“დაუყოვნებლივ შეჩერდეს კანონის “შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ” 2026 წლის 1 იანვიდან აღსრულება და გამოცხადდეს მორატორიუმი!” – შორენა ლობჟანიძე

9 hours ago 5

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე „შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ“ კანონის 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებაში სერიოზულ პრობლემებს ხედავს, შესაბამის განმარტებებს აკეთებს და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ კანონის ამოქმედება გარკვეული პერიოდით გადავადდეს:

2025 წელს საქართველოში მიიღეს „შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ“ კანონი, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში და შინაარსობრივად ვერ პასუხობს იმ მწვავე პრობლემებს, რომელთა მოგვარების აუცილებლობაც თავად სახელმწიფომ წლების განმავლობაში აღიარა.

სამწუხაროდ, კანონი ქმნის პასუხისმგებლობის ილუზიას, თუმცა რეალურად არ აყალიბებს ცხოველთა დაცვის ეფექტიან სისტემას და განსაკუთრებით უგულებელყოფს მიუსაფარი ცხოველების რეალურ მდგომარეობას. განსაკუთრებით საყურადღებოა მიკედლების გარეშე მყოფი მიუსაფარი ცხოველები, რომელთა ბედი სახელმწიფოს ხელშია და დიდი ალბათობით, 1 იანვრიდან დაიწყება მათი მასობრივი ხოცვა/გაქრობა.

კანონის მთავარი სისუსტე არის ის, რომ იგი თითქმის მთლიანად პატრონიან ცხოველებზეა სადამსჯელოდ კონცენტრირებული, მაშინ როდესაც საქართველოში ცხოველთა დაცვის მთავარი პრობლემა სწორედ მიუსაფარი ძაღლებისა და კატების ოდენობაა.

კანონმდებელი თითქოს თვალს ხუჭავს იმ რეალობაზე, რომ ათიათასობით ცხოველს არ ჰყავს მეპატრონე და მათზე პასუხისმგებელი პირი არ არსებობს სახელმწიფოს გარდა და ეს ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა.

კანონი ვერ სცემს პასუხს მთავარ კითხვას: ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ცხოველზე, რომელსაც არ ჰყავს პატრონი? ამ პასუხისმგებლობის არგანსაზღვრა ნიშნავს იმას, რომ მიუსაფარი ცხოველი იურიდიულად პრაქტიკულად „არ არსებობს“. შესაბამისად, 1 იანვრიდან მათი მასობრივი დახოცვა არ იქნება არამც თუ კონტროლირებადი, ვერავინ ვერავის მოსთხოვს პასუხს.

კანონში არ არის ერთნაირად განსაზღვრული პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების სამართლებრივი სტატუსი.

პატრონიანი ცხოველი რეგისტრირდება, იდენტიფიცირდება და მისი ბედი კონკრეტულ პირზეა მიბმული, ხოლო მიუსაფარი ცხოველი რჩება სამართლებრივ ვაკუუმში. ეს უთანასწორობა კანონში ქმნის საფრთხეს, რომ მიუსაფარი ცხოველები აღიქმებიან როგორც პრობლემა, რომლის „მართვაც“ შეიძლება ძალადობრივი ან ადმინისტრაციული გზებით, და არა როგორც ცოცხალი არსებები, რომელთა დაცვაც სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა!

განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ კანონი არ ადგენს მკაფიო და სავალდებულო სტანდარტებს მიუსაფარი ცხოველების მიმართ განხორციელებული ღონისძიებების ჰუმანურობის შესახებ.

არ არის დეტალურად გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს მათი დაჭერა, ტრანსპორტირება, დროებითი მოთავსება და მკურნალობა, ხოლო რაც უკვე არის გაწერილი არ ხდება მათი დეტალურად შესრულება, რადგან სახეზე გვაქვს იგივე უგზო-უკვლოდ გამქრალი მიკედლებული ცხოველები, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ მიმკედლებლები უშედეგოდ. ამით კანონმდებელი ტოვებს სივრცეს არაჰუმანური პრაქტიკისთვის, რაც საქართველოში უკვე არაერთხელ გვინახავს, მათ შორის ჯერ კიდევ ,,დებიუტიდან” მოყოლებული, სადაც არაადამიანური მეთოდებით ხდებოდა ცხოველების დაჩეხვა, წამება, თავის მოკვეთა და მკვლელობა.

აღსანიშნავია, რომ ,,დებიუტის” არც ერთი თანამშრომელი დღემდე არ არის პასუხისგებაში მიცემული განსაკუთრებული სისასტიკით ცხოველების დახოცვისათვის და არც იქ მომუშავე ადამიანების ფსიქოპორტრეტებია შესწავლილი, როგორც საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებების.

2025 წელს მიღებული კანონი ,,შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ” არ იცავს შინაურ ბინადარ ცხოველებს ძალადობისგან, არამედ მხოლოდ ფორმალურად კრძალავს მას.

