პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა ჰამასმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ დასთანხმდება ღაზის ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის ზოგიერთ პირობას, მათ შორის მძევლების გათავისუფლებას.
ტრამპმა საპასუხოდ თქვა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის სექტორის დაბომბვა და რომ სჯერა, რომ ჰამასი მზადაა მშვიდობისთვის.
ჰამასმა თავი აარიდა უფრო მწვავე საკითხებს, მათ შორის
განიარაღებას და განაცხადა, რომ დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.
ჰამასს არ უთქვამს, დასთანხმდება თუ არა ღაზის განიარაღებასა და დემილიტარიზაციას - რასაც ისრაელი და აშშ ითხოვენ და რაც ჰამასმა ადრე უარყო. ის ასევე არ დასთანხმდა ისრაელის არმიის ეტაპობრივ გასვლას პალესტინელთა ტერიტორიიდან, ღაზის სექტორიდან - ჰამასი დაუყოვნებლივ სრული გასვლის მომხრე იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი 20-პუნქტიანი გეგმის მისაღებად ჰამასს ორდღიანი ვადა მისცა და დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე დადგებოდა. მანვე განაცხადა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა.
აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის განცხადების შემდეგ ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ ჰამასი მშვიდობისთვის მზად არის. ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა "ალ-ჯაზირას" განუცხადა, რომ ჯგუფი არ განიარაღდება მანამ, სანამ ისრაელი ღაზაში ოკუპაციას არ შეწყვეტს.
ტრამპის გეგმის საპასუხოდ, ჰამასმა ასევე განაცხადა, რომ „აფასებს არაბული, ისლამური და საერთაშორისო, ასევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც სხვა პირობებთან ერთად ითხოვს ღაზის სექტორში ომის დასრულებას, პატიმრების გაცვლას და ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ შეტანას“.
ჰამასი ადასტურებს, რომ მომხრეა „ყველა პატიმრის - როგორც ცოცხლის, ასევე დაღუპულთა ნეშტების - გათავისუფლების, პრეზიდენტ ტრამპის გეგმით მოცემული ფორმულის შესაბამისად გაცვლის საჭირო პირობების შექმნით“ და დასძენს, რომ „ამ კონტექსტში ადასტურებს მზადყოფნას, დეტალების განსახილველად დაუყოვნებლივ ჩაერთოს მოლაპარაკებებში შუამავლების მეშვეობით.“
ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ მზადაა „ღაზის სექტორის მმართველობა გადასცეს პალესტინელთა დამოუკიდებელ (ტექნოკრატების) ორგანოს, პალესტინის ეროვნული კონსენსუსის საფუძველზე არაბული და ისლამური ქვეყნების მხარდაჭერით“.
ჰამასი ადრე ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ღაზის სექტორის მართვის სხვა ორგანოსთვის გადაცემის წინადადებით გამოვიდა.
ტრამპის გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ჰამასის მიერ დაკავებული ყველა მძევლის გაცვლას ისრაელის მიერ დაკავებულ პალესტინელ პატიმრებზე, ისრაელის ეტაპობრივ გაყვანას ღაზიდან, ჰამასის განიარაღებასა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით გარდამავალი მთავრობის შექმნას.
3 ოქტომბერს, უფრო ადრე, ტრამპმა ჰამასი გააფრთხილა, რომ ღაზაში „ჯოჯოხეთი“ დაიწყება, თუ ის არ დასთანხმდება მის წინადადებებს.
გასულ კვირას არაბული და მუსლიმური ქვეყნებისთვის თავისი გეგმის წარდგენის შემდეგ, ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ბენიამინ ნეთანიაჰუს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს და განაცხადა, რომ ის აკმაყოფილებდა ისრაელის ომის მიზნებს.
ტრამპის გეგმა „შესაძლებლობების ფანჯარაა“, თქვა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების უწყების ხელმძღვანელმა ტომ ფლეტჩერმა:
„პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა ღაზაზე შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ის პალესტინელებს სთავაზობს როგორც შანსს, მიიღონ სიცოცხლის გადასარჩენად დახმარება სასწრაფოდ და საჭირო მოცულობით, ასევე დააბრუნონ
მძევლები სახლში“, - განაცხადა ფლეტჩერმა 3 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელმა ღაზაში საომარი მოქმედება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, როცა, ისრაელის მონაცემებით, დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს.
ღაზის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, რომელსაც გაერო აღიარებს, ისრაელის საომარ მოქმედებებს ღაზაში ემსხვერპლა 66 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.