#OK! ბავშვების ჯადოსნური სამყარო – ინტერვიუ ზაზა ვარდიაშვილთან

5 days ago 8

რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვებს სჯეროდეთ თოვლის ბაბუის და ჯადოსნური სამყაროსი? რა სჭირდებათ ჩვენგან ჩვენს პატარებს და რა არის ის მთავარი პრინციპები შვილებთან დამოკიდებულებაში, რაც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს?

გთავაზობთ ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქოთერაპევტთან, კლინიკა „ჯერარსი ნეიროფიდბექის“ დამფუძნებელ ზაზა ვარდიაშვილთან ძალიან საინტერესო ინტერვიუს, სადაც თქვენთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხებს ამოიკითხავთ.

ახალი წელი გვიახლოვდება და ალბათ ბუნებრივი იქნება ჩემი კითხვა: რა დატვირთვა აქვს ბავშვისთვის თოვლის ბაბუის ზღაპარს? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჯადოსნური სამყაროს სჯეროდეთ და რა გავლენას ახდენს მათზე ეს წარმოდგენები?

იცით რა, ეს ჩვენი – უფროსების ასარჩევი არ არის, სჯეროდეს თუ არ სჯეროდეს ბავშვს ჯადოსნური სამყაროსი. ბავშვისთვის ფანტაზიასა და რეალობას შორის თავისთავად არ არის საზღვარი. ამიტომ არის ძალიან ლამაზი პერიოდი ბავშვობა, ბევრი ემოციით დახუნძლული. უფროსების ფუნქცია აქ ისაა, რომ ზედმეტ შიშებში არ გადავიდეს ეს საოცრებები და დროზე ადრე არ მოვუსპოთ ბავშვობა. ცოტა სხვანაირად რომ შევხედოთ, რა არის ბავშვობა? ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდობისთვის. შესაბამისად, ბავშვი განვითარების პროცესში გადის ბევრ ეტაპს. მაგალითად, არის შიშების სკალა, სადაც 6 წლის ასაკში შემოდის ზებუნებრივი არსებების შიში, ირეალური სამყარო. ეს გრძელდება დაახლოებით 9 წლამდე და მერე იწყება ბავშვის ცხოვრებაში კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი, ეს არის რელიგიური მოძღვრებებით დაინტერესება. ეს მოცემულობა დედამიწის ყველა კულტურაში ანალოგიურია. თავისთავად არის ასე – ბავშვს სჭირდება საოცრებებით სავსე სამყარო. მისი აღქმაც სხვანაირია. როცა მცირე ასაკის ბავშვები უფროსებთან ერთად რამეს ათვალიერებენ, მათ ჰგონიათ, რომ ჩვენც ვხედავთ ამ ყველაფერს. ბავშვის კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი ფაქტორი ისაა, რომ მას შეუძლია თავისი თავი დაინახოს შორიდან. ტვინს აღქმის ასეთი უნარი აქვს, ეს მერე, უკვე დიდებში, აღარ არის ასე. ბავშვმა უნდა ისწავლოს ემოციებთან გამკლავება, ამიტომ მას სჭირდება ფანტაზიები, იმაში დარწმუნება, რომ ის კარგი ბიჭია, კარგი გოგოა და იმსახურებს ყურადღებას, მაგალითად, თოვლის ბაბუისგან. ბავშვის თვითშეფასებას სჭირდება ეს.

რა ასაკიდან გადადის ბავშვი ფანტაზიებიდან რეალობაში? როდის წყვეტს ჯადოსნური სამყაროს დაჯერებას?

ეს ხდება დაახლოებით 12 წლიდან. აქაც საინტერესო ეტაპებია. ჯერ ხდება თვითშეფასების მინიმალური სტადიის მიღწევა, მერე იწყება პირველადი, მეორადი რებელიზაციის, აჯანყების ეტაპები. მერე კი უკვე იზრდება.

რა ასაკამდე სჯერათ ბავშვებს თოვლის ბაბუის?

საშუალოდ 9-10 წლის ასაკამდე გრძელდება ეს ზღაპარი. მას უნდა, რომ ამის სჯეროდეს, ამის მოთხოვნილება აქვს, სჭირდება.

მშობლები სულ ვცდილობთ გავახაროთ ჩვენი შვილები თოვლის ბაბუას სახელით. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, რომ ზუსტად ის საჩუქარი მიიღოს, რასაც სანტასგან ელის? თუ მთავარი ფაქტორი მაინც ყურადღებაა?

ბავშვი ამ ასაკში უდიდეს ყურადღებას აქცევს მშობლების რჩევას და მშობელს შეუძლია ძალიან სწორი დიალოგებით მიიყვანოს იმ საჩუქრამდე, რაც მას უნდა, რომ ბავშვს უყიდოს. ურთიერთობის სპეციფიკაა გადამწყვეტი. 9 წლამდე ასაკში ბავშვი ყოველთვის ითვალისწინებს მშობლების აზრს და რჩევებს. ძალიან კარგები არიან, მთავარია, სწორად წარვმართოთ მათთან ურთიერთობა.

ზღაპრებს რა გავლენა აქვს ბავშვების ფსიქიკაზე?

