„საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი როგორც დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს“…
სამყაროში არსებობენ ამბები, რომლებიც მხოლოდ იმისთვის იბადებიან, რომ საიდუმლოდ დარჩნენ. ასეთი ისტორიები იდუმალი ფსევდონიმების მიღმა არსებობენ, თავს აფარებენ დღიურებსა და ლექსებს, სადაც ტკივილი და ვნება ერთიანდება და იქმნება თავისუფლების დაუოკებელი სურვილი. თუ დღეს ელენე (ბაქრაძე) დარიანის გარშემო არაერთი კითხვა არსებობს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პასუხი უნდა ვიცოდეთ. რადგან სწორედ ეს მისტიკური, ხელშეუხებელი იდუმალებაა ის, რაც მის ისტორიას არარეალურ უკვდავებას ანიჭებს. ელენე დარიანის სული, რომელიც ლექსებსა და ტკივილში იყო დაფარული, მინიატიურულ კინოში გაცოცხლდა და შეიქმნა თოჯინური ანიმაცია, სადაც დროის გაჩერებაა საჭირო იმისთვის, რომ უკვდავება დაიბადოს. ეს არის ისტორია შემოქმედებითი ვნების, გაბედული ენთუზიაზმისა და იმის შესახებ, თუ როგორ შთაბერა ერთმა გუნდმა სული ელენე დარიანს და ამ ამბავს ჩვენს მკითხველს მისი ერთ-ერთი ავტორი, ელენე თავაძე გააცნობს.

რა იყო ის ნაპერწკალი, რომელმაც ელენე დარიანის ამბავი თოჯინას სახით გააცოცხლა?
როდესაც სირცხვილისა და ტკივილისაგან გათავისუფლების წყურვილი არ გასვენებს, შემოქმედი თავად გიგზავნის გადარჩენის გზებს. შენ მხოლოდ შინაგან ხმას უნდა მიჰყვე, რომ შეეხო შენივე გათავისუფლების პროცესს. შინაგანი და ოჯახური კონფლიქტებით დატვირთული რთული პერიოდი მქონდა, როდესაც მე და ჩემმა მეგობარმა სოფიო ჭინჭარაულმა სტუდია „ფანტასმაგორია“ დავაფუძნეთ, ინერციით ვაპირებდით სხვა თოჯინური ანიმაციის თიზერის გადაღებას. ამავე პერიოდში სოფომ პაოლო იაშვილის ქუჩაზე რესტორანი, სახელწოდებით „ელენე დარიანი“ გახსნა, დღეს ეს რესტორანი აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს ჩვენი ერთობით შექმნილი თოჯინური ანიმაცია… სპეციალურად სოფოსთვის საჩუქრად შევიძინე ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნი „ელენე ბაქრაძე დარიანი“. ეს ლექსები ყოველთვის ეხმიანებოდა ჩემს სულიერ განწყობას, ბაქრაძის მოგონებებმა კი ვიზუალურად გამიცოცხლა მათი დაბადების პროცესი. რაც ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
როდესაც თქვენს იდეას სახე მიეცით და დარიანის თოჯინამ ეკრანზე პირველი მოძრაობა შეასრულა, რა გრძნობა იყო?
პატარა ბავშვი მონატრებული დედის დანახვაზე რომ ხტის და სიხარულისგან კუნტრუშებს, ზუსტად ეს მოძრაობები მქონდა მე და მთელ გუნდს. წარმოუდგენელი და დაუჯერებელი განცდაა, ნუთუ არაფრიდან ამ ვეებერთელა „მინიატიურულ“ სამყაროს ჩვენ შთავბერეთ სული.
რამდენად რთული იყო დეკორაციებისა და თოჯინების დამზადება – ვინ იყო მათი დიზაინერი და როგორ მუშაობდა გუნდი?
მხოლოდ სიყვარულის ენერგიამ და ცნობისმოყვარეობის ჟინმა, გავართმევთ თუ არა თავს იმ ამბიციურ განზრახვას, რომ ფილმს ჰქონდეს სევდიანი და მტანჯველი სიყვარულივით მიმზიდველი და დახვეწილი ესთეტიკა, შეგვაძლებინა, დაუზოგავად გვემუშავა და უამრავი სირთულე გადაგველახა, გამოუცდელობისა და დაბრკოლებების მიუხედავად. ფილმის დამდგმელი მხატვარია დავით ხუციშვილი, ისიც უზომოდ შეყვარებული თოჯინურ ანიმაციაზე. მისი ყოფნა გუნდში ჩემი სიმშვიდეა, ჩვენ ერთმანეთს თვალდახუჭული ვესაუბრებით, რადგან ჩვენ გემოვნების გამოხატვის ერთი სისტემა გვაქვს. დავითმა ჩვენს ყოფილ სტუდენტებთან ერთად შექმნა საკმაოდ მცირე დროში, საკმაოდ რთული, რეალური თუ ირეალური გარემო, მასობრივი სცენის დეკორაციები თუ უამრავი მინიატიურული ნივთები. რაც შეეხება თოჯინებს, მათი ავტორები არიან ჩვენი ყოფილი სტუდენტები, მარიამ გიგაური და ლაშა ბაკაშვილი. მათ გაუკვალავში გზა გაკაფეს და შეუძლებელი შეძლეს, მხოლოდ დიდი ნიჭიერების, ენთუზიაზმისა და შრომისმოყვარეობის წყალობით. ამ ტიპის თოჯინა საქართველოში პირველად მხოლოდ მათ შექმნეს.
თქვენ აირჩიეთ ანიმაციის შექმნის ყველაზე რთული გზა, სთოფმოუშენი. რამდენად რთული იყო ამ ტექნიკით მუშაობა?
თუკი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი შესაძლებელია ერთ თვეში გადაიღო, ჩვენ ერთ თვეში მხოლოდ 3 წუთის გადაღება გამოგვდიოდა. ჯამში სრული წარმოება წელიწად-ნახევარში დავასრულეთ. უფრო მეტიც, ამ მანერის ყველაზე რთული ტექნიკა ავირჩიეთ, თოჯინას სახისა და მიმიკის ანიმირების 3D პრინტერით ბეჭდვა, რათა დიალოგი და ემოციები ვიზუალურად დახვეწილი ფორმებით გვეჩვენებინა. ესეც ჩვენი მონაპოვარია. მასწავლებელი არავინ გვყოლია, მხოლოდ გვეუბნებოდნენ, არ გამოგივათ, რადგან ეს აქამდე არავის გაუკეთებიაო. 3D არტისტი, ნიკა ქუცნიაშვილი შემოუერთდა მარიამს და ლაშას, დაწერა კოდი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი გახადა მისივე 3D-ში ანიმირებული პერსონაჟების დიალოგებისა და მიმიკების დაბეჭდვა. ეს იყო ცხრათავიანი გველეშაპის დამარცხება ამ ტექნიკური სიმწირის შესაძლებლობებში.

