Axios: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში გაემგზავრა

4 months ago 25

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გაემგზავრა მოსკოვში, სადაც პარასკევს, 11 აპრილს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს ამერიკული გამოცემა Axios-ი.

გამოცემის თანახმად, ტრამპი უკმაყოფილოა უკრაინაში ზავის მისაღწევად პროგრესის არარსებობის გამო და თუ აპრილის ბოლომდე შეთანხმება არ იქნება, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები აამოქმედოს პირადი განკარგულებით, ან კონგრესისთვის მიმართვის გზით.

სტივ უიტკოფი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდა 2025 წლის მარტშიც.

უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად უკრაინა დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ შეთანხმებაზე თანხმობა არ უთქვამს.

აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გამართეს 23-25 მარტსაც. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე.

თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.

სრულად წაკითხვა