ადამიანი კალენდარი – დავით ქობალიას ფენომენი, რომლის ტვინშიც 200 000 კალენდარია თავმოყრილი

1 week ago 4

ვინ არის კაცი, რომლის
ტვინშიც 200 000
კალენდარია თავმოყრილი?
გთავაზობთ ინტერვიუს გასაოცარ ფენომენზე დავით ქობალიაზე, რომელიც მეხსიერებაში ათასობით კალენდარს იტევს. მას შეუძლია გითხრათ ასობით და ათასობით წლის წინ მომხდარი მოვლენა კვირის რომელ დღეს ემთხვევა.
დავით ქობალიას არ აქვს არავითარი მათემატიკური განათლება, მეტიც, მას მხოლოდ საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული და, როგორც თვითონ ამბობს, სკოლაშიც არ იყო წარჩინებული.
მისი მონათხრობი იმდენად არაორდინარული და უცნაურია, ზოგიერთმა, შეიძლება, არც დაიჯეროს, მაგრამ ფაქტია, დავითს შეუძლია გვითხრას, მაგალითად, 5015 წლის 27 მაისი კვირის რა დღე იქნება.
წაიკითხეთ ინტერვიუ და თქვენც ამ სასწაულის მომსწრე გახდებით.
_ ჩემს მეხსიერებაში 200 000 კალენდარია _ 100 000 ახალი სტილის და 100 000 ძველის სტილის.
ჯერ შემოვიდა მე-20 და 21-ე საუკუნის კალენდარი, 1901-დან 2010 წლამდე. პირველი კალენდარი რომ შემოვიდა, ოთხი წლის ვიყავი.
_ ვერ გავიგე, რას ჰქვია `შემოვიდა~?
_ რაღაც ხმამ მითხრა: ასეთი და ასეთი ინფორმაცია უნდა ჩაგიდო თავშიო.
_ რა ტიპის ხმა იყო?
_ ხმა არ მესმოდა, მაგრამ გონებაში, როგორც აზრი გაიელვებს, ისე მოძრაობდა ეს ინფორმაცია. პირველად რომ მითხრა, მაშინ ოთხი წლის ვიყავი და რა თქმა უნდა, ვერ აღვიქვი ყველაფერი. ამიტომ შემდეგ, უკვე რვა წლის ასაკში, კვლავ იგივე ინფორმაცია შემოიჭრა ჩემს ცნობიერებაში. ეს ჩემი ნებით არ ყოფილა, თავისთავად მოდიოდა აზრი და ვიღაც თვითონ მაძალებდა მიმექცია ამისთვის ყურადღება. როგორც მასწავლებელი გადმოსცემს ინფორმაციას, ისე მაძლეევდა `ის~ ცოდნას.
_ ეს `შემოსვლები~ რაიმე განსაკუთრებული ფიზიკური მდგომარეობის დროს ხომ არ ხდებოდა? მაგალითად, ან ავად ყოფნის დროს, ან ძილის ან ტემპერატურის მომატების მომენტში?..
_ არა, მისთვის განსაკუთრებულ მდგომარეობას არ ჰქონდა მნიშვნელობა. ის `მუშაობდა~ ჩემს ტვინზე, ოღონდ ჩემს ფხიზელ ტვინზე. ძილის დროს ასეთი რამ არასდროს მომხდარა.
რვა წლის ასაკში დიდი ინფორმაცია შემოვიდა და თუმცა მე მაშინ პატარა ვიყავი, ვხედავდი მეხსიერებაში ნაკადად როგორ შემოდიოდა დალაგებული კალენდრები.
_ ასეთი რამ რომ ხდებოდა, მშობლებს არ უთხარით?
_ დავაპირე თქმა, მაგრამ ხმამ მითხრა: ჯერ გაჩუმდი, ბოლომდე არ არის კალენდრები შემოსულიო.
მას მთლიანად შესწავლილი ვყავდი. იცოდა, როგორი ხასიათის ვიყავი, რა გონების და შესაძლებლობების ადამიანად გავიზრდებოდი.
კალენდრები ვისთვის უნდა მიეცა, ესეც დაგეგმილი ჰქონდა წინასწარ. ეს კი არა, რას როდის ვკითხავდი, ისიც იცოდა. მითხრა, ანუ ინფორმაციულად გამესაუბრა: მთელ დედამიწაზე ვეძებდი ადამიანს, ვისთვისაც ეს უნდა მიმეცა და ყველაზე მეტად შენი ბუნება და ხასიათი მომეწონაო.
_ როგორ ფიქრობთ, რა გაქვთ ისეთი, რის გამოც მხოლოდ თქვენ ამოგირჩიათ?
_ არ ვიცი, მეც მიკვირს. (ეცინება.)
_ დავით, თქვენი აზრით, ყოველივე ეს ღვთისგან არის?
