შაბათის ღამით კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის (ГСЧС) ცნობით, 7 ადამიანი კიევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დარნიცკის რაიონში დაიღუპა, ხოლო 2 დედაქალაქის დასავლეთით, სოლომენსკის რაიონში.
დაშავებულებს შორის, სამაშველო სამსახურის ცნობით, ოთხი ბავშვია.
თავდასხმას მოჰყვა ნგრევაც, სამაშველო სამსახურის ცნობით:
- სოლომენსკის რაიონში ნაწილობრივ დაინგრა და ხანძარი გაჩნდა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში, ავტოსადგომზე მანქანები დაიწვა;
- დარნიცკის რაიონში დაინგრა და ცეცხლი გაუჩნდა ადმინისტრაციულ და არასაცხოვრებელ შენობებს;
- კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობაში, ასევე ცეცხლი მოეკიდა „სწრაფი დახმარების“ ავტომობილებს;
- დნეპროვსკის რაიონში დაზიანდა მაღაზია, ხოლო ცენტრში, პეჩერსკის რაიონში დაზიანდა ოთხი კერძო სახლი და სამეურნეო ნაგებობები.
ორი ადამიანი დაშავდა კიევის ოლქში, სადაც, მაშველების მიერ გამოქვეყნებული ფოტოებისა და ვიდეოების მიხედვით, ხანძარი დიდ საწყობს გაუჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შაბათის ღამეს უკრაინის საჰაერო ძალებმა 27 რუსული ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ ერთის ჩამოგდება შეძლეს PATRIOT-ის კომპლექსების რაკეტების დეფიციტის გამო.
მისი თქმით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 35 რაკეტით (მათ შორის 27 ბალისტიკური) და სხვადასხვა ტიპის 185 დრონით შეუტია.
„მთავარი სამიზნე კიევია. თუმცა დარტყმები განახორციელეს დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებზეც“, — დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·