#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის დეკემბრის ნომრისთვის

4 days ago 4

წინასაახალწლო სვეტი რთული დასაწერი აღმოჩნდა. ისედაც ჰოროსკოპით ტყუპებს, გაორება დამემართა. ერთი მხრივ, მინდა ოპტიმიზმი და სადღესასწაულო განწყობა აღვწერო, მეორე მხრივ – „რა დროს ესაა“ მიტრიალებს გონებაში.

მახსოვს, მამაჩემის 50 წლის იუბილეზე მამაჩემის სიტყვები – უკვე 50 წლის გავხდი და ცხოვრების ნახევარი ნაღდად გავლილი მაქვსო. მაშინ ეს 50 ძალიან შორეულ ციფრად მეჩვენებოდა. აი, ჩემი 50-ის შუაში ვდგავარ და ვიტყვი – ცხოვრების ნახევარზე მეტი ისე შემომადნა, უკან მოხედვა ვერ მოვასწარი.

სიტყვები „რა დროს ესაა“ თითქოს ფონურ მუსიკად გასდევს ჩემს ცხოვრებას და მივეჩვიეთ, რომ არასდროს დავტკბეთ აწმყოთი.

არადა ერთადერთი, რაც ნამდვილად ხდება ჩვენს თავს, აწმყოა და აქ, აწმყოში დეკემბერია, წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო: ფუსფუსი, ქუჩების განათება და ის უცნაური მღელვარება, რომელიც დიდ სიახლეს ახლავს ხოლმე. საბედნიეროდ, ბავშვებს ისევ სჯერათ კეთილი თოვლის ბაბუის, ახარებთ ბრჭყვიალა ნაძვის ხე და ესიზმრებათ ლამაზი, ზღაპრული სიზმრები.

გისურვებთ, ბავშვივით გაგხარებოდეთ და მათსავით აწმყოთი ცხოვრება შეგძლებოდეთ. გისურვებთ, თქვენც დაგიბრუნდეთ ეს ბავშვური და წრფელი სიხარულის შეგრძნება, როდესაც ერთი ნაპერწკალი საკმარისია, რომ აწმყო ააკაშკაშოს.

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ს მთავარი რედაქტორი

სრულად წაკითხვა