პანდემიის პერიოდმა ბევრისთვის ცხოვრების რიტმი რადიკალურად შეცვალა, თუმცა ზოგისთვის ეს გამოწვევა ახალი შესაძლებლობების საწყისად იქცა. სწორედ ამ გარდამტეხ ეტაპზე დაბრუნდა ახალგაზრდა ექიმი, სოფიო დულარიძე, მშობლიურ ქარელში. ის, რაც თავდაპირველად დროებით გადაწყვეტილებად ჩანდა, მალევე გააზრებულ არჩევანად ჩამოყალიბდა. პაციენტების ნდობამ და სხვადასხვა რეგიონიდან მზარდმა მოთხოვნამ სოფიოს უბიძგა, ქარელში ესთეტიკური მედიცინის ცენტრი გაეხსნა. დღეს ეს სივრცე თანამედროვე სტანდარტების კლინიკაა, სადაც მთავარი პრიორიტეტი ინდივიდუალური მიდგომა, მუდმივი პროფესიული განვითარება და ხარისხიანი მომსახურებაა. კლინიკას განსაკუთრებულს ხდის ინოვაციური ტექნოლოგიებიც: აქ ფუნქციონირებს სიწითლეების მოსაშორებელი უნიკალური აპარატი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ ამ ესთეტიკურ ცენტრშია ხელმისაწვდომი.

როგორც საუბარში ახსენეთ, ქარელში გაქვთ გახსნილი ესთეტიკური ცენტრი – რამდენად გაამართლა თქვენმა გადაწყვეტილებამ და რატომ გადაწყვიტეთ სწორედ აქ გახსნა?
პანდემიის დროს თბილისიდან ქარელში, ჩემს მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია იყო, ჩემი პაციენტები მაინც ახერხებდნენ ქარელში ჩამოსვლას. შემდეგ უკვე რეკომენდაციით მოსულმა პაციენტებმაც იმატეს ახლომდებარე ქალაქებიდან, რამაც მაფიქრებინა, რომ გამეხსნა ჩემი ესთეტიკური მედიცინის ცენტრი. პანდემიის დასრულების შემდეგ თბილისიდან საბოლოოდ მაინც ვერ შევძელი ქარელში გადმოსვლა, რადგან ჩემი სამსახური ვერ ჩამანაცვლებდა სხვა სპეციალისტით, ამიტომ ამ ეტაპზე მიწევს ქარელში რამდენიმე დღით დატვირთვა. თუმცა, ჩემთვის ქარელში ყოფნა ნიშნავს მეტ თავისუფლებას, სიმშვიდეს და იმ გარემოში ყოფნას, სადაც სიყვარულს ჩემი პაციენტებისგან მუდმივად ვიღებ.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის გარემო იმ პროცესში, რასაც „სილამაზის შექმნა“ ჰქვია?
ჩემთვის წარმოუდგენელია ისეთ სივრცეში მუშაობა, სადაც სტუმარს არ ხვდება იდეალური სისუფთავე და კომფორტული გარემო. სწორედ ამიტომ ჩემს ცენტრში მოსული ადამიანი თითქოს სხვა სამყაროში ხვდება, რადგან თითოეული კუთხე ჩემი ხელით და გემოვნებით მაქვს შექმნილი. ამ ენერგეტიკას ნამდვილად გრძნობენ, თუ რამდენი სიყვარული და შრომა მაქვს თითოეულ დეტალში ჩადებული.
დღეს ესთეტიკური მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება, თქვენთვის რა არის მთავარი: ტენდენციების აყოლა თუ ინდივიდუალური მიდგომა პაციენტთან?
ესთეტიკური მედიცინა ისეთი სფეროა, რომელიც მუდმივად მოითხოვს განვითარებას და სიახლეებისთვის ფეხის აწყობას. მე ადამიანებს ვეხმარები არა გარდასახვაში, არამედ ჯანსაღი და მოვლილი კანის დიდხანს შენარჩუნებაში. ჩემი მიზანია, ადამიანებისთვის ასაკი მხოლოდ ციფრები იყოს, ვიზუალმა არ დაუკარგოს თვითშეფასება და არ გაუჩინოს სინანულის განცდა მაშინ, როდესაც სარკეში ნაადრევად დაბერებულ სხეულს დაინახავს. უფრო მეტი შესაძლებლობებისთვის, დღეს არა მხოლოდ ექიმი, არამედ ყბა-სახის ქირურგიაში ექიმი-რეზიდენტიც ვარ. ჩემი პაციენტების ნდობას ჩემი მუდმივი პროფესიული განვითარებით ვამართლებ.
ახსენეთ, რომ თქვენს კლინიკაში დგას უნიკალური აპარატი, რომელიც სიწითლეს აშორებს, მოგვიყევით ვისთვის არის ეს აპარატი განკუთვნილი…
დიახ, აპარატი, რომელიც ჩემს კლინიკაშია, მართლაც უნიკალური და ამ ეტაპზე საქართველოში ერთადერთია. იგი როზაცეით გამოწვეულ სიწითლესა და კუპეროზის წვრილ კაპილარებს, პირდაპირი მნიშვნელობით, „საშლელივით“ აქრობს, იქნება ეს სახის არე თუ სხეულის სხვა ნაწილი. გარდა ამისა, მას შეუძლია პიგმენტური ლაქების შემცირება და კანის მდგომარეობის იმ დონემდე გაუმჯობესება, რომ ვიზუალურ ასაკს ხშირად 5-დან 10 წლამდეც კი აკლებს. თბილისის რამდენიმე კლინიკამ შემომთავაზა თანამშრომლობა, რათა ეს აპარატი მათთან ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა ჩემი რაიონის განვითარებაში წვლილის შესატანად, მისი ქარელში ჩამოტანა ვამჯობინე. მინდოდა ახლომდებარე ქალაქების მცხოვრებლებისთვის მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო. პროცედურები იმდენად ბიუჯეტურია, რომ თბილისიდანაც სიამოვნებით მსტუმრობენ.

