2026 წლის კანის კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა და საფრანგეთის რივიერა კვლავ მსოფლიო კინოსა და მოდის მთავარ ცენტრად გადაიქცა. ფესტივალის პირველი დღე ტრადიციულად ვარსკვლავური წითელი ხალიჩით და გრანდიოზული პრემიერით აღინიშნა.
79-ე კანის კინოფესტივალი ფრანგული რომანტიკული კომედიით The Electric Kiss გაიხსნა. პრემიერა Palais des Festivals-ში გაიმართა და სწორედ ამ საღამოს გამოჩნდნენ მსოფლიო კინოს ყველაზე ცნობილი სახეები წითელ ხალიჩაზე.

წლევანდელი ჟიურის პრეზიდენტი ცნობილი სამხრეთკორეელი რეჟისორი პაკ ჩან-ვუკია. ჟიურიში ასევე შედიან:
- დემი მური;
- ქლოე ჟაო;
- სტელან სკარსგარდი;
- ტაჰარ რაჰიმი;
- ლეა სეიდუ;
- ალისა რორვახერი;
- კარლოს რეიგადასი.
სწორედ დემი მურის გამოჩენა გახდა პირველი დღის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მომენტი.
მსახიობი წითელ ხალიჩაზე custom Jacquemus-ის ბრჭყვიალა კაბით და Chopard-ის სამკაულებით გამოჩნდა. მისი ჩაცმულობა ძველი ჰოლივუდის სტილს მოგაგონებთ.
მოდის კრიტიკოსების შეფასებით, დემი მურის სტილი სრულად პასუხობდა კანის ახალ, უფრო კლასიკურ და ელეგანტურ დრესკოდს.

წლევანდელი კანი განსაკუთრებით დრესკოდის გამკაცრების გამო მოექცა ყურადღების ცენტრში — ორგანიზატორებმა სტუმრებს მკაფიო წესები დაუწესეს და ეპატაჟური სტილის შეზღუდვა გადაწყვიტეს.
ფესტივალის ორგანიზატორებმა ოფიციალურად აკრძალეს:
- ზედმეტად გამჭვირვალე ე.წ. „შიშველი კაბები“;
- ძალიან დიდი შლეიფები;
- მოცულობითი კოსტიუმები, რომლებიც გადაადგილებას აფერხებს;
- სპორტული ფეხსაცმელი.

მამაკაცებისთვის სავალდებულო გახდა კლასიკური სმოკინგი ან მუქი ოფიციალური კოსტიუმი.

მედიის შეფასებით, კანის ორგანიზატორები ცდილობენ, წითელი ხალიჩა კვლავ კლასიკური ელეგანტურობის სიმბოლოდ აქციონ და ყურადღება კინოსკენ გადაიტანონ.

პირველი დღის წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებმა ცნობილი მოდის სახლების სამოსი მოირგეს.
- ჯეინ ფონდა — მსახიობს Gucci-ის შავი კაბა ეცვა.
- ჰაიდი კლუმი —Elie Saab Couture
- ელაიჯა ვუდი — კლასიკური შავი სმოკინგითა და Chopard-ის აქსესუარებით წარდგა.
- ჯეიმს ფრანკო — Giorgio Armani-ის კლასიკური სმოკინგი.
- ჯოან კოლინზი — თეთრი Haute Couture-ის სტილის კაბითა და ბრილიანტის სამკაულებით გამოჩნდა, თუმცა დიზაინერის სახელი ოფიციალურად არ დასახელებულა.
- ტაირის გიბსონი — კლასიკური შავი tuxedo-ით გამოჩნდა, თუმცა ბრენდი ოფიციალურად არ გახმაურებულა.
- მაურა ჰიგინსი – მაურას ენდრიუ კვონის კაბა აცვია.

ფესტივალის გახსნის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი პიტერ ჯექსონისთვის საპატიო „ოქროს პალმის“ გადაცემა იყო.
The Lord of the Rings-ის რეჟისორმა ჯილდო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო.
„ოქროს პალმა“ მას ელაიჯა ვუდმა გადასცა, რომელმაც სცენაზე თამამად განაცხადა, რომ ჯექსონმა „ფენტეზის ჟანრი სამუდამოდ შეცვალა“.

შეგახსენებთ, რომ კანის კინოფესტივალი წელს 23 მაისამდე გაგრძელდება და მასში „ოქროს პალმის რტოსთვის“ 22 ფილმი იბრძოლებს. საკონკურსო პროგრამაში შედის პედრო ალმოდოვარის, ასგარ ფარჰადის, რიუსუკე ჰამაგუჩის და ჯეიმს გრეის ახალი ფილმები.
ტექსტი: ანი შავიშვილი

3 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·