_ კი, ასე ვფიქრობ. პატრიარქმაც მითხრა: ეს ღმერთისგან არისო. მეც მიკვირს, რატომ მომცა ღმერთმა კალენდრების ცოდნა.
გავაგრძელებ: ინფორმაცია შემოდიოდა დოზებით.
1978 წლიდან 1980 წლამდე ნელ-ნელა შემოდიოდა, რადგან ასაკით პატარა ვიყავი და გონება ბევრს ვერ დაიტევდა.
ერთხელ ჩემს თავს ვუთხარი: რას ავიჩემე ეს კალენდრები-მეთქი და ამის გაფიქრებისთანავე გავშეშდი, ნაბიჯიც ვერ გადავდგი.
_ მაშინ რამდენი წლის იყავით?
_ 17 წლის. მერე უკვე ერთბაშად შემოვიდა ხუთი კალენდარი, ამჯერად, ჯარიმად. (იცინის.)
სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი. თითქმის მუდამ კალენდარზე ვფიქრობდი. მასწავლებლები დედაჩემს იმასაც კი ეუბნებოდნენ სხვა სკოლაში გადაიყვანეთო.
უხილავი ხმა კი მეუბნებოდა: არა უშავს, გავა დრო, შენს შესახებ ყველა გაიგებს, გაზეთები შენზე დაწერენ და მაშინ ხომ მიხვდებიან მასწავლებლები, რომ თავის დროზე თვითონ ცდებოდნენო.
სკოლა გალში დავამთავრე. მერე აფხაზეთის მოვლენები რომ მოხდა, აქეთ წამოვედით, ხაშურში დავსახლდით. იქ დამთავრდა კალენდრების შემოსვლა. 1994 წელი იყო შემოსვლის ბოლო წელი. საბოლოო ჯამში, 16 წელიწადი გრძელდებოდა კალენდრების დალაგება ჩემს გონებაში.
_ რაიმე არხი, გზა თუ ჰქონდა თქვენს გონებაში ამ ინფორმაციის შემოსვლას?
_ ინფორმაცია მარჯვენა მხრიდან შემოდიოდა, ტვინის მარჯვენა მხარეს. მომცა კიდეც ინფორმაცია: მარჯვენა მხარე `შენი~ არის, აქედან შემოდის ცოდნაო.
მერე საკითხი ინფორმაციის გამჟღავნებაზე რომ მიდგა, უხილავმა ხმამ მითხრა: მოსაუბრეებს დაუკვირდი. ნახე, ვინ რას იტყვის და მერე შენც შეგიძლია შენი უთხრაო. ერთხელ ერთი ნაცნობი კალენდრის შესახებ ამბობდა რაღაცას. ის ადამიანი იმას რომ იტყოდა, ისიც იცოდა წინასწარ, როდის, რა მომენტში, ვისთან უნდა მეთქვა ამის შესახებ, ეს `იმან~ უკვე იცოდა წინასწარ. ამიტომ მითხრა, კარგად დაუკვირდი, ვინ რას იტყვის და ილაპარაკებსო.
მაშინ ვთქვი ხალხის წინაშე პირველად ჩემი ცოდნის შესახებ.
ჩემი `მასწავლებელი~ თვითონ `კურსებზე~ დადიოდა. ისიც ვიღაცას ეკითხებოდა, რა უნდა ეთქვა ჩემთვის.
_ თქვენ რა იცით, რომ ის სხვას ეკითხებოდა ამის შესახებ? ჰკითხეთ, ვინ იყო მისი `მასწავლებელი~?
_ არა, რადგან მე ვეკითხებოდი იმას. რასაც თვითონ შთამაგონებდა. ეს მას არ მოუწოდებია. საჭირო რომ ყოფილიყო, თვითონ გამიხსნიდა გონებას ისე, რომ ეს მეკითხა.
კალენდრების ბოლო შემოსვლისას მითხრა, რომ უნდა განვმარტოებულიყავი. საერთოდ, ინფორმაციას ყოველთვის მარტო მყოფს მაწვდიდა. ავედი სახლში. ვიცოდი, რომ, დაახლოებით, 2 საათს, არავინ მოვიდოდა. მაშინ შემოვიდა 199 800 კალენდარი. ორგანიზმში ყველანაირი ფუნქცია გამეთიშა და ორი საათის განმავლობაში ძეგლივიტ ვიდექი. შემოვიდა ეს კალენდრები და თანმიმდევრობით დალაგდა. მერე შეამოწმა, იყო თუ არა ყველაფერი წესრიგში. თუ იქნებოდა არასწორად შემოსული, რომ გაესწორებინა.
