90-იან წლებში სუპერმოდელების – ქეით მოსის, სინდი კროუფორდის, კლაუდია შიფერისა და სხვათა სახელები მთელ მსოფლიოში ქუხდა. მათი სახეები ჟურნალების გარეკანებიდან არ ჩამოდიოდა, მათ სტილს კი მილიონობით ადამიანი ბაძავდა. გავიდა წლები და პოდიუმები სუპერმოდელების შვილებმა დაიპყრეს, რომლებსაც ხშირად „ნეპო-ბეიბი“-ს (ცნობილების შვილებს) უწოდებენ. ვნახოთ, ვინ არიან სუპერმოდელების მემკვიდრეები.
კაია გერბერი – სინდი კროუფორდის ქალიშვილი

სუპერმოდელ სინდი კროუფორდისა და ბიზნესმენ რენდი გერბერის ქალიშვილი, კაია 2001 წელს დაიბადა. მისი დებიუტი Versace-ს პოდიუმზე, 10 წლის ასაკში შედგა. წლების მატებასთან ერთად, გოგონას მსგავსება დედასთან თვალშისაცემი გახდა, თუმცა, კაია მხოლოდ დედის ასლი კი არა, მემკვიდრეცაა, რომელიც მის საქმეს აგრძელებს.

2024 წლის შემოდგომაზე კაია ტორონტოს კინოფესტივალზე Herve Leger-ის კაბის ზუსტი ასლით გამოჩნდა, რომელიც სინდის 1993 წლის „ოსკარზე“ ეცვა. მიუხედავად იმისა, რომ კაიას საკუთარი მენეჯერთა გუნდი და მოდისა და კინოს სფეროში წარმატებული კარიერა აქვს, მისი მთავარი დამრიგებელი მაინც დედაა.
ლენი კლუმი – ჰაიდი კლუმის ქალიშვილი

ჰაიდი კლუმი დიდი ხანია პოდიუმზე აღარ გამოდის, მაგრამ მისი სახელი მოდის ინდუსტრიაში ყველას ახსოვს. დღეს 51 წლის ვარსკვლავი უპირატესობას სატელევიზიო პროექტებსა და ბიზნესს ანიჭებს, თუმცა, მაღალი მოდის სამყაროში მისი ადგილის დაკავებას ჰაიდის 21 წლის ქალიშვილი ლენი კლუმი, აპირებს. ლენი დედის გზას თავდაჯერებულად მიჰყვება – მან უკვე რამდენიმე ჟურნალის გარეკანი დაამშვენა და პოდიუმზე პირველი ნაბიჯებიც გადადგა. ჯერჯერობით შვილის კარიერას დედა ხელმძღვანელობს, თუმცა ლენი უბრალოდ „გერმანელი ვარსკვლავი“ არაა – მისი სახელი უკვე საერთაშორისო ასპარეზზე ჟღერს.

ცოტა ხნის წინ, 51 წლის სუპერმოდელი და მისი ქალიშვილი ერთობლივი სარეკლამო კამპანიისთვის ქვედა საცვლებში გამოჩნდნენ. ამ კადრებმა სოციალურ ქსელში აღშფოთება გამოიწვია.
„ეს ბრენდის უცნაური გარიგებაა დედასთან…“, „მათ შეეძლოთ ნებისმიერი სხვა სახის თანამშრომლობა, სიგიჟემდე უცნაურია, როცა ამას 20 წლის ქალიშვილთან აკეთებ“, „ეს არასწორია მრავალი თვალსაზრისით…“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
კლემენტინა ვონი – კლაუდია შიფერის ქალიშვილი

სანამ სხვა სუპერმოდელების ქალიშვილები პოდიუმებს იპყრობენ, კლაუდია შიფერის მემკვიდრემ სხვა გზა აირჩია. კლემენტინა ვონი, რომელიც 2004 წელს, ლეგენდარული მოდელისა და არისტოკრატი კინოპროდიუსერ მეთიუ ვონის ოჯახში დაიბადა, დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე მიუწვდომელი „ნეპო-ბეიბი“ იყო. დედა დიდხანს იცავდა შვილებს პრესის ყურადღებისგან, მაგრამ გოგონა გაიზარდა და 2024 წლის ზაფხულში Dior-ის ჩვენებაზე გამოჩნდა, რომელიც შოტლანდიის იმ ციხესიმაგრის ბაღებში გაიმართა, რომელიც მამამისს ეკუთვნის.

