ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ონკოლოგიის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლე დაამტკიცა – ახალი პრეპარატი vepdegestrant (Veppanu), რომელიც მსოფლიოში პირველი ოფიციალურად დამტკიცებული PROTAC-თერაპიაა.
მედიკამენტი შექმნილია კომპანიების Arvinas-ისა და Pfizer-ის თანამშრომლობით და გათვლილია ზრდასრულ პაციენტებზე, რომელთაც ძუძუს კიბოს პროგრესირებული ან მეტასტაზური ფორმები აქვთ. პრეპარატი მოქმედებს ჰორმონზე დამოკიდებულ სიმსივნეებზე და ყოველდღიური, პერორალური მიღების ფორმით ინიშნება, რაც მკურნალობის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ახალი თერაპიის მთავარი განსხვავება მისი მოქმედების მექანიზმია. არსებული მედიკამენტების უმეტესობა დაავადების გამომწვევ ცილებს მხოლოდ აფერხებს, მაშინ როცა PROTAC ტექნოლოგია ორგანიზმის ბუნებრივ სისტემას იყენებს და პრობლემურ პროტეინებს მთლიანად შლის. სწორედ ეს მიდგომა მიიჩნევა მეცნიერების მიერ კიბოს მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად.

ტექნოლოგიის საფუძველი იელის უნივერსიტეტის ქიმიკოსმა კრეიგ ქრუზმა შექმნა, რომელმაც ცილების კონტროლის მექანიზმების კვლევა 25 წლის წინ დაიწყო. მოგვიანებით ეს კვლევები გადაიზარდა იდეად, რომელიც სიმსივნის განვითარებაზე პასუხისმგებელი მოლეკულების მიზანმიმართულ განადგურებას გულისხმობდა – კონცეფცია, რომელმაც საბოლოოდ PROTAC პლატფორმის შექმნა შესაძლებელი გახადა.
ექსპერტების შეფასებით, პირველი PROTAC მედიკამენტის დამტკიცება მხოლოდ ერთი პრეპარატის წარმატებას არ ნიშნავს. ეს შესაძლოა გახდეს საფუძველი ახალი თაობის თერაპიებისთვის, რომლებიც მომავალში გამოყენებული იქნება როგორც სხვადასხვა ტიპის კიბოს, ისე ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობაში და მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები უკვე აქტიურად მუშაობენ მსგავსი ტექნოლოგიის განვითარებაზე.

3 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·