მაგალითად, 1582 წლის კალენდარი არასწორად შემოვიდა. პაპი გრიგოლ XIII-ის დროს კალენდარი ხომ შეიცვალა, ისიც ისე შემოვიდა. ის კალენდარი როგორც გადმოიწია 12 დღით, ისე არის ჩემს ტვინში დაფიქსირებული.
ინფორმაციების შემოტანა რომ დაამთავრა, ჩემმა `ლექტორმა~ მითხრა: მშვიდობით. შენი გზით იარეო.
_ ანუ ეს მოხდა, როგორც მითხარით 1996 წელს?
_ კი, მას შემდეგ კონტაქტი აღარ ყოფილა. თუმცა 2005-ში ისევ შემოვიდა, კალენდრები ფურცელზე რომ გადავიტანე, მაშინ.
200 000 კალენდარი შეივსო, ჩინური და ებრაული კალენდრებიც დამიმატა მერე, ანუ სულ 400 000 კალენდარი. მაგრამ შემდეგ თქვა, არ არის საჭირო ესენიო და თვითონვე `წაშალა~.
_ დავით, 3000 წლის 4 მაისი რა დღეა?
_ ოთხშაბათი (დაუფიქრებლად პასუხობს.)
15000 წლის 6 ნოემბერი იქნება ხუთშაბათი.
უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ისტორიის თარიღებშიც ბევრი შეცდომაა. მაგალითად, 1121 წლის 12 აგვისტო იყო პარასკევი. წიგნში ოთხშაბათი წერია. 1068 წლის 10 დეკემბერი იყო ოთხშაბათი და წიგნში შაბათია აღნიშნული.
მახსენდება, ერთხელ, მის ინფორმაციებს ყურადღება არ მივაქციე და მერე გამეხუმრა: სიმღერით მოგაწოდოო? მომისმინე კარგადო! და მერე თითქოს სიმღერითო, ისევ შემოუშვა კალენდრები.
_ ხმა გესმოდათ?
_ არა, ეს იყო შეგრძნება.
ალბათ, ბევრი არ დაიჯერებს ჩემს მონაყოლს, მაგრამ უნდა ვაღიარო, ასეთი მეც არაფერი გამიგონია. ხომ მხედავთ, მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ. არ ვიცი, რა მოხდა.
_ დავით, მექანიზმი შეგიძლიათ აგვიხსნათ, როგორ `იწერებოდა~ კალენდრები?
_ ჯერ შემოდიოდა კვირის დღეები, მერე რიცხვები, თავზე ეწერებოდა თვე. 12 თვის შემოსვლის შემდეგ დიდი ასოებით ის წელი, რომელი წლის კალენდარიც იყო ეს. გაგიკვირდებათ, მაგრამ აფხაზეთში ცხოვრებისას მეგრულად შემოდიოდა კალენდრები, აქეთ რომ გადმოვედი, ქართულად დაიწყო შემოსვლა.
P.შ. მისი პასუხები ძველი და ახალი წელთაღრიცხვის ნებისმიერი წლის და რიცხვის კვირის დღეზე წამიერად ხდება. დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რა დღე იყო პირველი ათასწლეულის ნებისმიერ თვესა და რიცხვში და კვირის რომელი დღე იქნება, მაგალითად, 4000 წლის 27 მაისი.
საინტერესოა, რომ დავით ქობალიას, შეიძლება ითქვას, მწირი მათემატიკური განათლება აქვს და შეუძლებელია, ის წამებში რაიმე სახის გათვლებს აკეთებდეს. მით უფრო, რომ ამ უნარით მას არასდროს ჰქონია რაიმე მერკანტილური ტიპის დაინტერესება. მას აქვს, უფრო სწორად, მიაწოდეს, ეს ცოდნა და უფალმა უწყის, როდის მისცემს მისი უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებისთვის გამოყენების საშუალებას.
მართლაც, შეუცნობელი არის, უფალო, გზანი შენნი.
რაც შეეხება დათო ქობალიას ფენომენის აღიარებას. მის შესახებ ცნობები ლონდონში, გინესის რეკორდების კომისიაში გაიგზავნა. აღმოჩნდა, რომ მაშინ გინესის კომისიას არ გააჩნდა კალენდრების განყოფილება.
2012 წელს დათო ქობალიას წერილი მიუღია გერმანიიდან. ქალაქ გესენში ყოველწლიური მსოფლიო გონებითი გამოთვლების ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი უცნაური ფენომენი 40 წლისაა. არ აქვს სამუშაო, არის აფხაზეთიდან დევნილი. უსახსრობის გამო არ შეუძლია თავისი უნიკალური ცოდნის შესახებ მსოფლიოს ამცნოს.
ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ დათო ქობალია ხაშურში წავიდა. საკუთარ მეურნეობას უნდა მიხედოს…
მას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 555 5214 70

ირანდა კალანდაძე, საერთო გაზეთი, 2015 წელი

სრულად წაკითხვა