ადგილის არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა: მეთიუ ვონი (ნამდვილი გვარი – დე ვერ დრამონდი) დიდგვაროვანი ოჯახიდანაა, შესაბამისად, კლემენტინა მხოლოდ ვარსკვლავის ქალიშვილი კი არა, არისტოკრატული გვარის წარმომადგენელიცაა. თანატოლებისგან განსხვავებით, კლემენტინა სამოდელო სააგენტოებთან ხელშეკრულების დადებას არ ჩქარობს.
ლილა მოსი – ქეით მოსის ქალიშვილი

90-იანების საკულტო მოდელის, ქეით მოსის ქალიშვილი ლილა მოსი მშვენიერი კონტრარგუმენტია ყველასთვის, ვისაც ჰგონია, რომ მოდელი აუცილებლად ორმეტრიანი უნდა იყოს. გოგონას სიმაღლე (168 სმ) მისი გამორჩეული სტილის ნაწილად იქცა. ქეით მოსისა და ჯეფერსონ ჰეკის 22 წლის ქალიშვილმა დაამტკიცა, რომ დღეს სიმაღლეზე მნიშვნელოვანი ქარიზმა და ცნობადობაა. მიუხედავად იმისა, რომ კულუარებში „დედის პროტექციაზე“ ჩურჩულებენ, ლილამ შთამბეჭდავი პორტფოლიო დააგროვა: პოდიუმზე დებიუტი 18 წლის ასაკში, Vogue-ის გარეკანი, კონტრაქტები Fendi-სთან და Maje-სთან, ასევე თამამი, გამჭვირვალე კაბა პარიზის მოდის კვირეულზე.

2024 წლის შემოდგომაზე ლილა დედასთან ერთად Victoria’s Secret-ის პოდიუმზე გამოვიდა, რითაც წარმატებული მოდელის სტატუსი საბოლოოდ მიიღო. ქერათმიანი, სიფრიფანა და გამჭოლი მზერის მქონე გოგონა 90-იანი წლების ქეით მოსის ასლია. როგორც ტაბლოიდები წერენ, დედა-შვილის მსგავსება მხოლოდ გარეგნობით არ შემოიფარგლება. მასში ისეთივე მეამბოხე სული, რომელმაც ოდესღაც დედამისი თაობის ხატად აქცია.
გრეის ბერნსი – კრისტი ტარლინგტონის ქალიშვილი

90-იანი წლების სუპერმოდელის, კრისტი ტარლინგტონისა და რეჟისორ ედვარდ ბერნსის უფროსი ქალიშვილი, გრეის ბერნსი 2003 წელს დაიბადა. მისი სამოდელო კარიერა „ნეპო-ბეიბის“ ჩვეული სცენარით ვითარდება: ჯერ გადაღება Carolina Herrera-სთვის, შემდეგ კი დებიუტი მილანის მოდის კვირეულზე (2023 წელს). 2025 წლის აგვისტოში გრეისი დედასთან ერთად ვენეციაში, პრესტიჟულ DVF Awards-ის დაჯილდოებაზე გამოჩნდა.

