OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

5 hours ago 5

წარმატება არ არის მხოლოდ შედეგი, ის პროცესია, რომელიც ყოველდღიური არჩევანით, დისციპლინითა და სირთულეების გადალახვით იქმნება. თითოეული ისტორია, რომელსაც დღეს გიამბობთ, განსხვავებულია, თუმცა ამ ადამიანებს ერთი საერთო აქვთ – საკუთარი თავის რწმენა, რომ წინსვლა შესაძლებელია მაშინაც, როცა გზა ბუნდოვანია და შედეგი ჯერ კიდევ შორსაა. წარმატებისკენ მიმავალი გზა ხშირად სავსეა გამოწვევებით, პატარა თუ დიდი გამარჯვებებით და შეცდომებით, რის შემდეგაც გამარჯვებას სულ სხვა გემო, ელფერი და ფასი აქვს. ამ ადამიანების გზა გვიჩვენებს, რომ მიზანდასახულობა და შრომაა განვითარების ის საყრდენი, რომელზეც რეალური წარმატება შენდება.

დავით ხიზანიშვილი, Archifitness-ის მენეჯერი, ლექტორი და პერსონალური ქოუჩი:

ბავშვობიდანვე სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო – ვვარჯიშობდი კალათბურთსა და კრივში, რამაც ჩამომიყალიბა დისციპლინა, მიზანდასახულობა და ძლიერი ხასიათი. სწორედ ამ გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემი პროფესიული გზის განსაზღვრაში. ფიტნესის სფეროში კარიერა პერსონალურ მწვრთნელად დავიწყე და მალევე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე და მისია. წლების განმავლობაში მუდმივი შრომით, სწავლითა და საკუთარ თავზე მუშაობით შევძელი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების გავლა.

ამ სფეროში უკვე 10 წელზე მეტია ვსაქმიანობ. ამჟამად ჩართული ვარ Archifitness-ის მენეჯმენტში, ასევე ვმუშაობ ლექტორად – ვკითხულობ ლექციებს უნივერსიტეტებში, სკოლებსა და კომპანიებში ისეთ თემებზე, როგორიცაა სტრესის მართვა, კვებითი ბალანსი და სწორი ვარჯიშის პრინციპები.

ჩემი გზა არ ყოფილა მარტივი, თუმცა სწორედ სირთულეებმა და მუდმივმა განვითარებამ მომიყვანა დღევანდელ ეტაპამდე. ჩემი ხედვით, წარმატება არის გზა მარცხიდან მარცხამდე და შეუჩერებელი სვლა ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე. ეს არის პროცესი, სადაც ყოველი წარუმატებლობა გაძლიერებს და გაძლევს გამოცდილებას შემდეგი ნაბიჯისთვის. ვთვლი, რომ წარმატების საფუძველი არის დისციპლინა, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა. სწორედ ეს სამი ფაქტორი ქმნის სტაბილურობას და გეხმარება, რომ მიზნისკენ მოძრაობა არ შეწყვიტო, მიუხედავად სირთულეებისა.

იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს კარიერას, ვურჩევდი მუდმივ განვითარებას და საკუთარ თავზე მუშაობას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება, რომლებმაც უკვე მიაღწიეს კარიერულ წარმატებას – ეს გაძლევს სწორ ხედვას და მიმართულებას. პარალელურად კი აუცილებელია სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება, რადგან თანამედროვე სამყაროში განვითარება უწყვეტი პროცესია და სწორედ ეს ქმნის გრძელვადიან წარმატებას.

ნინო ბერიძე, ექიმი-კოსმეტოლოგი, ორი გოგონას დედა:

სილამაზის სფეროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება მაქვს. ვსწავლობდი, ვმუშაობდი, ვაგროვებდი გამოცდილებას და გავაცნობიერე, რომ ეს არა მხოლოდ ჩემი ინტერესი, არამედ ჩემი ძლიერი მხარე და პროფესიული მოწოდება იყო. ჩემი საქმიანობა ეფუძნება სამედიცინო ცოდნას, პროფესიონალიზმსა და მუდმივ განვითარებას, რადგან მჯერა, რომ ესთეტიკა მხოლოდ გარეგნობაზე ზრუნვა არაა. ეს არის შესაძლებლობა, ადამიანებს დაუბრუნო თავდაჯერება და შინაგანი სიმშვიდე, რაც მენტალურ ჯანმრთელობას განაპირობებს. სწორედ ამიტომ მიყვარს ჩემი პროფესია.

