“გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი” – ComCom-მა სტუდენტებისთვის ახალი კონკურსი გამოაცხადა

3 days ago 2

კომუნიკაციების კომისიამ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ანალიტიკური ნაშრომების კონკურსი „გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი“ გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ანალიტიკური ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგი საკითხებიდან ერთ-ერთზე: მედია და ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და შესაძლებლობები; ყალბი ინფორმაცია (დეზინფორმაცია, მისინფორმაცია); სიძულვილის ენა და ონლაინ დისკრიმინაცია: მედიაწიგნიერების როლი. კონკურსის გამარჯვებულს კომუნიკაციების კომისია 5000 ლარით, მეორე ადგილის მფლობელს – 3000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასულს – 1500 ლარით დააჯილდოვებს. ამასთან ერთად, გამარჯვებული ნაშრომები საერთაშორისო პლატფორმაზე გამოქვეყნდება, ხოლო საუკეთესო 10 ნაშრომის ავტორს კომუნიკაციების კომისია უახლესი პროფესიული ლიტერატურის კრებულს გადასცემს. გარდა ამისა, კონკურსში ჩართულობა გაზრდის აპლიკანტის შანსებს, მიიღოს სხვადასხვა სახის სტიპენდიები.

კონკურსანტებმა ანალიტიკურ ნაშრომზე მუშაობისას უნდა დაიცვან აკადემიური სტანდარტები და სტრუქტურა. ამასთან, ნაშრომი უნდა შეიცავდეს არგუმენტირებულ და ლოგიკურ მსჯელობას, საკვლევ საკითხზე ახალ ან განსხვავებულ პერსპექტივას და კვლევით და ანალიტიკურ სიღრმეს. ნაშრომი უნდა შედგებოდეს შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან: სათაური; შესავალი; თეორიული ნაწილი (ლიტერატურის მიმოხილვა, დისკუსია); მეთოდოლოგია; ანალიზი და მიგნებები; დასკვნა; გამოყენებული ლიტერატურა; დანართი (არსებობის შემთხვევაში).

წარმოსადგენი ნაშრომის გვერდების მოცულობა ბიბლიოგრაფიისა და დანართების გარეშე უნდა შეადგენდეს 7-14 გვერდს. ფონტი – Sylfaen; დასაშვები ფონტის ზომა – 11; მანძილი სტრიქონებს შორის – 1.15; ფორმატი – PDF; ენა – ქართული; ციტირების წესი – APA (American Psychological Association) / MLA (Modern Language Association) / Chicago/Turabian.

წესების მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული ნამუშევრები და პლაგიატი, ასევე, დაგვიანებული ნაშრომები არ მიიღება. ნაშრომში დაუშვებელია ავტორის სახელის და გვარის, სასწავლო დაწესებულების, აკადემიური საფეხურის, სწავლების მიმართულების ან სხვა სახის პირადი/საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა დაფიქსირდეს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმაში, ხოლო ატვირთული ნამუშევრის სახელწოდება უნდა მიეთითოს შემდეგნაირად: „საკონკურსო ნაშრომი – ავტორის სახელი, გვარი“.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმულის ყველა ველი და ატვირთეთ თქვენი ნაშრომი.

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე – [email protected].

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს

სრულად წაკითხვა