#OK! სიტყვით ნათქვამი ცხოვრება! გიზო თავაძე პოეზიასა და საკუთარ თავზე

1 hour ago 3

პოეზია გიზო თავაძისთვის მხოლოდ ლექსების წერა არ არის, ეს მისი ცხოვრების წესია. პოეტმა OK!- ქუთაისთან გულწრფელად ისაუბრა იმ გზაზე, რომელმაც პოეზიამდე მიიყვანა, შემოქმედების წყაროებზე, თანამედროვე ლიტერატურის გამოწვევებსა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც მის ცხოვრებასა და შემოქმედებას აერთიანებს.

როდის მიხვდით პირველად, რომ სიტყვა თქვენი გამოხატვის მთავარი ფორმაა?

ძალიან ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩემს ლექსებს ტაშს უკრავდნენ არა მხოლოდ ჩემი ტოლები, არამედ უფროსი თაობის წარმომადგენლებიც. ძალიან დიდხანს ველოდებოდი იმას, რომ მეთქვა – პოეტი ვარ. როცა პირველი წიგნი, პირველი ლექსების კრებული გამოვიდა, დავრწმუნდი, რომ პოეტი გახლდით.

თქვენი ლექსი ემოციიდან მოდის თუ ფიქრიდან?

ლექსი, პოეზიისგან განსხვავებით, უფრო ემოციაზეა დაშენებული, წამიერად იბადება ნატურალური, ნედლი სტრიქონი… რადგან პროზასაც ვწერ და რამდენიმე სპექტაკლიც დაიდგა მესხიშვილის თეატრში, კარგად ვიცი, თუ როგორი ძალისხმევით იწერება  მოთხრობა, ნოველა. ლექსი სად ამოგიფრინდება და სად გაგიტაცებს, არ იცი, თუმცა ფიქრი და ღრმა აზროვნება პოეზიისთვისაც აუცილებელია.

რამდენად არის თქვენი პოეზია თქვენი პირადი ცხოვრების ანარეკლი?

ვინც მე მიცნობს, იცის, რომ არასოდეს ჩამიდენია არაკეთილსინდისიერი საქციელი. პირიქით, ჩემთვის მთავარია სიკეთე, ზნეობა, სიწრფელე და სიყვარული; ჩემს შემოქმედებასა და ცხოვრებას შორის სრული მსგავსებაა. ერთმა მწერალმა დაწერა კიდეც: გიზო თავაძე ისე ცხოვრობს, როგორც წერსო და ისე წერს, როგორც ცხოვრობსო.

არსებობს თუ არა ლექსი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებულია და რატომ?

ასეთია აკაკის „განთიადი“, რომელიც მწვერვალია და ეძღვნება სამშობლოსათვის შეწირულ დიმიტრი ყიფიანს. სხვა ლექსებიც არის ჩემთვის გამორჩეული…

როგორ ფიქრობთ, დღეს პოეზიას რა როლი აქვს საზოგადოებაში?

ძალიან მეეჭვება, რომ პოეზიას რაიმე გავლენა ჰქონდეს დღეს საზოგადოებაში, რადგან ძალიან ცოტა კითხულობს. სამწუხაროდ, ნამდვილი პოეზია მივიწყებას ეძლევა და ასპარეზზე გამოდის ანტი პოეზია, ყალბი და უშინაარსო, თან ისეთი მდარე, რომ წაიკითხო ცუდად გაგხდის და მოზარდებს გემოვნებას უქვეითებს.

როგორია გიზო თავაძე პოეზიის მიღმა, ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ამას სხვები უფრო იტყვიან. მე ვარ მოხეტიალე რომანტიკოსი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ, დაუსრულებლად მოგზაურობს საქართველოს მთებში და ეფერება სამშობლოს, ასევე მოქალაქეებს, რომლებთანაც ხშირად პურობს და ტრაპეზობს.

ტექსტი: მარიშა ანთაძე

ფოტო: პირადი არქივი

სრულად წაკითხვა