ზღაპარი მითური მომენტებია, რომელიც ასევე აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, ყველა კულტურაშია. ზღაპარი ემსახურება რამდენიმე მომენტს: ბავშვს ფსიქიკაში უჯდება აზრი იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, ცხოვრებაში დიდი მიღწევა ჰქონდეს, არის სიკეთეზე, გმირობაზე აქცენტები, რომანტიკული საფუძვლების მქონე ზღაპრები, არის გარკვეულ პატივისცემებზე აქცენტი. ეს ისაა, რაც განვითარების განმავლობაში კაცობრიობამ მხატვრულად გადმოსცა. პრაქტიკულად, ანალოგის მოძებნა შეიძლება, რასაც უყვებოდა ჩინეთში ბებია შვილიშვილს და რასაც საქართველოში ან თუნდაც საფრანგეთში ვუკითხავთ ბავშვებს. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს ადამიანებს, ერთიანს გვხდის განვითარების პროცესში. ეს სჭირდებოდა და სულ დასჭირდება კაცობრიობას. ზღაპარი, პრაქტიკულად, შეუცვლელია.

მარად აქტუალური კითხვა უნდა დაგისვათ: ყველაზე მეტად რა სჭირდებათ ბავშვებს ჩვენგან, მშობლებისგან?

ბავშვი თავიდანვე იბადება ერთი ფუნქცით, რომ უყვარდეთ და შეაყვაროს თავი. ამაზეა ახალშობილის ღიმილი, „აღუები“ და დანარჩენი სხვა აქტივობები. ეს მარტო ადამიანებში არაა, ეს ყველა ძუძუმწოვრის წესია, გამოიწვიოს ოქსიტოცინის ანუ ზრუნვის ნივთიერების გამოყოფა უფროსში. ეს არის უნივერსალური. შემდგომში მშობელს შეუძლია დაანგრიოს ყველაფერი და შეუძლია ამ სიყვარულს ასევე სიყვარულით და სწორი დამოკიდებულებებით უპასუხოს. ბავშვს სჭირდება სიყვარული, თანადგომა, ადამიანები, რომლებიც მისთვის მაგალითი იქნება, მას სჭირდება ახსნა-განმარტებები. მშობლები თავისდა უნებურად ხშირად სხვანაირად უდგებიან შვილებს, იყენებენ ჩხუბს, ყვირილს, მითითებებს, რაც ბავშვების თვითშეფასებას დიდ ზიანს აყენებს. აუცილებელია მშობლის სწორი კომუნიკაცია და დიალოგი ბავშვთან. ისეთ უვნებელი ფრაზები, როგორიცაა „რა ნელი ხარ“, „ეს როგორ ვერ გააკეთე“ საშინლად მოქმედებს შვილებზე. ცუდად მოქმედებს ბავშვზე, როცა მშობელი მას სხვა მის თანატოლს ადარებს – „ აი, ის ასეთია და შენ არა“. ბავშვზე ცუდად მოქმედებს, როცა მშობელი მას რაღაცას ჰპირდება და აღარ უსრულებს. მშობლისთვის ეს შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ბავშვისთვის მძიმედ გადასატანია. მათ სჭირდებათ სიყვარული და თანადგომა. იცოდეს, რომ უყვართ და რომ მშობელი მასთან ახლოსაა. მერე უკვე სჭირდება მეგობრობა. ბავშვი ყველაზე დაცულად გრძნობს თავს, თუ მშობელს მეგობრად მიიჩნევს. თუ შეუძლია, მშობელს ყველაფერი გაუზიაროს.

თინეიჯერობის ასაკში რა არის ის პრინციპები, რაც მშობლებმა უნდა დავიცვათ. ამ დროს ცოტა უფრო რთულდება ხოლმე საქმე.

აქაც საინტერესო ფაქტორია, რომ ბევრ შემთხვევაში მშობლები ართულებენ მდგომარეობას. 9 წლამდე ბავშვის მთავარი შიში არის მშობლის დაკარგვის შიში, ასე აღიქვამს ის სამყაროს და გარემოს. 9 წლიდან შემოდის სხვა ემოციები, ბავშვი დიდ აქცენტს აკეთებს სოციალიზაციაზე და ხანდახან მშობელი ამას ვერ იტანს, ეწყება შიშები. ბავშვს ისევ ისე უყვარს მშობელი, ისევ უნდა მასთან კომუნიკაცია, ჩაეხუტოს, მოუყვეს და ა.შ. საინტერესო ფაქტორს გეტყვით. დედამიწის პირველი, ჩვ. წ.-მდე 3000-4000 წლის წინანდელი წარწერები რომ ნახოთ, მაგალითად, ურის კოდექსში ამოიკითხავთ ტექსტებს – „ჩვენი შვილები არიან ურჩი არსებები, რომლებიც სამყაროს დაღუპავენ! არასწორად ლოცულობენ, ტრადიციებს არ იცავენ“. იგივე ხდება ეგვიპტურ, ებრაულ დამწერლობებში, ანალოგიური ტექსტები. ეს თაობათაშორისი მარადიული გაუგებრობაა. არადა კაცობრიობა იცოცხლებს მანამ, სანამ ჩვენს შვილებს სიახლეები და ცვლილებები ენდომებათ. ძალიან კარგია, რომ ისინი სხვანაირები არიან. თუმცა, ეს წარმოუდგენელია მშობლისთვის ბევრ შემთხვევაში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოგეხსენებათ, ბავშვი ციდან არ ვარდება, ის არის მშობლების გენეტიკის და ჩვევების გამგრძელებელი, მათი აღზრდის ნაყოფი. თვითონ მშობლები დააკვირდნენ თავს, როცა შვილების მიერ, მაგალითად, გაჯეტებთან გატარებულ დიდ დროზე წუწუნებენ, თავად შეამოწმონ – ისინი მეტ დროს ატარებენ ტელეფონებში, ვიდრე მათი თინეიჯერი შვილები. შვილისთვის მშობელი მაგალითია. გოგოს უნდა იყოს ისეთი, როგორიც დედაა. ბიჭს უნდა იყოს ისეთი, როგორიც მამაა და ეს განწყობა რჩება დიდხანს.

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა