ანტალიაში გაიმართა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა

5 hours ago 4

14-15 მაისს ანტალიაში გაიმართა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა ალიანსის მოგერიებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ჰააგის სამიტისთვის მზადებაზე სამსჯელოდ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ თავდაცვითი ხარჯების ახალი ნიშნულის განსაზღვრა სამიტის მთავარ შედეგად უნდა იქცეს, ვინაიდან არსებული 2%-იანი მიზანი „თითქმის აღარ არის საკმარისი“.

„დაგვჭირდება უფრო დიდი ინვესტიცია ჩვენი ძირითადი სამხედრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე უფრო ფართო დამატებითი თავდაცვითი ინვესტიციები, ინფრასტრუქტურისა და მედეგობის უზრუნველყოფის ჩათვლით“ - განაცხადა რუტემ და აღნიშნა, რომ ამას აქვს როგორც ეკონომიკური, ისე სტრატეგიული მნიშვნელობა. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ საკმარის თანხას ვხარჯავდეთ მთელ ნატოში ჩვენი უსაფრთხოებისთვის“. რუტე თვლის, რომ ცვლილებები გადამწყვეტი იქნება ნატოს ახალი შესაძლებლობების მიზნების მისაღწევად და აგრესიის მოსაგერიებლად.

მარკ რუტემ შეაქო ნატოს წევრები ტვირთის სამართლიანად გაზიარების კუთხით მზარდი დაპირებების წარმოდგენისთვის, რითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ „სწორ გზაზე ვდგავართ“. „მოკავშირეთა უმრავლესობა ახლა მომართულია თავდაცვაზე მშპ-ს 2%-იანი ხარჯის თავდაპირველი მიზნის წელსვე მიღწევაზე და უკვე გამოაცხადეს ბევრად შორს მიმავალი გეგმები“.

გენერალურმა მდივანმა კვლავ დაადასტურა ნატოს გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისათვის, ხაზი გაუსვა ომის სამართლიანად და ხანგრძლივად შეწყვეტის ძალისხმევას - როგორც პრიორიტეტს ყველა მოკავშირისთვის. „მოგვარების თუ ვერმოგვარების პირობებში, ნათელია, რომ უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერა კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“.

ნატოს მორიგი სამიტი 2025 წლის 24-26 ივნისს ჰააგაში ჩატარდება. მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად არ იქნება მიწვეული ნატოს სამიტზე. გავრცელებული ცნობებით, ზელენსკის სამიტზე მიწვევას აშშ ეწინააღმდეგება. ნიდერლანდებს უდიდესი წვლილი შეაქვს ალიანსის თავდაცვაში.

სრულად წაკითხვა