თუ დედამიწის ზურგზე არსებობს ადგილი, სადაც მხოლოდ კეთილშობილი ადამიანები ცხოვრობენ, მათ შორის აუცილებლად უნდა მოიხსენიებოდეს ჩემი სოფელი #ლიხნი #აფხაზეთში, #გუდაუთის რაიონში.
განა კამათი და გაბუტვა არ იცოდნენ, მაგრამ არასდროს არც ერთ ოჯახს მეორე ოჯახის მიმართ შუღლი, მტრობა და ბოროტი განზრახვა არ ჰქონია.
ახლა უამრავი შემთხვევა რომ ხდება უნდობლობის, სულ დეტალურად ვიხსენებ ჩემს ბავშვობას, ყველას სახლში რომ უშიშრად შევდიოდით და ჩვენთანაც ნებისმიერი მეზობელი თამამად და შუბლგახსნილი შემოაღებდა ხოლმე კარს. განსაკუთრებით გვიხაროდა რომელიმე მათგანის გამოჩენა, როცა მშობლები სახლში არ იყვნენ (გვიან ასრულებდნენ სამსახურს). დაცულობის და უსაფრთხოების განცდა გვქონდა მათ დანახვაზე. პრინციპში, არც კი გვეშინოდა არაფრის, ზღაპრული სულების გარდა.
მოკლედ, საოცარი ადამიანები ცხოვრობდნენ ჩემს სოფელში. მე და ჩემს დას განსაკუთრებით გვიყვარდა კარლო ნათლია, ელდარი ძია, ორივე რეზო ნათლია, გივი ბიძია, ბუხუტა, ზაური ბიძია, ვარდენა ბიძია, ჟორია… ვერაფრით ჩამოვთვლი ახლა ყველას და ვეცდები, თითოეულ მათგანზე ცალკე მოვყვე – ისინი ამას იმსახურებენ.
და მთელ ლიხნში გამორჩეული იყო ბიძაჩემი ვალოდია, მამას უმცროსი ძმა.
კეთილშობილებამ რომ გადაწყვიტოს, მოდი ერთი, ადამიანად დავიბადებიო, ბიძაჩემ ვალოდიად დაიბადება, მაგრამ ეს არ მოხდება და ასე სიტყვაზე უნდა მენდოთ.
მთელი სოფლის დიდსა და პატარას ხომ უყვარდა, მაგრამ უნდა გენახათ, ყველა ოჯახის ოთხფეხა ბინადრები როგორი სიხარულით ხვდებოდნენ. ძაღლს რომ გაღიმება შეეძლო, ეგ პირველად ჩვენი ჯულბარსას დრუნჩზე დაკვირვებით აღმოვაჩინე – ბიძაჩემის დანახვაზე ცისოდენა ნეტარება გამოესახებოდა ხოლმე და იღიმოდა, თუ იცინოდა უხმოდ.
1992 წლის 14 აგვისტოს #რუსებმა #აფხაზეთში საომარი ქმედებები დაიწყეს.
#ომი დაიწყო და ჩვენი ბედნიერი ბავშვობაც დასრულდა. პრინციპში, არა მხოლოდ ბედნიერი ბავშვობა, არამედ მთელი შემდგომი გეგმები ბედნიერ ცხოვრებაზე…
ჩვენი სოფელი ამ ომის შუაგულში აღმოჩნდა.
#აფხაზი მეზობლები გვერდიდან არ გვშორდებოდნენ, მაგრამ იმ ჯალათმა ხომ იცოდა, რომ ასე იქნებოდა და ერთი სოფლის აფხაზ მოსახლეობას სხვა, უცხო სოფელში აგზავნიდა, რომ დაუნდობლად ეგვემა ქართველები, მოურიდებლად და სენტიმენტების გარეშე.
#აფხაზები მარტო არასდროს მოდიოდნენ ხოლმე „რეიდებზე“, #ჩეჩნები და #რუსი #ოკუპანტები ახლდათ მუდმივად. ჩამოივლიდნენ სოფელში, ზოგს სცემდნენ, ზოგს დაარბევდნენ, ზოგს დაამცირებდნენ. მოდიოდა ხმები #სექსუალური #ძალადობის შესახებაც. ჩვენ მაგ საშინელებას გადავრჩით, რადგან რამდენიმე აფხაზი მეზობელი ღამეს ჩვენს სახლში ათენებდა.
და ერთ დღეს ამ სადამსჯელო მიკროავტობუსში, რომლითაც კაცები „ჭკუის სასწავლებლად“ მიჰყავდათ ხოლმე, ჩვენი სამეზობლოს კაცები შეყარეს (კი, ზუსტად ასე, შეყარეს დაუნდობელი დამცირებით, უხეშად, #ავტომატების კონდახებს ურტყამდნენ და აგინებდნენ). ძალიან უნდოდათ კაცებს გაპროტესტება, მაგრამ ოჯახის წევრები დაინდეს, იცოდნენ, საფრთხის ქვეშ სწორედ ისინი აღმოჩნდებოდნენ.
მოკლედ, ამ ჯგუფში ბიძაჩემი ვალოდიაც მოყვა.
არ აღვწერ, როგორი იყო ის რამდენიმე საათი, სანამ ნაცემ-ნაგვემი კაცები დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ახლა ვცდილობ, გავიხსენო, რა დავინახე, როცა კარი გაიღო და ვალო (ასე ვეძახდით, დედმამიშვილებში ყველაზე უმცროსი იყო, ყველაზე მხიარული, უცოლო და ჩვენს ჭკუაზე დაგვყავდა სულ) შემოვიდა. არა, ვალო კი არა, მისი ორეული ან ჩრდილი, ან ნარჩენი.
ვერასდროს გავბედე, მეკითხა, რა გადაიტანა. არც იყო საჭირო. იმის მერე გულიანად არც გაუცინია, სმას მიეძალა და მისი კეთილი გული, რომელიც ყველას სიყვარულს იტევდა, გატყდა…
ვალოს არასდროს ქათამიც კი არ დაუკლავს, არ შეეძლო სისხლის დანახვა. #აფხაზეთიდან რომ აფხაზი მეზობლების დახმარებით გამოაღწია (ჩვენ უფრო ადრე გამოგვიყვანეს, ვალო და მამა ერთი თვის მერე ჩამოვიდნენ), ასე სამშვიდობოს გამოსული, #ომში გაიპარა.
ვუბრაზდებოდი, რომ სვამდა.
მეშინოდა, რომ მალე წავიდოდა ჩვენგან და სწორადაც მეშინოდა.
ახლა თითქმის იმდენი წლის ვარ, რამდენისაც ვალო იყო, როცა მისმა გულმა გადაწყვიტა, რომ უაფხაზეთოდ გაძლება აღარ შეეძლო.
ფიზიკურად ვეღარ დაბრუნდა, მაგრამ თუ მართლა არსებობს პარალელური სამყარო, იქ იქნება, #ლიხნში, ჩემს ბებია ნინასთან და ბაბუა ლადოსთან, სადმე ჩრდილში ზის, ერთი ხელით ჯულბარსას ეთამაშება, მეორე ხელით ფისოს (სახელს არ არქმევდა, ფისო იყო ფისო და მორჩა) ზურგს ფხანს – ასე ვხედავ სულ ბიძაჩემ ვალოს, როცა ძალიან მენატრება.
P. S. ფოტოზე ბიძაჩემია, მაგრამ ძაღლი და ფისოები AI-დახმარებით შეიქმნა.

3 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·