ჭიათურაში სამთო მოპოვებასთან დაკავშირებული დავის გამწვავების ფონზე ოთხი პირი დააკავეს

1 week ago 5

29 აპრილს, ოთხი პირი დააკავეს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე, თენგიზ კობერიძეზე თავდასხმის ბრალდებით იმ ფონზე, როცა ჭიათურაში მაღაროელებსა და მმართველ კომპანიას შორის მიმდინარე შრომით დავაში დაძაბულობა გაიზარდა. ქალაქის მოსახლეობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ძირითადად სამთო მოპოვების ინდუსტრიაზეა დამოკიდებული, ბოლო თვეებში განსაკუთრებით მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

აქციის მონაწილეების თქმით, სამი დაკავებული პირი – გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე და თენგიზ გველესიანი – საპროტესტო კარვიდან გაიყვანეს, ხოლო არჩილ ჭუმბურიძე საკუთარ სახლში დააკავეს. დაპატიმრებებმა ჭიათურაში საპროტესტო აქციები გამოიწვია, სადაც მაღაროელებმა საზოგადოების მხარდაჭერა ითხოვეს.

ექვსი მაღაროელი 28 აპრილიდან შიმშილობს, ხოლო ერთ მაღაროელს, ირაკლი ჯიქიძეს, რომელიც რამდენიმე დღეა მშრალ შიმშილობაზეა, სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი-მ (CMC) 23 აპრილს განაცხადა, რომ რეორგანიზაციის დაწყებას და წარმოების აღდგენას გეგმავს და პირობა დადო, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება. კომპანიამ ასევე დადო პირობა, რომ ამჟამინდელ თანამშრომლებს ახალ პოზიციებზე თანაბარი წვდომა ექნებათ სამეტაპიანი შიდა კონკურსის მეშვეობით და რომ  წარმოების განახლების პროცესს „მაღალკვალიფიციური მენეჯერი მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებს“.

თავის მხრივ, 24 აპრილს მაღაროელებმა CMC-ის მიერ შემოთავაზებული შვიდპუნქტიანი შეთანხმება გამოაქვეყნეს, რომელიც, ხელმოწერის შემთხვევაში, რესტრუქტურიზაციის გეგმაზე თანამშრომლების თანხმობის დასტური იქნება. შეთანხმებაში შედის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი მუშა შეიძლება გათავისუფლდეს, რომ კომპანია არ უზრუნველყოფს ხელახლა დასაქმებას და რომ რვასაათიანი სამუშაო დღე იქნება შემოღებული.

28 აპრილს, მაღაროელების ადვოკატმა, ვახტანგ ნაცვლიშვილმა, შეთანხმებას მანიპულაციური უწოდა და მედიას განუცხადა, რომ მუშებს არ აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეორგანიზაციის შემდგომი სამუშაო პირობების, მათ შორის, დაკომპლექტების გეგმებისა და დაქირავების პროცედურების შესახებ.

მაღაროელები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უშუალო ჩარევას მოითხოვენ კრიზისის მოსაგვარებლად და ეწინააღმდეგებიან კომპანიის რეორგანიზაციის გეგმას. თუმცა ამ თხოვნებმა ჯერჯერობით შედეგი არ გამოიღო. მაღაროელებმა 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ჭიათურაში მასშტაბური დემონსტრაციის გამართვის გეგმები დააანონსეს.  

ჭიათურაში მიმდინარე კრიზისი 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ თავდაპირველად შეაჩერა ოპერაციები. მაშინ კომპანიამ პირობა დადო, რომ ოთხი თვის განმავლობაში მოაგვარებდა ფინანსურ პრობლემებს და მაღაროელებს ხელფასების 60%-ს გადაუხდიდა შეჩერების პერიოდში. თუმცა, მომიტინგეები აცხადებენ, რომ ეს ვალდებულებები არ შესრულდა.

თებერვალში „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოპოვებითი სამუშაოების სრული შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება, რის შედეგადაც დაახლოებით 3,500 მუშა სამსახურიდან გათავისუფლების წინაშე დგას. მარტში, ასობით ჭიათურელმა მაღაროელმა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, საპროტესტო აქცია გამართა და სამთო მრეწველობის ნაციონალიზაცია და გადაუხდელი ხელფასების გადახდა მოითხოვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა