IPI: მზია ამაღლობელის დაკავება „ოცნების“ მცდელობაა, ის, რაც დარჩა ქვეყანაში თავისუფალი პრესისგან 

3 months ago 50

ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნის მე-100 დღეს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) კვლავ გამოხატავს სოლიდარობას მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ. ორგანიზაცია მოითხოვს ჟურნალისტის გათავისუფლებას.

„მზიას დაკავება არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აშკარა მცდელობა, ჩაახშონ კრიტიკული ხმები, დააშინოს დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგუროს ის, რაც დარჩა ქვეყანაში თავისუფალი პრესისგან.

მიუხედავად ამ თავდასხმისა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ქართველი ჟურნალისტები, მათ შორის, მზია, ბრძოლას აგრძელებენ“, - წერია განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნას.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

სრულად წაკითხვა