კანონის კიდევ ერთი სერიოზული ხარვეზია ის, რომ იგი აწესებს ვალდებულებებს, ჯარიმებს და სანქციებს, თუმცა არ ქმნის შესაბამის ინფრასტრუქტურასა და ფინანსურ მექანიზმებს. იდენტიფიკაციისა და სტერილიზაციის მოთხოვნა ცარიელ სიტყვებად რჩება იქ, სადაც არ არსებობს საკმარისი ვეტერინარული კლინიკები, ზღვრული ფასები ვეტერინარულ კლინიკებში, სახელმწიფო პროგრამები და ხელმისაწვდომი სერვისები. როგორ მოიქცნენ რაიონებში ან მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელი მოქალაქეები, როცა მათ საერთოდ არ აქვთ წვდომა სერვისებზე? რა ბედი მიუსაფარ ცხოველებს? კანონის ძალაში შესვლამდე რატომ არ იარეს კარდაკარ, სოფელ-სოფელ მობილურმა ბრიგადებმა და რატომ არ მოახდინეს ადგილზე ცხოველთა სავალდებულო რეგისტრაცია-სტერილისაზია-კასტრაცია-ვაქცინირება?

რეალურად კანონი პასუხისმგებლობას აკისრებს მოქალაქეს, მაგრამ არ აძლევს მათ საშუალებას, ეს პასუხისმგებლობა შეასრულოს.

კანონი არ ითვალისწინებს იმ სოციალურ რეალობას, სადაც უამრავი ადამიანი ცხოველს უვლის საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების ზღვარზე, ხოლო მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ძირითადად მოხალისეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრებზეა გადატანილი. სახელმწიფო პასუხისმგებლობას დელეგირებს, მაგრამ თავად პასუხისმგებლობას არ იღებს და გაურბის მათ.

კრიტიკულად პრობლემურია ისიც, რომ კანონში პრაქტიკულად არ არის გაწერილი განათლებისა და პრევენციის პოლიტიკა. კანონმდებელი ირჩევს სადამსჯელო მიდგომას, ხოლო პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მეორეხარისხოვან საკითხად ტოვებს. შედეგად, კანონი ებრძვის შედეგს და არა მიზეზს, რაც არის ცხოველების მიტოვება, უკონტროლო გამრავლება და საზოგადოების დაბალი ცნობიერება.

განსაკუთრებული სიმწვავით დგას საკითხი იმ ცხოველების ბედთან დაკავშირებით, რომლებსაც არ ჰყავთ მიმკედლებლები. კანონი არ იძლევა გარანტიას, რომ ასეთი ცხოველები იქნებიან დაცულნი სიცოცხლის ხელყოფისგან, არაჰუმანური იზოლაციისგან ან უსისტემო „გაქრობისგან“.

არ არის განსაზღვრული გრძელვადიანი ზრუნვის მოდელი, თავშესაფრების ვალდებულებითი ქსელი, გაჩუქების პროგრამები, საეჭვო და ძალადობაში (იგივე ზოოფილიაში) მხილებულ მოქალაქეთა ერთიანი ბაზა ან მკაფიო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიუსაფარ ცხოველებს რეალურ დაცვას შესთავაზებდა და არა მხოლოდ ადმინისტრაციულ კონტროლს.

საბოლოოდ, „შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ“ კანონი ვერ პასუხობს საზოგადოების იმ მოლოდინს, რომ იგი გახდება ჰუმანურობის, პასუხისმგებლობისა და სახელმწიფო ვალდებულებების რეალური გამოხატულება. ამ კანონით სახელმწიფო თითქოს ამკაცრებს წესებს, მაგრამ სინამდვილეში გაურბის მთავარ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს შინაურ ბინადარ ცხოველთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის სისტემურ დაცვას.

არსებული სახით კანონი უფრო აკონტროლებს ადამიანებს და სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს მოქალაქეებს და სასიკვდილოდ იმეტებს მიუსაფარ ცხოველებს, ვიდრე იცავს მათ, და სწორედ ეს არის მისი მთავარი და ყველაზე მწვავე პრობლემა.

კიდევ ერთი სიღრმისეული პრობლემაა კანონში ტერმინების „პოპულაციის მართვის ცენტრი“ და „თავშესაფარი“ ერთმანეთში არევა. ეს იწვევს იურიდიულ ბუნდოვანებას და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ეფექტურ მონიტორინგს, რადგან სხვადასხვა უწყება სხვადასხვაგვარად ახორციელებს თავშესაფრებისა და ჰუმანური პროგრამების ფუნქციონირებას.