ამ პროცესში გავიგე, რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხი, ინდივიდუალური მიდგომა და გარემოს შექმნა. და ამის შემდეგ, შევქმენი ჩემი ესთეტიკის ცენტრი, რომელიც 5 წელია წარმატებით პოზიციონირებს, სულ ახალახან გავხსენით მეორე ფილიალიც. ყოველ პაციენტთან ინდივიდუალურად ვმუშაობ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ უსაფრთხოებას, ბუნებრივ შედეგებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანი საკუთარ სილამაზეს მანდობს. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ბედნიერი ვარ მაშინ, როცა პაციენტი კმაყოფილია შედეგით და ეს მას აბედნიერებს. ეს გრძნობა ყოველდღიურად მაძლევს მოტივაციას განვვითარდე, ვისწავლო და ჩემი ცოდნა სხვების კეთილდღეობად ვაქციო.

დღეს Aesthetic Ni & ji არის სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი და ზრუნვა ერთიანდება და ქმნის შედეგს, რომელიც ადამიანებს აბედნიერებს.

ღრმად მწამს, რომ წარმატება არ მოდის შემთხვევით, იგი ცოდნის, გამოცდილების, მოტივაციისა და გულწრფელი შრომის შედეგია.

ქალებს ვეტყოდი: დასაწყისი ყოველთვის რთულია. ზოგჯერ გვგონია, რომ არ ხართ მზად, რომ სხვები თქვენზე წინ არიან, ან რომ ჯერ კიდევ ბევრი გაკლიათ სასურველი მიზნისთვის. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ საუკეთესო დრო არ არსებობს, ამიტომ დაიწყეთ აქ და ახლა. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების. სწორედ შეცდომები გაძლევს ყველაზე დიდ გამოცდილებას და გაძლიერებს. ნუ შეადარებთ თავს სხვებს. ისწავლეთ ყოველდღე, იშრომეთ გულით და რაც მთავარია – გჯეროდეთ საკუთარი თავის მაშინაც კი, როცა სხვებს ჯერ არ სჯერათ.

ვიოლეტა აშიროვა, მეან-გინეკოლოგი, ესთეტიკური გინეკოლოგი, ექოსკოპისტი:

ექიმობა არ არის მარტო პროფესია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, მუდმივად მზადყოფნაში გიწევს ყოფნა სხვების დასახმარებლად. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, 18 წელია ამ სფეროში ვარ.

ჩემი პროფესიული გზა მრავალწლიან პრაქტიკას მოიცავს, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩემს მთავარ პროექტს, კლინიკა „ლავიტას“, სადაც ჯანმრთელობა და ესთეტიკური მედიცინა ორგანულად ერწყმის ერთმანეთს, სადაც ქალბატონებს ვთავაზობთ როგორც სრულ გინეკოლოგიურ მომსახურებას, ასევე დერმატოლოგიურ, კოსმეტოლოგიურ და აპარატულ პროცედურებს. საკუთარი კლინიკის მართვის პარალელურად ვაგრძელებ აქტიურ საექიმო პრაქტიკას სხვადასხვა წამყვან კლინიკებში, რადგან მიმაჩნია, ექიმისთვის მუდმივი განვითარება და პაციენტებთან უშუალო კავშირი უმთავრესია.

ვფიქრობ, ჩემს საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტების ნდობის მოპოვება. სწორედ ამიტომ მათთან ვარ ძალიან გულწრფელი. მნიშვნელოვანია მათი ის რამდენიმე წუთი მათი ცხოვრებით იცხოვრო და ემპათია გამოხატო. მჯერა, რომ პროფესიონალიზმი მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს, ის გულისხმობს თანაგრძნობას და პასუხისმგებლობას.

ალბათ ბანალური ვიქნები, თუმცა წარმატება არის დიდი შრომის შედეგი, რომელიც მოითხოვს მოთმინებას და დროს. ნებისმიერ სფეროში მნიშვნელოვანია არ გაჩერდე და მუდმივად განვითარდე, მითუმეტეს მედიცინისა და სილამაზის სფეროში, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და ვითარდება.

ჩემთვის წარმატება არ იზომება მხოლოდ მიღწევებით, ის აისახება თითოეულ კმაყოფილ პაციენტში. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია, რომელიც მაძლევს ძალას, ყოველდღიურად უკეთესი გავხდე და ჩემი საქმე კიდევ უფრო მეტი სიყვარულით გავაკეთო.

ქალებს, ვინც ახლა იწყებს კარიერას, ვეტყოდი: არ დაგეზაროთ შრომა და აუცილებლად დაგიფასდებათ. არასდროს დაგავიწყდეთ: თქვენ და ჩვენ, ქალებს, შეგვიძლია ბევრად მეტი, ვიდრე სხვებს ჰგონიათ. გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ და შედეგიც აუცილებლად მოვა.