გრეის ბერნსის სტილია თავშეკავებული ელეგანტურობა, რომელიც დედისგან მიიღო, თუმცა, თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში, სადაც სიკაშკაშე და თამამი სტილი ფასობს, ეს ნამდვილი გარღვევისთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. ჯერჯერობით გრეისი დედის ჩრდილში რჩება, და მისი წარმატებები უფრო გვარისადმი პატივისცემად აღიქმება, ვიდრე პირად მიღწევად.
ლილი მაკმენამი – კრისტენ მაკმენამის ქალიშვილი

90-იან წლებში კრისტენ მაკმენამიმ მოდის სამყარო თავისი არტისტულობით, გამჭოლი მზერითა და თამამი გადაწყვეტილებებით დაიპყრო. ის პირველი მოდელი გახდა, რომელიც i-D-ის გარეკანზე მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა. კარიერის დასრულების შემდეგ, კრისტენმა თავი ოჯახსა და ქალიშვილის, ლილის აღზრდას მიუძღვნა. ლილი მაკმენამი, რომელიც ახლა 31 წლისაა, დედის კვალს გაჰყვა, მაგრამ მისი გზა განსხვავებულია. გოგონამ მამისგან, ტუნისელი ბიზნესმენი იუბერ ბუკობზასგან მემკვიდრეობით უჩვეულო, გარეგნობა მიიღო და თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში, სადაც ინდივიდუალურობა და „არასრულყოფილება“ ფასობს, ეს მის უპირატესობად იქცა.

ლილის კარიერა სწრაფად ვითარდება – მას ხშირად იწვევენ ჩვენებებსა და გადაღებებზე. კრიტიკოსები, რა თქმა უნდა, ჩურჩულებენ, რომ ეს გავლენიანი დედის დამსახურებაა, მაგრამ ლილი ჭორებს ყურადღებას არ აქცევს და მუშაობას აგრძელებს.
სატინ სედნუი – ლეტიცია კასტას ქალიშვილი

სატინ სედნუი ლეტიცია კასტასა და რეჟისორ სტეფან სედნუის ქალიშვილია. 24 წლის გოგონას დედის გარეგნობა და აღნაგობა აქვს, მაგრამ თითქმის არ იყენებს. ოჯახი ყოველთვის კარჩაკეტილად ცხოვრობდა და სატინი კამერებისგან მოშორებით გაიზარდა. მცდელობა ჰქონდა – Elle-სთვის გადაიღეს და Miu Miu-ს პოდიუმზე გამოვიდა, მაგრამ ამით ყველაფერი დასრულდა.

ახლა მის შესახებ არაფერი ისმის – არც ურთიერთობები, არც სკანდალები, არც ახალი გადაღებები. ის პარიზში, კამერებისა და პაპარაცებისგან მოშორებით, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, რაც ბევრისთვის უცნაურია – როდესაც ლეტიცია ასტას შვილი ხარ და ასეთი შესაძლებლობები გაქვს, მოდის სამყაროსთვის „არას“ თქმა ნამდვილად იშვიათი საქციელია.
კოსიმა აუერმანი – ნადია აუერმანის ქალიშვილი

ნადია აუერმანს ოდესღაც ყველაზე გრძელი ფეხების მქონე მოდელს უწოდებდნენ. პოდიუმიდან მისი წასვლა მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა იყო. ის წავიდა, რათა თავი ქალიშვილისთვის, კოსიმასთვის, მიეძღვნა, დღეს კი კოსიმა პოდიუმებზე დამაჯერებლად მიაბიჯებს და დედის გზას იმეორებს, მაგრამ ამას თავისებურად აკეთებს. კოსიმა დედის ზუსტი ასლი არაა, თუმცა არანაკლებ მიმზიდველი გარეგნობა აქვს. მის ანგარიშზე უკვე არის კონტრაქტი პრესტიჟულ სააგენტო Viva Paris-თან, მონაწილეობა ჩვენებებსა და სარეკლამო გადაღებებში.

2024 წლის ზაფხულში ის დედასთან ერთად პოდიუმზე გამოვიდა, სადაც Marc Cain Glam-ის ახალი კოლექცია წარადგინა. მისი კარიერა ძალებს ახლა იკრებს, მაგრამ უკვე ჩანს, რომ კოსიმამ დედისგან მხოლოდ გრძელი ფეხები კი არა, მისი თვისებებიც მიიღო და თუ ნადიამ ოდესღაც პოდიუმი ოჯახის გამო დათმო, ახლა მისი ქალიშვილი აუერმანის გვარს მოდის ბიზნესში აბრუნებს.
ასევე დაგაინტერესებთ

11 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·