საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზუმმა და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა 20 სექტემბერს ხელოვნების სასახლეში ბაგრატიონების დინასტიის უნიკალური გამოფენა გახსნა.
ბაგრატიონები საქართველოს სამეფო დინასტიაა და ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი გვარია. წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის (ისპირის) პროვინციიდან იყვნენ (ამჟამად თურქეთის ისპირის რაიონი). მათ დინასტიური კავშირები ჰქონდათ შირვანშაჰებთან, ბიზანტიის დუკებისა და კომნენოსების დინასტიებთან, აგრეთვე ბურბონებისა და რომანოვების სამეფო ოჯახებთან.
გამოფენაზე წარმოდგენილია საგვარეულოს 24 პორტრეტი (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი – XIX საუკუნის დასაწყისი), მათ შორის გიორგი XI-ის, ირაკლი ბატონიშვილი ალექანდრეს ძე ბაგრატიონ გრუზინსკის, გრიგოლ ბატონიშვილის, ერეკლე მეორის, თეკლა ბატონიშვილის, ვახტანგ ბატონიშვილის, ეკატერინე ბატონიშვილის, პატარა კახისა და მეფე თამარის პორტრეტები.
გამოფენაზე ასევე იხილავთ ნივთებს – სამეფო აღკაზმულობას, იარაღს, ბაგრატიონების გერბსა და ასტროლაბს, რომელიც მეფე ვახტანგ VI-ის დაკვეთით ირანში დამზადდა.
ექსპოზიცია უნიკალური შესაძლებლობაა ბაგრატიონთა დიდებული დინასტიის წარსულისა და მემკვიდრეობის უკეთ შესაცნობად. პორტრეტები, სამეფო რელიქვიები და ისტორიული საგანძური დამთვარიელებელს საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნოს ბაგრატიონთა გვარის ისტორიას.
ხელოვნების სასახლეში გახსნილი გამოფენა დამთვარიელებელს 20 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.