#OK! 2026 წლის ზაფხულის ყველაზე განხილული ვარსკვლავური ქორწილები საქართველოში

1 hour ago 3

2026 წლის ზაფხული საქართველოში არაერთი გახმაურებული ქორწილით გამოირჩეოდა. გრანდიოზული ცერემონიები, გამორჩეული საქორწინო ლუქები, ისტორიული და ეგზოტიკური ლოკაციები, ცნობილი სტუმრები და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული კადრები – სწორედ ამ დეტალებმა აქცია ეს ქორწილები საზოგადოების განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად. იტალიის კომოს ტბიდან და სანტორინიდან დაწყებული, ბათუმით, შატო მუხრანითა და თბილისით დასრულებული, ბოლო თვეების განმავლობაში არაერთმა ცნობილმა წყვილმა დაუკავშირა ერთმანეთს ცხოვრება.

წარმოგიდგენთ ბოლო პერიოდის ყველაზე განხილულ ქორწილებს, რომლებმაც განსაკუთრებული ინტერესი და დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

შორენა ბეგაშვილი და მამუკა ურუშაძე

მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს, იტალიაში, კომოს ტბის სანაპიროზე იქორწინა. საქორწინო ცერემონია ისტორიულ Villa Balbiano-ში გაიმართა, რომელიც კომოს ტბის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მდიდრულ ვილად მიიჩნევა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო შორენას თვლებით გაფორმებულმა საქორწინო კაბამ, რომელიც ალბანელი დიზაინერის, ფჯოლა ნილას (Fjolla Nila) Haute Couture-ის ბრენდის ნამუშევარია. მოდელს Frost ჰქვია, რაც „მოყინულს“ ან „მოვერცხლილს“ ნიშნავს, ხოლო მისი ღირებულება €2,800-ია.

Fjolla Nila მაღალი მოდის ბრენდია, რომლის დიზაინსაც ხშირად ირჩევენ საერთაშორისო ვარსკვლავები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები კანის კინოფესტივალისთვის, მუსიკალური დაჯილდოებებისა და სხვა პრესტიჟული ღონისძიებებისთვის.

მამუკა ურუშაძე კლასიკურ შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ წყვილმა სწორედ შორენა ბეგაშვილის დაბადების დღეს იქორწინა, ხოლო ხელი ბიზნესმენმა მას მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს, სთხოვა.

სალომე თარგამაძე და გიგა პაპუნაიშვილი

18 ივლისს ბათუმში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, კახა თარგამაძის ქალიშვილის, სალომე თარგამაძის, და ბიზნესმენ ედნარ პაპუნაიშვილის ვაჟის, გიგა პაპუნაიშვილის, გრანდიოზული ქორწილი გაიმართა, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიპყრო.

წყვილმა ჯვარი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაიწერა, სადაც ჯვრისწერის საიდუმლო დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღასრულა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ნეფის მეჯვარემაც – გიგა პაპუნაიშვილის ახლო მეგობარმა, ბერა ივანიშვილმა.

საზეიმო ცერემონიას ქართული შოუბიზნესისა და მოდის სფეროს არაერთი ცნობილი სახე დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ ირინა ონაშვილი, ლალი ტოტიკაშვილი და მადონა კოიძე.

ქორწილის მუსიკალური ნაწილი განსაკუთრებული მასშტაბით გამოირჩეოდა – სტუმრების წინაშე წარდგნენ ლეგენდარული იტალიური პოპჯგუფი Ricchi e Poveri, მომღერალი თამარ გვერდწითელი და სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“.

დავით ნინიაშვილი და ლინდა ინაშვილი

23 ივლისს ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი და მოდელი ლინდა ინაშვილი დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი ქართული ტრადიციებით შთაგონებულ ცერემონიაზე დაიწერა.

საქორწინო ცერემონიაზე დავით ნინიაშვილი ქართული ჩოხით გამოჩნდა, ხოლო ლინდა ინაშვილს, რომელიც სააგენტო Looks Model Management-ის მოდელია, ეცვა წელზე გამოყვანილი, მაქმანებით გაფორმებული საქორწინო კაბა. წყვილის კლასიკურმა და ტრადიციულმა საქორწინო ლუქმა სოციალურ ქსელში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ელენე საბაშვილი და გიორგი მიქაძე

ევროპაში მოღვაწე ოპერის მომღერალი ელენე საბაშვილი და ამერიკაში მოღვაწე კომპოზიტორი, პიანისტი და ჯაზმენი გიორგი მიქაძე დაქორწინდნენ. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, საქორწინო წვეულება კი შატო მუხრანში გაიმართა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის საქორწინო ლუქმა. ელენე საბაშვილმა ტრადიციულ თეთრ კაბაზე უარი თქვა და კრემისფერი, ვინტაჟური ელემენტებით გაფორმებული კაბა მოირგო, რომელმაც სოციალურ ქსელებში არაერთი დადებითი შეფასება დაიმსახურა.

ქორწილის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ცეკვა გახდა. ოპერის მომღერალმა და სტუმრად მყოფმა „სუხიშვილების“ მოცეკვავემ, მარიამ მათიაშვილმა, აჭარული შეასრულეს, რომელმაც სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია. ნომრის ამსახველი ვიდეო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თინა შალიკაშვილი და გიორგი სიგუა

1 ივლისს ვიზაჟისტი თინა შალიკაშვილი და გიორგი სიგუა დაქორწინდნენ. წყვილმა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე აღნიშნა, სადაც ზღვისა და თეთრი არქიტექტურის ფონზე გამართული ცერემონია საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

ქორწილს წინ უძღოდა ოფიციალური ხელის მოწერის ცერემონია და თინა შალიკაშვილის მეგობრებთან ერთად გამართული გოგონების წვეულება (Bachelorette Party), რომლის კადრებმაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

1 ივლისს გამართული საქორწინო ცერემონიიდან გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები მალევე ვირუსულად გავრცელდა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თინა შალიკაშვილის საქორწინო იმიჯმა, რომელიც სანტორინის პეიზაჟებსა და ცერემონიის დახვეწილ დეკორს იდეალურად ერწყმოდა.

ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი

19 ივლისს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრმა რატი ანდრონიკაშვილმა და მოდელმა და არქიტექტორმა ელენე შელიამ ხელი მოაწერეს. ცერემონია ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში, სადა და ელეგანტურ ატმოსფეროში გაიმართა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის იმიჯმა. ელენე შელიას ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ქართული ბრენდის Meraki-ს გრძელი თეთრი კაბა ეცვა, რომელიც კლასიკურ ვარცხნილობასთან ერთად დახვეწილ და მინიმალისტურ ლუქს ქმნიდა.

წყვილმა ტრადიციულ საქორწილო ტორტზე უარი თქვა და სტუმრებს სიმბოლურად ელარჯი გაუმასპინძლდა, რამაც ცერემონიას გამორჩეული ქართული ელფერი შესძინა.

სრულად წაკითხვა