რა გამოარჩევს თქვენს ესთეტიკურ ცენტრს?
შესაძლოა ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემი ცოდნა და თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა ნამდვილად გამორჩეულია იმ საერთო ფონისგან, რომელიც დღეს საქართველოშია.
ნდობის მოპოვება და პაციენტებთან ურთიერთობა…
როდესაც პაციენტი ჩემთან მოდის, ის უკვე გარკვეულ ნდობას მიცხადებს. მე მას ყოველთვის გულდასმით ვუსმენ და ვარკვევ მიზეზს, თუ რატომ გადაწყვიტა კონკრეტული პროცედურის ჩატარება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, პაციენტს მივაწოდო სწორი ინფორმაცია, რათა მან თავად მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება და არ იხელმძღვანელოს მხოლოდ ახლობლების რჩევით. პაციენტების ნდობაზე მათი ყოველდღიურად მზარდი რაოდენობაც მეტყველებს. როდესაც ვიგებ, რომ პაციენტი კახეთიდან ან ბათუმიდანაა ჩამოსული, გული სიამაყითა და სითბოთი მევსება. ჩემამდე მოსასვლელად მათ არა მხოლოდ გრძელი გზა გამოარეს, არამედ უამრავ სხვა შეთავაზებას შორის არჩევანი სწორედ ჩემზე შეაჩერეს. მყოლია პაციენტები, რომლებიც სპეციალურად უცხოეთიდანაც ჩამოსულან. ეს ნდობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რაც მუდმივი განვითარებისკენ მიბიძგებს.
ხელოვნება და მრავალმხრივი ინტერესები…
სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩემი პირველი არჩევანი სამხატვრო აკადემია იყო. თავდაპირველად ქსოვილების ფაკულტეტი, შემდეგ კი მხატვრული მინა-კერამიკა. აკადემიის დასრულებისთანავე სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე და დედას სურვილი ავუხდინე – გავხდი ექიმი. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კი ისევ სტუდენტი გავხდი და ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, საკუთარ სახელოსნოში ვიკეტები და მთლიანად ჩემს სამყაროში ვეშვები. ვმუშაობ ტყავის დამუშავების ისეთი ტექნოლოგიით, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ არსებობს. დღემდე ჩემი ხელით შექმნილი აქსესუარებით წარვდგები ხოლმე სხვადასხვა შეხვედრასა თუ კონფერენციაზე. ასევე, მაქვს ნამუშევრები ფერადი მინის ვიტრაჟებშიც.
სამომავლო გეგმები და ხედვა…
ჩემი გეგმები უკავშირდება ჩემი ქალაქის წარმოჩენასა და განვითარებას. მინდა, რომ ესთეტიკურ მედიცინაში ჩემმა შრომამ და ცოდნამ საკუთარი სიტყვა თქვას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შემეძლო ცხოვრება, ჩემი ქვეყნისა და მშობლიური ქალაქის ჰაერი ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ლამაზია ძამის ხეობა და რამდენი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს ქარელში. იმედი მაქვს, ჩემი რაიონი აუცილებლად გახდება ისეთივე კოპწია და ლამაზი, როგორიც ჩემი ესთეტიკური მედიცინის ცენტრია.
ტექსტი: თათია ხარაიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი
ლოკაცია: Strofy by Old Tbilisi Hospitality

5 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·