"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის 9 ათასამდე ბიტკოინის გადახდა დაეკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა მიიღო.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თეიმურაზ წიქვაძის განმარტებით, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. გადაწყვეტილების მიხედვით, თუ ბაჩიაშვილს არ აღმოაჩნდება ბიტკოინები, გადაწყვეტილების გამოტანისას მისი ფასის შესაბამისი ანაზღაურება უნდა მოხდეს ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაციით.
გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ბაჩიაშვილის ადვოკატს შვიდდღიანი ვადა აქვს. თუმცა, როგორც გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა სოფო ქურთაულმა განუმარტა მედიის წარმომადგენლებს გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას და მოსარჩელეს შეუძლია იძულებითი აღსრულების პროცედურა მოითხოვოს დაუყოვნებლივ.
„გიორგი ბაჩიაშვილის ქონებას სარჩელის შეტანამდე დაადეს ყადაღა და დაყადაღებულია არამარტო ბაჩიაშვილის, არამედ სხვა პირთა ქონებებიც, რომლებიც საქმეში არ ყოფილან ჩართულები. დღევანდელი გადაწყვეტილებით, კი სასამართლომ დაადგინა - დაუყოვნებლივ აღსრულების გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ბაჩიაშვილისა და სხვა პირთა ქონების რეალიზაციას".
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეუფარდა.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
გიორგი ბაჩიაშვილი საზღვარგარეთაა - ის 2 მარტს გაიქცა ქვეყნიდან. პროკურატურის ვერსიით, იგი ამისათვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა.
ბაჩიაშვილს კიდევ ორი ბრალდება აქვს:
- „საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო - მან 2 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვარი უნებართვოდ, მალულად გადაკვეთა, რის შემდეგაც გირაო პატიმრობით შეუცვალეს. თუმცა იგი დღემდე საზღვარგარეთაა;
- „მტკვარი ჰესის“ საქმეზე - ეს ეპიზოდი „კრიპტოვალუტების საქმეში“ თავიდანვე ფიგურირებდა, თუმცა ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს. ამ ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.