ბოსნიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს „მიგრანტების უკანონოდ შეყვანის“ ბრალდებით

5 hours ago 3

ბოსნია-ჰერცეგოვინის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა ქვეყანაში „მიგრანტების კონტრაბანდის“ - მიგრანტების ქვეყანაში უკანონოდ შეყვანის/შეპარების - ბრალდებით.

რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, ისინი დააკავეს 15 ივლისს, ქვეყნის დასავლეთში, ხორვატიის საზღვართან, სასაზღვრო გამშვები პუნქტთის სიახლოვეს - უცხო ქვეყნების ხუთი მოქალაქის უკანონოდ შემოყვანისას.

პოლიციის განცხადებით, ამ ხუთიდან ერთი თურქეთის მოქალაქე იყო, ოთხს კი პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა, თუმცა განაცხადეს, რომ იყვნენ ბანგლადეშისა და პაკისტანის მოქალაქეები.

საზღვართან, ქალაქ ლივნოს მიდამოებში, პოლიციამ გააჩერა გერმანული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილი და სწორედ აქ აღმოაჩინა შვიდივე ადამიანი.

მედიის ცნობითვე, 13 ივლისს ბოსნიისა და ხორვატიის პოლიციამ განაცხადეს, რომ თურქეთის რესპუბლიკის შვიდი მოქალაქის უკანონოდ შემოყვანა აღკვეთეს.

რადიო თავისუფლების ამავე სამსახურის ცნობით, ბოსნია-ჰერცეგოვინის პროკურატურის მონაცემებით, ქვეყანაში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანაში ჩართულ პირთა შორის იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი.

მსგავსი ბრალდებით დაკავებულებს შორის არიან თურქეთის, ეგვიპტის, მოლდოვას, უკრაინის, ბულგარეთისა და ავღანეთის მოქალაქეები.

ბოსნია-ჰერცოგოვინის სისხლის სამართლის კოდექსი ამ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მაქსიმუმ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა