#OK! ქალები, რომელთა იდეებიც კაცებმა მიითვისეს

1 hour ago 3

ათასწლეულების განმავლობაში მამაკაცები სამეცნიერო, ლიტერატურულ და მხატვრულ მიღწევათა ერთადერთ ავტორებად ითვლებოდნენ. ტრადიციულად, საზოგადოება ქალებს მხოლოდ დიასახლისისა და დედის როლებით აფასებდა.

საკმარისია ფაქტებს გადავხედოთ და დავინახოთ, რომ ქალები ხშირად იყვნენ პირველები მნიშვნელოვანი აღმოჩენების, ინოვაციების და შემოქმედებითი მიღწევების სფეროში. თუმცა ისტორიამ მათი დამსახურება სხვას – კაცებს – მიაკუთვნა.

როზალინდ ფრანკლინი: ორმაგი სპირალი

როზალინდ ფრანკლინმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში, თუმცა მისი წვლილი მრავალი წლის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანკლინი მეცნიერი იყო, კოლეგები მას ძირითადად უბრალო ლაბორანტად განიხილავდნენ და „ქალური შარმის“ არქონის გამო დასცინოდნენ. სინამდვილეში, სწორედ ფრანკლინმა აღმოაჩინა დნმ-ის სპირალური სტრუქტურა, რომელიც გენეტიკური კოდის გაშიფვრის საფუძველი გახდა. სამწუხაროდ, ნობელის პრემია ამ აღმოჩენისათვის მის კოლეგებს, ჯეიმს უოტსონსა და ფრენსის კრიკს ერგოთ.

მარიონ დონოვანი: ერთჯერადი საფენები

ახალბედა დედების ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა – ბავშვის მოვლა და საფენების ხშირი გამოცვლა – ბევრისთვის ყოველდღიურ სისუსტედ ითვლებოდა. 1940-იან წლებში ბავშვის მოვლისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება ქსოვილის საფენები იყო.

ამ გამოწვევის წინაშე იდგა მარიონ დონოვანი, ქალი-გამომგონებელი, რომელმაც ბავშვების მოვლის სფეროში აღნიშნული რევოლუცია მოახდინა. პირველი ერთჯერადი საფენი შხაპის ფარდების ქსოვილისგან დაამზადა. მოგვიანებით,  საკერავი მანქანით დახვეწა და უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო გახადა.

აშშ-ის მსხვილი ქაღალდის კომპანიები საფენებს უსარგებლო და არაპრაქტიკულ გამოგონებად თვლიდნენ. მაგრამ 10 წლის შემდეგ, დონოვანის ნამუშევარი ვიქტორ მილსმა, Pampers®-ის დამფუძნებელმა შეიძინა და კომერციულად წარმატებად აქცია.

ნეტი სტივენსი: ქრომოსომები განსაზღვრავენ სქესს

1905 წელს ნეტი სტივენსმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელმაც სამეცნიერო საზოგადოება შოკში ჩააგდო: ორგანიზმის სქესი განისაზღვრება არა გარემო ფაქტორებით ან დიეტით, არამედ ქრომოსომებით.

სტივენსმა მოახდინა Y ქრომოსომის იდენტიფიკაცია ტენებრიოს მატლებში და დაასკვნა, რომ სქესის გამოვლენა დამოკიდებული იყო Y ქრომოსომის არსებობა-არარსებობაზე.

იმავე პერიოდში უფრო ცნობილი კოლეგა, ე.ბ. ვილსონი, დამოუკიდებლად მივიდა მსგავს დასკვნამდე – სწორედ ის მიიჩნევა ამ აღმოჩენის მთავარ ავტორად. ნეტი სტივენსის უდიდესი წვლილი კი საუკუნეების მანძილზე უგულებელყოფილი დარჩა.

ელის ბოლი: კეთრის სამკურნალო საშუალება

23 წლის ასაკში, ბოლმა კეთრის მკურნალობის ახალი და ეფექტური მეთოდი აღმოაჩინა.

მისი კვლევების მიხედვით, ჰანსენის დაავადების, იგივე კეთრის, საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება სპეციალური მცენარეული ზეთი იყო. თუმცა, ზეთი იმდენად სქელი იყო, რომ მისი ორალური გზით მიღება შეუძლებელი ხდებოდა, ხოლო ინექციისთვის გამოყენება პრაქტიკულად ვერ ხერხდებოდა.

ელისმა შექმნა მარტივად ინექცირებადი ფორმა, რომელიც ეფექტური და პრაქტიკული გამოდგა. 1940-იან წლებში ეს მეთოდი უკვე ყველაზე წარმატებულ მკურნალობად ითვლებოდა მთელ მსოფლიოში.

სამწუხაროდ, ბოლი ნაშრომის გამოქვეყნებამდე, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მიღწევის მითვისება კი ჰავაის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სცადა.

ელიზაბეთ მეგი: Monopoly

1930-იან წლებში Parker Brothers-მა ამერიკულ ოჯახებს წარუდგინა Monopoly – თამაშმა მილიონერი გახადა ჩარლზ დეროუ – უმუშევარი გამათბობლების გამყიდველი. თუმცა პრობლემა ის იყო, Monopoly-ის იდეა დეროუს არ ეკუთვნოდა.

Monopoly-ის თავდაპირველი ვერსია ეკუთვნის ელიზაბეთ მეგის, რომელმაც სამაგიდო თამაში სახელწოდებით The Landlord’s Game 1900 წელს შექმნა.

თამაში მიზნად ისახავდა მონოპოლიებისა და უსამართლო ეკონომიკური სისტემების პრობლემების დემონსტრირებას.

ტექსტი: ანი შავიშვილი

სრულად წაკითხვა