არაერთხელ დაგვიწერია წარმატებულ ემიგრანტ ქალებზე, მაგრამ დღევანდელი ჩემი რესპონდენტის ისტორია განსხვავებული და უჩვეულოა. ის იმ მცირე გამონაკლისს მიეკუთვნება, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნებით აიხდინეს ოცნება. დედით ქართველმა ალიონა კონსტანტინოვამ 18 წელი საბერძნეთში და შემდეგ 5 წელი ამერიკაში იცხოვრა. სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობის და ახალ-ახალი ცხოვრებისეული გამოცდილებების პარალელურად ალიონა მუდმივად საკუთარი თავისა და მისწრაფებების ძიებაში იყო. საბოლოოდ კი ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მივიდა, დაბრუნებულიყო საქართველოში და საკუთარი ხედვა აქ განევითარებინა. ალიონას ისტორია გვახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაბრუნებაა. დაბრუნება იქ, სადაც შეგიძლია შექმნა, გააზიარო და გააკეთო ის, რაც ნამდვილად გიყვარს.
„სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ჩემი ადგილი საქართველოში იყო. აქ თავს კარგად ვგრძნობ, მხოლოდ აქ ვგრძნობ, რომ შინ ვარ“, – ამბობს ალიონა.
მისთვის საქართველოში დაბრუნება ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა, აისრულა დიდი ხნის სურვილი და ქალაქ ბათუმში შექმნა სამოსის მაღაზია „ალინაკი“, სადაც წარმოდგენილი სამოსი მხოლოდ სტილის გამოხატულება არაა, ეს არის ემოცია, განწყობა და თვითგამოხატვის ფორმა.

„ვფიქრობ, სტილი ჩარჩოში არ უნდა მოაქციო არც სქესით, არც სტერეოტიპებით, სწორედ ამიტომ „ალინაკი“ დღეს აერთიანებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის კოლექციებს, სადაც თითოეული დეტალი ინდივიდუალიზმის ხაზგასმას ემსახურება. „ალინაკში“ დაგხვდებათ მრავალფეროვანი არჩევანი – დაწყებული ყოველდღიური კომფორტული სამოსიდან, დამთავრებული ელეგანტური და გამორჩეული ლუქებით. აქ თითოეული სამოსი თითქოს კონკრეტული ადამიანის ისტორიას ერგება“.
ალიონას თქმით, მისი ყველაზე ძლიერი მხარე ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის განწყობის შექმნა და იმ სტილის პოვნაა, რომელიც მათ ყველაზე მეტად უხდებათ.
„ლამაზი და კომფორტული სამოსი ყოველთვის მეტ თავდაჯერებულობას გვძენს, რაც, თავის მხრივ, აისახება ჩვენს განწყობაზე. ეს არის საშუალება, ადამიანს თავი უკეთ ვაგრძნობინო. სწორედ ეს მიდგომა განასხვავებს „ალინაკს“ ბაზარზე – გამოცდილება, რომელიც მომხმარებელს რჩება. ინდივიდუალური მიდგომა, დეტალებზე ყურადღება და ხარისხი ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც ადამიანი უბრალოდ კი არ ყიდულობს, ის პოულობს საკუთარ სტილს“.

მომავლის გეგმებიც ამავე ფილოსოფიას ეყრდნობა. ალიონა გეგმავს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ხაზის კიდევ უფრო განვითარებას, ასევე ონლაინმიმართულების გაძლიერებას, რათა „ალინაკი“ უფრო ფართო აუდიტორიამ გაიცნოს.
„ჩემი მიზანია მომხმარებელს ყოველ ჯერზე შევთავაზო გამორჩეული კოლექციები. „ალინაკი“ არ მიჰყვება მოდას – ის ქმნის განწყობას, რომელსაც ადამიანები საკუთარ სტილად აქცევენ“.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ლაურა ზოიძე

5 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·