WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში შეჩერებულია ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც 2022 წელს ამოქმედდა.

მიზეზი საქართველოს განათლების სამინისტროსთან პროგრამის გაგრძელებაზე და დაფინანსებაზე შეუთანხმებლობა გახდა.

უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან ირკვევა, რომ ქართული ენის დაწყებით კურსზე მიღება შეწყვეტილია.

ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ დაფინანსება პოლიტიკური მიზეზით არ გამოიყო.

„2022 წელს, სტივენ ჯონსის თაოსნობითა და განათლების სამინისტროს დაფინანსებით, ჰარვარდის უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველოს შემსწავლელი პროგრამა. Endowment/ფონდის თანხა არ გამოიყო. თუ სწორად მახსოვს, 2.4 მილიონი დოლარით დაფინანსდა პროგრამა. ამის თვითმხილველი მე ვარ, ოთხი წლის მანძილზე რა საოცარი შედეგები დაიდო სუფთა აკადემიური კუთხით. რაც მთავარია, სტივენმა მოახერხა ყველა ბიუროკრატიული და ლობისტური ბარიერის გადალახვა და ჰარვარდის უნივერსიტეტი მზად იყო endowment/ფონდის შესაქმნელად თანხა მიეღო.

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არასწორად ეგონა, რომ ჰარვარდში პროპაგანდის ინსტრუმენტს ქმნიდა. ასე მაგალითად, 2023 წელს, რუსული კანონის პირველი ინიციირებისა და დარბევებისას, მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილს ჰარვარდში ჩასვლა და ლექციის წაკითხვა მოუნდა, რაზეც ცივი უარი მიიღო. ამის შემდეგ იყო სტივენ ჯონსს რომ უთხრა მაშინდელმა განათლების მინისტრმა ჩემზე, მაგას რა უნდა ჰარვარდშიო, საერთოდ დაანებე ილიაუნისთან თანამშრომლობას თავიო და ა.შ. ჰარვარდის endowment/ფონდების საერთო ღირებულება 57 მილიარდი დოლარია. შენი 2.4 მილიონი დოლარის გულისთვის არავინ დაიზიანებს რეპუტაციას. ქოცებს იმედები გაუცრუვდათ და 2026 წელს ოფიციალური წერილი მიწერეს ჰარვარდს, რომ წყვეტენ დაფინანსებას. მიზეზად მათ შორის ეწერა ის, რომ პროგრამის დირექტორი ტენდენციური კაციაო, ესე იგი ჩვენი პროპაგანდისტი არ არისო. ამის შემდეგ, სტივენმა ჩაიცვა რკინის ქალამნები და მოიარა ქართული ბიზნესი, ვისაც ამ 10 მილიონის გადახდა შეეძლო. მათ შორის, ორივე დიდი ბანკი. არაფერი, სრულიად არაფერი… პროგრამა, ფაქტობრივად, დაიხურა. დახურვის მხოლოდ ბიუროკრატიული ნაწილიღა დარჩა გასაფორმებელი“, — დაწერა ბექა კობახიძემ სოციალურ ქსელში.

ამასთან, მისივე თქმით, სტივენ ჯონსის ნაცვლად ახლა პროგრამას „პოლიტიკურად უსაფრთხო“ დირექტორი ჰყავს პროგრამას და წესით, ხელისუფლებაც არ გაბრაზდება, თუ ბიზნესი მის დაფინანსებას გადაწყვეტს.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოხატა და ამისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსებაც გამოყო. კერძოდ, პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში სამინისტრომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გააგრძელა, მათ შორის 2026 წლის 31 მარტამდე, რათა პროგრამას, „დარჩენილი აქტივობების დასრულებისა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოდგენის შესაძლებლობა ჰქონოდა“.

„სამინისტრომ ჰარვარდს ასევე სთხოვა შესრულებული სამუშაოების ანგარიში და პროგრამის შემდგომი განვითარების კონკრეტული ხედვა. თუმცა, პროგრამის შემდგომი გაგრძელება ვერ შეთანხმდა, რადგან პროგრამის ახალი ეტაპის დასაწყებად სამინისტროსთვის არ ყოფილა წარმოდგენილი შეთანხმებული პროგრამა, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტულ აქტივობებს, ბიუჯეტს, განხორციელების ვადებსა და გაზომვად შედეგებს. შესაბამისად, ახალი ეტაპის დამტკიცების საფუძველი არ არსებობდა“, – აცხადებს განათლების სამინისტრო.

უწყების ცნობით, პროგრამის დასრულების შემდგომ, სამინისტრომ, ჰარვარდის პოზიციის გათვალისწინებისა და შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, კვლავ გამოხატა მზადყოფნა, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიზნებთან და დანიშნულებასთან შესაბამისი ერთობლივი აქტივობების განსახორციელებლად.

„შესაბამისად, ჰარვარდს აქვს შესაძლებლობა, გამოყოფილი ფინანსური რესურსი კვლავ პროგრამის მიზნებისთვის მიმართოს, ფინანსური ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით ჰარვარდთან აკადემიურ თანამშრომლობაზე უარს არ ნიშნავს. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სახელმწიფო რესურსის ეფექტიან და ანგარიშვალდებულ მართვას და ახალი ეტაპის დასაწყებად აუცილებელი პროგრამული და ფინანსური ჩარჩოს არსებობას.
განათლების სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე. საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და სახელმწიფო რესურსის ეფექტიან გამოყენებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც შედგება სამი კომპონენტისგან — კვლევები, სწავლება და სტიპენდიები — ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ამოქმედდა 2022 წლის თებერვლიდან, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით ამოქმედდა. პროგრამას ხელი უნდა შეეწყო როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებისა და გაცვლისთვის.