სტუდიას, რომელმაც ამ ფილმზე იმუშავა, ჰქვია „ფანტასმაგორია“. რას ნიშნავს ეს სახელი და როგორ ხედავთ ფანტასმაგორიის როლს ქართული ანიმაციის განვითარებაში?
სიტყვა „ფანტასმაგორია“, ამ სიტყვის ეტიმოლოგიური გაგებით, არარეალური, წარმოსახვის შედეგად შექმნილი, ფანტასტიკური მისტერიაა – თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი გაცოცხლებულია და არაფერი შეუძლებელი. ვიქნები პირდაპირი და ობიექტურად შევაფასებ ჩვენს როლს. ჩვენ თავისუფალი და შესაძლებლობებით დატვირთული სტუდია შევქმენით და ვავითარებთ, რომელიც უამრავი ახალგაზრდა ხელოვანისთვის დღეს უკვე ცოდნის წყაროა. „ელენე დარიანის“ მთავარმა ანიმატორმა, ანა ხოფერიამ თოჯინას ანიმირება ამ ფილმის კეთების პროცესში ისწავლა და დღეს ის დამოუკიდებელი, პროფესიონალი არტისტია. ასევე, გაჩნდა სურვილი და რესურსი, რომ ჩვენს ყოფილ სტუდენტს, ლინა აქულაშვილს საავტორო თოჯინური ანიმაციური ფილმის წარმოებაში დავეხმაროთ. და ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, ვისაც თოჯინური ანიმაცია არ ასვენებს.
ფილმის საფესტივალო ცხოვრებაზე მოგვიყევით…
ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ ფილმის პრემიერა საფრანგეთში, ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა, რადგან ვფიქრობდით, რომ თემა იმდენად ქართული იყო, მისი გაგება უცხოელ მაყურებელს გაუჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ შევცდით. მას შემდეგ ოცამდე ანიმაციური თუ მხატვრული ფილმის საერთაშორისო ფესტივალი მოიარა. საფესტივალო ჩვენებები კვლავ გაგრძელდება ერთი წლის განმავლობაში და საბოლოოდ გასაჯაროვდება ფართო მაყურებლისთვისაც.
ახლა რაზე მუშაობთ?
„ელენე დარიანი“ თუ მიჩუმათებული თამამი ქალის როლზე გვიყვება პოეზიის დაბადებაში, ახლა მე და სოფომ გადავწყვიტეთ ყველაზე ხმაურიანი ქალის შესახებ მოვყვეთ, რომ არა ევა… ეს იქნება ისტორია თანამედროვე ადამისა და ევას სამოთხეში დაბრუნებაზე. და ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენს მისიას, ანიმაციის შექმნაში პროფესიონალებთან ერთად კვლავ მიიღებენ მონაწილეობას სტუდენტები და ჩვენს ხელში კვლავ დაიბადებიან პროფესიონალი არტისტები.
თქვენი აზრით, თავად ელენე დარიანი რას იტყოდა ამ ანიმაციაზე?
მეტაფორული და ანიმაციურია თქვენი შეკითხვა, ამიტომ ასევე გიპასუხებთ – მე ისევ ცოცხალი ვარ, ვერ მხედავენ, მაგრამ მეხებიან…და კვლავაც დარდობენ, ვინ არის ჩემი ავტორი…

ტექსტი: თაკო დარახველიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი

5 days ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·