ასევე, გაუთვიცნობიერებელ მოქალაქეებში წარმოშობს და ბადებს ილუზია, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი, თუნდაც ასაკოვანი ან მიუსაფარი ცხოველის თავშესაფარში ჩაბარება, სადაც მათ ,,სამოთხე ელოდებათ”. რეალურად კი მოქალაქეებს ცხოველები მიჰყავთ იმ პოპულაციის მართვის ცენტრში ჩასაბარებლად, სადაც ცხოველს მხოლოდ რამდენიმე დღით აჩერებენ, ხოლო მერე ან უშვებენ ბუნებრივ არეალში ან კლავენ, რადგან საქართველოში არ არსებობს თავშესაფრები.

მოკლედ, კანონი არის ფორმალურად კარგი მცდელობა, თუმცა სტრუქტურულად მოუმწიფებელია, არეგულირებს საკითხებს ზედაპირულად, ტერმინოლოგიურად ბუნდოვანია და რეალურ, ყოველდღიურ პრაქტიკაში სერიოზულ დაბნეულობას იწვევს როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების, მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე.

მისი ძირითადი პრობლემები კავშირშია სამართლებრივი დეფინიციების ბუნდოვანებასთან, პასუხისმგებლობის არაზუსტ გადანაწილებასთან და ჰუმანური პრინციპების პრაქტიკაში არასრულად განხორციელებასთან, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის და სასიკვდილოდ იმეტებს ასეულობით იმ მიუსაფარ ცხოველს, რომელთა მიუსაფრად ქცევა ჩვენი, უპასუხისმგებლო მოქალაქეების და სახელმწიფოს ბრალეულობის შედეგია.

ცალკე პრობლემაა მიუსაფარი კატები, რომლებიც ზოგად კონტექსტში მოიხსენიებიან, როგორც შინაური ბინადარი ცხოველები, თუმცა რეალურად კატები არ არიან სამართლებრივად ცალკე დიფერენცირებული და ყველა ნორმა ერთნაირად მოითხოვს იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას, მიუხედავად იმისა, ყავთ თუ არა პატრონი, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის.

პირველ რიგში, მიუსაფარი კატები უმეტესწილად ცხოვრობენ ბუნებრივ არეალში მიმკედლებლის და პატრონის გარეშე. ისინი არ იმყოფებიან მეპატრონის კონტროლქვეშ და მათი იდენტიფიკაცია მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდება, თუ მათი გადაყვანა მოხდება თავშესაფარში ან ვეტერინარულ დაწესებულებაში. კანონი არ განსაზღვრავს ზუსტ ვალდებულებებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქუჩაში მცხოვრები კატების იტენტიფიკაცია? რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად მრავალი მიუსაფარი კატა რჩება არარეგისტრირებული.

მეორეც, მიუსაფარი კატების შემთხვევაში კანონი არ განსაზღვრავს კონკრეტულ მეთოდებს ან პრიორიტეტებს მათი ვაქცინაციასა და ჯანმრთელობის მონიტორინგზე.

მესამე, იურიდიულად გაუმართავი რჩება მიუსაფარი კატების სტატუსი. კანონი მათ ერთმნიშვნელოვნად არ აღიარებს „მიუსაფრად“ კატებად, არც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას მათი მართვისთვის, რაც ქმნის სამართლებრივ ხარვეზს, განსაკუთრებით თავშესაფრებსა და მუნიციპალიტეტებს შორის.

მოკლედ, კანონი თეორიულად ითხოვს იდენტიფიკაციას ყველა შინაური ბინადარისთვის, მაგრამ პრაქტიკაში მიუსაფარი კატები რჩებიან ჩარჩოებს მიღმა, რადგან მათი იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის მექანიზმები არ არის რეალურად ჩამოყალიბებული.

ყოველივედან გამომდინარე, მივმართავ უკლებლივ ყველა ცხოველთადამცველს, მოყვარულს, მიმკედლებელს და ვეტერინარს, რომ გაერთიანდნენ, ხმა აიმაღლონ შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ მიღებული მკვლელი კანონის წინააღმდეგ და მოვითხოვოთ „შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ კანონის“ აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფომ გადაავადოს კანონის აღსრულება მინიმუმ რამდენიმე წლით მანამ სანამ სახელმწიფო მობილური ბრიგადები არ მოივლიან ყველა რეგიონს, ყველა სოფელს და კარდაკარ არ ჩაატარებენ შინაური ბინადარი ცხოველების აღრიცხვიანობას, არ აღმოიფხვრება იურიდიული ბუნდოვანებები კანონში, არ გაიხსნება ყველა რეგიონში საერთაშორისო სტანდარტებით უზრუნველყოფილი რეალური თავშესაფრები, არ ამუშავდება სახელმწიფო პროგრამები, არ იქნება დაცული მიუკედლებელი მიუსაფარი ცხოველების ბედი… ხოლო შესაბამისმა დამოუკიდებელმა ორგანომ დაიწყოს კანონის მიმართ შესრულების, შესაბამისობის და პრაქტიკული ეფექტურობის სიღრმისეულ შესწავლა და ზედამხედველობა“, – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.

სრულად წაკითხვა