კანის კინოფესტივალზე დემი მურის გამოჩენა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა გახდა. 63 წლის მსახიობი, რომელიც წელს ფესტივალის ჟიურის წევრია, წითელ ხალიჩაზე რამდენიმე განსხვავებული და ხმაურიანი ვიზუალით გამოჩნდა. ყურადღების ცენტრში მხოლოდ დემი მურის გარეგნობა არ მოქცეულა, განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა მსახიობის ჩაცმულობაც. კანის კინოფესტივალზე მისი გამოჩენა ელეგანტურ, თუმცა საკმაოდ თამამ და სხეულის ხაზებზე გამოკვეთილად მორგებულ კაბებში აქტიურად განიხილებოდა. ნაწილი მის სტილს კვლავ ჰოლივუდური გლამურის სიმბოლოდ აფასებდა, ნაწილი კი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რამდენად ძლიერად არის თანამედროვე წითელი ხალიჩის კულტურა დაკავშირებული ასაკის, სხეულის და ვიზუალური სრულყოფილების მუდმივ მოთხოვნასთან.

სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტიურად განიხილავენ მსახიობის მკვეთრად გამხდარ გარეგნობას, სახის ცვლილებებსა და შესაძლო ესთეტიკურ ჩარევებს. გავრცელებულ კომენტარებში ნაწილი დემი მურს “დაუბერებელ სილამაზედ” მოიხსენიებს, ნაწილი კი წერს, რომ ჰოლივუდში ახალგაზრდობის შენარჩუნების მუდმივი წნეხი უკვე საგანგაშო ფორმას იღებს.

დისკუსიის ნაწილი ე.წ. ჰოლივუდურ გამხდარობაზე გადავიდა, სოციალურ ქსელებში არაერთმა მომხმარებელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ვარსკვლავების ნაწილში პოპულარული გახდა წონის კლებისთვის განკუთვნილი პრეპარატების გამოყენება, თუმცა დემი მურს ამ თემაზე საჯაროდ არ უსაუბრია. პარალელურად, ისევ გააქტიურდა საუბარი პლასტიკურ ქირურგიასა და ასაკის წინააღმდეგ ბრძოლაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქალ ვარსკვლავებს ეხება.

სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ზედმეტმა ესთეტიკურმა ჩარევებმა და წონის სწრაფად კლებამ შესაძლოა ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს. ეს შეიძლება იყოს, ჰორმონალური და მეტაბოლური პრობლემები, კანის ხარისხის, ძვლოვანი მასისა და ემოციური მდგომარეობის ცვლილებები. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა დისკუსია იმაზე, სად გადის ზღვარი თავის მოვლასა და მუდმივ თვითტრანსფორმაციას შორის.

დემი მურის შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მკაცრია ასაკთან დაკავშირებული სტანდარტები ჰოლივუდში. მსახიობის ყოველი გამოჩენა ავტომატურად იქცევა შეფასების საგნად – იქნება ეს მისი კანი, წონა, სახის მიმიკა თუ გარეგნობის ცვლილება. ამ ფონზე, სოციალური ქსელები არა მხოლოდ აღფრთოვანების, არამედ მუდმივი დაკვირვებისა და კრიტიკის სივრცედაც იქცა.
საინტერესოა, რომ თავად დემი მური ბოლო პერიოდში არაერთ ინტერვიუში საუბრობდა ასაკის მიღებაზე და ამბობდა, რომ დაბერება მისთვის “ბუნებრივი პროცესია”, თუმცა ონლაინ სივრცეში მის ირგვლივ მიმდინარე დისკუსია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოება ქალების ასაკს და გარეგნობას კვლავ განსაკუთრებით მკაცრი მზერით აკვირდება.
ტექსტი: ისაბელ მოდებაძე

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·