ექიმს არ მოეხდინა, რომელსაც მისი შერაცხადობის განსაზღვრის უფლებამოსილება საერთოდ არ აქვს [ადვოკატ ანა არგანაშვილის განმარტებით].

ადვოკატების წინააღმდეგობის მიუხედავად, ფსიქიატრის დასაკითხად დაბარებას დისკრიმინაციულად აფასებს ადვოკატი თამარ გაბოძე და რატომ:

„ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობა თავის თავში იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცას ვიაზრებ, არ ვიაზრებ ან ვერ ვიაზრებ. ეს ექსპერტების შესაფასებელია, თავისი სამართლებრივი პროცედურა აქვს, რაც გაწერილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში — როდის შეიძლება, რომ ექსპერტიზის დასკვნით შეფასდეს, ადამიანი იაზრებდა თუ არა კონკრეტული ქმედების შინაარსს. ამას სჭირდება სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და არა კონკრეტული მკურნალი ექიმის მოსაზრება. ეს არ არის მისი კომპეტენცია და მისი პროფილი. კონკრეტული დიაგნოზის ქონით ან მისი არქონით ამის განსაზღვრა შეუძლებელია“, — ამბობს ადვოკატი ნეტგაზეთთან და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებიდან მსგავსი პრაქტიკა უბრალოდ შორს არის და სისხლის სამართლის სფეროა. ეს ხდება სისხლის სამართლის დანაშაულების და არა სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში.

„მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსთვის ეს შეიძლება ბუნდოვნად ჟღერს, ამ ადამიანს აქვს პროფესია და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სოციალური და მისი მოქალაქეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე მოუსმინოს სასამართლომ ადამიანებს, ვისაც მასთან აქტიური შეხება აქვს“, – ამბობდა დუტას კიდევ ერთი ადვოკატი, სოფო მენაბდიშვილი. მაგრამ მოსამართლემ არ გაითვალისწინა შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე მრავალწლიანი გამოცდილების უფლებადამცველების არგუმენტები.

დუტა ჯავახიშვილი- იმ ფონზე, რომ შსს-მ ეჭვი შეიტანა მის შერაცხადობაში, პროტესტში გააზრებულად მონაწილეობაში- იძულებული გახდა სასამართლოში ემტკიცებინა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფიზიკურადაც და ინტელექტუალურადაც სრულად არის ჩართული. მოწმედ დასაკითხად წარედგინა ადამიანები, რომლებიც დაადასტურებდნენ არა მარტო იმას, რომ გზის სავალი ნაწილიდან  დემონსტრანტებს მოუწოდებდა, გზიდან გადასულიყვნენ, არამედ იმასაც, რომ პროტესტში თავიდანვე ჩართულია, მოძრაობა „საპროტესტო აუდიტორიის“ ფარგლებში აკეთებდა ინტერვიუებსა და გამოკითხვებს სხვადასხვა თემაზე [განათლება, ქალთა უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ევროინტეგრაცია და ა.შ.] და ეს ჩანაწერები საჯაროდ არის განთავსებული.

„გასაგებია, არ ვხდით სადავოს, ვხედავთ, რომ პროტესტში ჩართული ხართ“, — ამით შემოიფარგლა შსს-ს იურისტის პასუხი დუტას და მისი ადვოკატების არგუმენტებზე.

მოსამართლისთვის და შსს-ს იურისტისთვის ისიც არ აღმოჩნდა გასაგები, დუტას ადვოკატები რატომ სვამდნენ კითხვებს, რამდენად ითვალისწინებს სახელმწიფო დუტა ჯავახიშვილის, როგორც შშმ პირის საჭიროებებს და სპეციფიკას, თუნდაც მისი ინფორმირების და პროტესტში თავისუფლად მონაწილეობის თვალსაზრისით.

შსს-ს იურისტისთვის ადვოკატების „ნარატივი“ მიუღებელია და სხდომაზე აღელვებული ტონით ამტკიცებდა, რომ პროტესტის ორგანიზატორმა თუ არ გაითვალისწინა, „რა კატეგორიის ხალხი ჰყავდა“ პროტესტში, თავად  იგი და შსს ვერ გაითვალისწინებდნენ.

„რა უფლება დაერღვა დიმიტრის?“ — კითხულობს შსს-ს წარმომადგენელი კაჭკაჭიშვილი.

„თქვენ მითხარით, რომელმა კონკრეტულმა ადამიანმა ვერ გაიარა დიმიტრის რუსთაველზე ყოფნის გამო?“ — კითხვას უბრუნებს ადვოკატი თამარ გაბოძე.

კაჭკაჭიშვილს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, — „ჩვენი პოზიცია არის ასეთი, ჩვენ რომ კონკრეტული ქმედება სამართალდარღვევად დავაფიქსიროთ, არ გვჭირდება კონკრეტული პირის პრეტენზია“.

„ნორმად იქცა, რომ ქუჩაში პროტესტის გამო კონვეიერული პრინციპით ვასამართლებთ ადამიანებს. თითქოს დამნაშავეებს ვუსმენთ, რომელთაც ვიღაცის პირადი სივრცე დაარღვიეს და საკუთრებაში შეიჭრნენ. ვარკვევთ, ვინ, სად, რამდენი წუთითა და წამით გაჩერდა“, — ამბობს ადვოკატი თამარ გაბოძე.

სასამართლოში ადვოკატებმა თავის არგუმენტაციაში მოიყვანეს ასევე სახალხო დამცველის 29 აპრილის მიმართვა სააპელაციო სასამართლოსთვის სასამართლოს მეგობრის ზოგადი მოსაზრებით (Amicus Curiae),  რომელშიც ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ „ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი, გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტების, შეკრების მონაწილეთა რაოდენობის თუ მისი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არ აღწევს სერიოზულობის საკმარის ხარისხს“ საიმისოდ, რომ დემონსტრანტებს მშვიდობიანი შეკრების უფლება შეუზღუდო.

დუტა ჯავახიშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა 5 მაისს დაინიშნა.

სრულად წაკითხვა