"ტვ პირველის" ინფორმაციით, ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც, ყოფილი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ.
ტელეკომპანიის განმარტებით, მარიამ მაკასარაშვილს თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი, ასევე წვა აღენიშნება.
"ბუნებრივია, მასთან არსებობდა კითხვები და სწორედ ამ კითხვების დასასმელად მოვედით მის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდნენ გიორგი შინჯიკაშვილის ოჯახის წევრები. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შინჯიკაშვილის მამასთან და ინტერვიუ ჩავწერეთ. მამამ თქვა, რომ რამდენიმე წამის წინ გაიგო ინფორმაცია, რომ მისმა შვილმა დატოვა თანამდებობა. როდესაც ჩვენ ვტოვებდით მიმდებარე ტერიტორიას და ვიღებდით მასალას, გიორგი შინჯიკაშვილის მამა მოულოდნელად აგრესიული გახდა ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართ. ის ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა, თავდაპირველად, ჩემს ოპერატორს ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა, კამერა წაართვა, რომლითაც ამ ინტერვიუს ვიღებდით. ამის შემდეგ, როდესაც დამინახა, რომ ოპერატორის გვერდით ვიდექი და ხელში ჩემი კუთვნილი მობილური მეჭირა, ეს მობილურიც გამომართვა და გადავიდა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ ხელიც კი გამარტყა" - აცხადებს მარიამ მაკასარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში "ფესბუქზე" დაწერა. როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა.