სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი პედოფილიისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, დუშეთში რაიონში მცხოვრები 45 წლის კაცი დააკავეს.
უწყების თანახმად, ბრალდებული ფეისბუკის ყალბი ანგარიშებით არასრულწლოვან ბავშვებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ არასრულწლოვანის სახელით, მათგან კი გაშიშვლებას და ვიდეოზარით დაკავშირებას მოითხოვდა.
"2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა', - ნათქვამია სპეცილაური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის საფუძველზე დაიწყო. ბრალდებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა.
"გაიშიფრაპედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის ტელეფონში ნახეს სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, "რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა".
გასული წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში პედოფილიის მსხვერპლი გახდა 115 არასრულწლოვანი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეს მონაცემი პროკურატურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.