“ხალხს საკვების მარაგი გამოელია, გვჭირდება მოხალისეები იმერეთში” – რა მდგომარეობაა დასავლეთში

2 months ago 9

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემას ისევ ებრძვიან.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მოხალისეებს უწევს მხარდაჭერას, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ რთული ვითარებაა როგორც გურიაში, ასევე იმერეთში.

„ახლა ყველაზე რთული სიტუაცია არის ჩოხატაურში, ოზურგეთის მხარეს ჯუმათისკენ, სადაც მოხუცებამდე მოხალისეები ვერც კი აღწევენ. იმიტომ, რომ გზა გაწმენდილი არ არის. ესენი კი ჩადიან სპეციალური ეკიპირებით, მაგრამ ეს არ ეხმარება მათ, რადგან ფიზიკურად ვერ ახერხებენ შიგნით შესვლას“, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ამ დროისთვის სამი ტრაქტორი იქირავეს გურიის რეგიონისთვის. მისი თქმით, ძალიან ბევრი ოჯახია, სადაც მოხალისეები ბოლომდე ვერ მიდიან.

„ახლა იმის წინაშე დავდექით, რომ ხალხს საკვების მარაგი გამოელია. ერთი ეტაპია, რომ ამ ადამიანებამდე მიხვიდე და მეორე ეტაპია, რომ სადაც მისვლა შეგვიძლია, იქაც უკვე საკვები გვაქვს დასარიგებელი. გურიას ძალიან უჭირს სოციალურად, ისევე, როგორც ვანს. აქაც სოციალურად დაუცველი ადამიანები ცხოვრობენ.

მოხუცებს წნევის წამალი ყველას სჭირდება, ძალიან ბევრი დიაბეტით არის, სპეციალური  მედიკამენტები სჭირდებათ ამ ადამიანებს. ახლა ვანში ვართ ძალიან ჩართულები და გურიაში“, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი გვეუბნება, დამატებით 5 ჯგუფი შეიქმნა იმერეთის რეგიონის დასახმარებლად. მოხალისეებიც წავლენ როგორც ხარაგაულში, ისე სამტრედიასა და ვანში.

თუმცა მისი თქმით, იმერეთში მოხალისეების დამატება სჭირდებათ.

„განსაკუთრებით ისეთი მოხალისეები, ვისაც რიკოთის გავლა არ მოუწევთ. მაგალითად, ვანში, ქუთაისში… რომ ცხოვრობდნენ. ასეთ მოხალისეებს მივმართავთ ყველას, რომ ჩაერთონ პროცესში“, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ დიდთოვლიან რაიონებში მოხალისეების საჭიროება არაა.

„ხალხს ჰკითხონ არის თუ არა მოხალისეების საჭიროება. მე დღეს დილით„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ ხარაგაულში მოხალისეები არ გვჭირდებითო. ეს ქალბატონი Facebook-ზე მოვნიშნე და ხარაგაულელებს მივმართე, რომ ასე ფიქრობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში და შეგიძლიათ ნახოთ, რაც იმ ქალს უპასუხეს თოვლში ჩარჩენილმა ადამიანებმა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა.

აქ ხომ იმაზე არ არის ლაპარაკი თოვლში ჩარჩენილი ადამიანი პოლიტიკურად ვინ არის. ვის აინტერესებს ეს საერთოდ. ადამიანები ჩავედით ადამიანების დასახმარებლად და პოლიტიკურ კონტექსტში ამ თემის განხილვა არის ღორობა“, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მთავრობას, მათ შექმნილი აქვთ საკოორდინაციო შტაბი. „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გურიის რეგიონში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რათა სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზების გაწმენდა რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია, კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან, სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გრძელდება მუდმივ რეჟიმში, 10 000 ერთეული დახმარების პაკეტი ჩამოვა გურიაში, ინტენსიურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები“.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები აქტიურად იწმინდება, ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგენილია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის მიმართულებაზე, ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია სოფლებიდან ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების წმენდის კუთხით.

„სხდომაზე აღინიშნა, რომ გზების გაწმენდა შესაბამის სამსახურებს პრობლემურ წერტილებში ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოების დაწყების საშუალებას მისცემს. გუშინდელი მონაცემებით, ელექტროენერგია რეგიონის დაახლოებით 10 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ნაწილობრივ აღდგა ძიმითსა და ჯუმათში. ინტენსიური მუშაობა გრძელდება ნასაკირალში, ვაკიჯვარსა და ლიხაურში, სადაც ელექტრომომარაგების აღდგენას კომპანიის წარმომადგენლები დღის ბოლომდე ვარაუდობენ“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  გურიის რეგიონში შექმნილია დისლოკაციის 6 ადგილი. დისლოკაციის ადგილებზე განთავსებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შტაბები, სადაც მეხანძრე-მაშველებთან ერთად თავდაცვის, ასევე საპოლიციო ძალებისა და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სპეცტექნიკა.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ასევე ჩართულია თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები.

სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე მუშაობენ, რომლის შესახებაც დავალებას საკოორდინაციო შტაბიდან იღებენ.

„სამხედროები, ასევე, დრონების საშუალებით სხვადასხვა მიმართულებაზე დაზიანების აღმოჩენისა და ელექტროენერგიის ოპერატიულად აღდგენის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ თანამშრომლობენ. ჯარისკაცები, შტაბთან კოორდინაციით, ოპერატიულად ეხმარებიან მოსახლეობას და საჭიროების შემთხვევაში, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფენ“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ფოტო: გელა მთივლიშვილი

სრულად წაკითხვა