ჯეინ ბირკინს არასოდეს უცდია მოდის წესების შექმნა ის უბრალოდ ცხოვრობდა ისე, როგორც მას უნდოდა. სწორედ ამ ბუნებრივობამ აქცია იგი მოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად. სანამ მისი სახელი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ჩანთას დაამშვენებდა, ბირკინის მოდური იდენტობა ერთი სრულიად უბრალო ნივთით იწყებოდა: დაწნული კალათით.
1960-70-იან წლებში, მაშინ როცა მოდის ინდუსტრია გლამურსა და იდეალურად დადგმულ იმიჯებზე იყო ორიენტირებული, ჯეინ ბირკინი ქუჩაში ბაზრის კალათით დადიოდა. პორტუგალიური დაწნული კალათა ლონდონის ბაზარში იპოვა და მას შემდეგ აღარ დაშორებია.
კალათა ყველაფერს იტევდა – გასაღებებს, მაკიაჟს, ჩანაწერებს, ჟურნალებს, ბაზრიდან ნაყიდ პროდუქტებს, ტკბილეულის ყუთებს და ზოგჯერ ბაგეტსაც. ის თან მიჰქონდა ყველგან: ყოველდღიურ სეირნობაზე, სტუდიაში, მოგზაურობაში და კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზეც კი.


ბირკინის ლუქები ყოველთვის მარტივი, თავისუფალი და დაუდევრად ელეგანტური იყო. გაცვეთილი ჯინსი, პატარა მაისურები, მამაკაცის პერანგები ან საღამოს ბრჭყვიალა კაბები – ყველაფერს ერთი საერთო დეტალი აერთიანებდა: კალათა. ხანდახან კალათის სახელურზე შარფს ახვევდა, რაც მის იმიჯს ინდივიდუალურობას მატებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯეინ ბირკინმა ცხოვრების დიდი ნაწილი პარიზში გაატარა, იგი წარმოშობით ბრიტანელი იყო. კარიერა მსახიობისა და მოდელის ამპლუაში დაიწყო „Swinging Sixties“-ის ეპოქაში და ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა Blow‑Up და Wonderwall.
1969 წელს, პიერ გრიმბლატის ფილმის Slogan-ის გადაღებებისას, ბირკინი სერჟ გენსბურს შეხვდა – შეხვედრა კი სიყვარულში გადაიზარდა. ჯეინი პარიზში გადავიდა მასთან საცხოვრებლად და სწორედ იქ დაიწყო მისი მუსიკალური კარიერაც. სიმღერა სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, თუმცა თავად გენსბური არა.
მათი ურთიერთობა რთული აღმოჩნდა: გენსბური მძიმე ხასიათითა და ზოგჯერ აგრესიული ქცევით იყო ცნობილი. 1980 წელს ჯეინმა მათი ქალიშვილი, შარლოტ გენსბური, წაიყვანა და მასთან ურთიერთობა დაასრულა. იმავე წელს გაიცნო რეჟისორი ჟაკ დუაიონი, რომელთანაც დაახლოებით 1996 წლამდე იყო.

მოდის ისტორიაში გავრცელებული ამბის მიხედვით, 1983 წლისთვის დუაიონი შეწუხებული იყო ჯეინის მიერ მუდმივად კალათის ტარებით და ერთ დღეს ჩანთას მანქანითაც კი გადაუარა. დრო ყველაზე ცუდად შეარჩია, იმავე დღეს ბირკინი პარიზიდან ლონდონში მიფრინავდა. კალათის გარეშე დარჩენილმა სხვა ჩანთა აიღო, რომელიც პარიზიდან ლონდონის რეისზე შემთხვევით გადმოიცალა. მის გვერდით მჯდომმა მამაკაცმა შენიშნა, რომ ჩანთას ორგანიზებისთვის ჯიბეები აკლდა. ბირკინმა კი ხუმრობით თქვა:
„რა ვქნა, როცა ჰერმესი ასეთ ჩანთას არ აკეთებს?“
მამაკაცმა უპასუხა:
„მე ჰერმესი ვარ.“
ის ჟან-ლუი დუმა აღმოჩნდა – Hermès-ის ხელმძღვანელი. ბირკინმა ხელსახოცზე დახატა იდეალური, პრაქტიკული ჩანთა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას მოერგებოდა. ერთი წლის შემდეგ, 1984-ში, დაიბადა Birkin Bag – მოდის ისტორიის ყველაზე სასურველი აქსესუარი. მიუხედავად იმისა, რომ Birkin-ის ჩანთა ფუფუნების უმაღლეს ნიშნად იქცა, ჯეინ ბირკინის ნამდვილი სტილის საიდუმლო ძვირადღირებულ ტყავში არ იმალებოდა. მისი მთავარი მესიჯი იყო თავისუფლება – ცხოვრება საკუთარი წესებით.



2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·