ანა ჩიტაშვილი, ექიმი-კოსმეტოლოგი:

სამედიცინო განათლებამ და ბავშვობიდან საერთაშორისო გარემოში მიღებულმა გამოცდილებამ ჩამომიყალიბა ფართო მსოფლმხედველობა და მაღალი პროფესიული სტანდარტები. სხვადასხვა კულტურასთან შეხებამ კი დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სილამაზის ავთენტიკურობის შენარჩუნება. მედიცინა ჩემთვის მეცნიერებისა და ესთეტიკის სინთეზია, კოსმეტოლოგიაში სწორედ ეს ბალანსი მიზიდავს. შესაძლებლობა, კლინიკური სიზუსტე პაციენტის თავდაჯერებულობასა და ვიზუალურ ჰარმონიას დავუკავშირო.

ამჟამად ჩემი პროფესიული განვითარების ლოგიკური გაგრძელება პლასტიკური ქირურგიის მიმართულებაა, რაც საშუალებას მაძლევს კიდევ უფრო ღრმად და კომპლექსურად მივუდგე ესთეტიკურ მედიცინას.

ჩემი ხედვით, წარმატება დისციპლინის, უწყვეტი განვითარებისა და ურყევი პროფესიული ეთიკის ერთობლიობაა. ჩვენს სფეროში სტაგნაცია დაუშვებელია, წარმატების ფორმულა მუდმივ ძიებაშია: იქნება ეს ახალი ტექნოლოგიების ათვისება, ცოდნის გაღრმავება თუ ინდივიდუალური მიდგომების დახვეწა. ხარისხზე ორიენტირება, დეტალებისადმი ყურადღება და პაციენტის ნდობის პატივისცემა ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც რეალური აღიარება შენდება. შედეგი მოდის მაშინ, როდესაც პროცესს პასუხისმგებლობითა და საქმისადმი ნამდვილი სიყვარულით ეკიდები – როცა შენი შესრულებული სამუშაო დროს უძლებს და ინარჩუნებს ბუნებრიობას.

იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს კარიერას, ვეტყოდი: ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და არასოდეს დაკარგოთ ინდივიდუალურობა. კარიერული გზა სავსეა გამოწვევებით, თუმცა სწორედ ეს სირთულეები აყალიბებს ნამდვილ პროფესიონალს. მნიშვნელოვანია, არასდროს შეჩერდეთ განვითარებაში და არ შეადაროთ თქვენი ტემპი სხვებისას – თითოეულ გზას თავისი უნიკალური დინამიკა აქვს.

იპოვეთ ის საქმე, რომელიც თქვენს შინაგან ღირებულებებს ეხმიანება, რადგან ნამდვილი და მდგრადი წარმატება მხოლოდ იქ მოდის, სადაც პროფესია არა მხოლოდ არჩევანი, არამედ შინაგანი მოწოდებაა.

გვანცა გვაზავა, ინტერიერის დიზაინერი:

უკვე მრავალი წელია ვმუშაობ სივრცეების შექმნაზე, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურადაა გამორჩეული, არამედ ქმნის გარემოს, სადაც ადამიანი თავს კომფორტულად, მშვიდად და საკუთარ სივრცეში გრძნობს.

პროფესიის არჩევა ბუნებრივად მოხდა, ბავშვობიდან მქონდა სივრცის აღქმის განსაკუთრებული ინტერესი, რომელიც დროთა განმავლობაში პროფესიულ ინტერესად გადაიქცა. ჩემი პრაქტიკული გამოცდილება 2007 წელს დაიწყო, როდესაც მუშაობა დავიწყე არქიტექტურულ ფირმაში. სწორედ ამ გამოცდილებამ განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება, გამეგრძელებინა პროფესიული განვითარება და ჩამებარებინა მაგისტრატურაზე ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.

ეტაპობრივი განვითარების, გამოცდილების დაგროვების და მუდმივი თვითგანვითარების შედეგი იყო წარმატება. თითოეული პროექტი ჩემთვის იყო ახალი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, კიდევ უფრო გამეღრმავებინა პროფესიული ხედვა.

წარმატება მოდის შიდა დისციპლინიდან და პროფესიისადმი სერიოზული დამოკიდებულებიდან. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზუალური გემოვნება, არამედ აზროვნება და უნარი, სივრცე გააანალიზო და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ფორმითაც და შინაარსითაც გამართლებულია. ასევე დიდ როლს თამაშობს თანმიმდევრულობა, როდესაც ადამიანი არ ჩერდება მიღწეულზე და მუდმივად ცდილობს უკეთესის შექმნას.

იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იწყებენ კარიერას, ვეტყოდი: დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი არის საფუძვლების გამყარება და რეალისტური დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. არ ღირს პროცესის აჩქარება, პროფესია მოითხოვს დროს, პრაქტიკას და დაკვირვებას. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება ის გამოცდილება, რომელიც მომავალში განსაზღვრავს ხარისხს.

ასევე ვურჩევდი, არ იყვნენ მხოლოდ ტენდენციებზე დამოკიდებული. მნიშვნელოვანია საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება და იმის გააზრება, რომ დიზაინი არ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტი, ეს არის აზროვნების შედეგი.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა