აღლუმის დროს მოსკოვში შესაძლოა ინტერნეტზე წვდომა შეზღუდონ

5 days ago 11

მოსკოვში "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიებების მიმდინარეობისას შესაძლოა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს. ეს ირკვევა საგანგებო სიტუაციების შეტყობინებისა და ლიკვიდაციის ერთიანი სახელმწიფო სისტემის (РСЧС) მიერ დაგზავნილი ცნობიდან.

მანამდე, სააგენტო ТАСС-მა გაავრცელა ინფორმაცია, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მობილური ინტერნეტის ხარვეზებით მუშაობის შესახებ. რამდენიმე მობილური ოპერატორის აბონენტები შეფერხებების თაობაზე ჩიოდნენ. ამავეს ადასტურებს Downdetector.-ის სერვერის მონაცემები.

კომპანია „ბილაინიდან“ ტასს განუცხადეს, რომ მოსკოვში მობილური კავშირი შესაძლოა წყვეტებით მუშაობდეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იგივე განაცხადეს კომპანია „მეგაფორშიც“. ოპერატორმა კომპანიებმა აბონენტებს ინტერნეტზე წვდომისთვის Wi-Fi-ს გამოყენება ურჩიეს.

რუსი ბლოგერები ხარვეზებს აკავშირებენ საზეიმო ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, განსაკუთრებით მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ აღლუმში მონაწილე ზოგი ქვეყნის მეთაურის ვიზიტთან. „აღლუმის უსაფრთხოებისთვის გადაწყდა მოქალაქეთა კომფორტის მსხვერპლად შეწირვა“ - წერს ტელეგრამის არხი "Незыгарь".

მანამდე მოსკოვის პოლიციამ გაფრთხილება გასცა სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დრონების და პიროტექნიკის გამოყენების შემთხვევაში 9 მაისისთვის მზადების ფონზე.

„დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის" 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მოსკოვში 20 -მდე უცხოურ დელეგაციას ელიან, მათ შორის ჩინეთის, ბრაზილიისა და კუბის ლიდერებს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ დაადასტურა, რომ რუსეთში ჩავა,რომელიც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უცხოელი ლიდერებისადმი მუქარაში ადანაშაულებდა, მისი სიტყვებიდან გამომდინარე, რომ უკრაინას არ შეუძლია რუსეთში ვიზიტით მყოფი უცხოელი ლიდერებისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უარყო პუტინის წინადადება 8-დან 10 მაისამდე სამდღიანი ზავის შესახებ და მას ცინიკურად უწოდა. იმაზე საუბრისას, რომ უკრაინას არ შეუძლია უცხოელი ლიდერების უსაფრთხოების გარანტირება, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ვერ აიღებს პასუხისმგებლობას რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც სხვადასხვა პროვოკაციაცაა შესაძლებელი. უკრაინის პრეზიდენტი არ დამუქრებია მოსკოვს საზეიმო ღონისძიებების მიმდინარებისას დრონებით თავდასხმებით.

ანექსირებულ სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ ორშაბათს განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, ქალაქში 9 მაისის აღლუმი არ ჩატარდება.

სრულად წაკითხვა