ბოჭორიშვილის არ მიწვევის შემდეგ საქართველო უარს ამბობს შავი ზღვის ქვეყნების საგარეო მინისტრების შეკრებაში მონაწილეობაზე

1 week ago 5

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მაკა ბოჭორიშვილი არ იქნება ლუქსემბურგში, შავი ზღვის ქვეყნების საგარეო მინისტრების შეკრებაზე. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, „საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი“.

„ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა, ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, ეს არის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მარტივი გეოგრაფიული რეალობის უარყოფის დემონსტრირება და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მოწვევის საკითხი გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამინისტროს ამ პასუხამდე რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოჭორიშვილი არ მიუწვევიათ შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით ევროკავშირის ორგანიზებულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე. მისივე ცნობით, ამ შეკრებაზე საქართველოს წარმომადგენლად მიიწვიეს ელჩი.

იოზვიაკი ამის მიზეზად ასახელებდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან კონტაქტების დაქვეითების შესახებ - „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ ნაბიჯებზე პასუხად ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გარდა მაღალი რანგის კონტაქტების შეწყვეტისა, დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ საპასუხოდ ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც განიხილავს.

ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კომისიამ რეკომენდაციები გასცა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა ბეატე გმინდერმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს 14 ივლისს გაუგზავნა წერილი.

წერილს თან ერთოდა რეკომენდაციების რვაპუნქტიანი სია.

  • „ქართული ოცნების“ მთავრობამ ზუსტად 31 აგვისტოს - დადგენილი ვადის ბოლო დღეს - წარუდგინა ევროკომისიას ანგარიში.
  • ხელისუფლება 55-გვერდიან პასუხში ამტკიცებს, რომ ის „მტკიცე ერთგულებას ავლენს ევროინტეგრაციისადმი“.
  • რადიო თავისუფლებას ბრიუსელში წყარომ კონფიდენციალურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ მიღებული პასუხები „დაუსაბუთებელია“ და სათანადოდ ვერ უპასუხებს ევროკომისიის შეშფოთებას.
სრულად წაკითხვა