გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა.
გიორგი ვაშაძე ისე, როგორც სხვა ოპოზიციონერი ლიდერები „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა დაიბარა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარეა.
ოპოზიციონერი ლიდერებიდან სხდომაზე მხოლოდ გიორგი გახარია მივიდა (პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი), სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გამოკითხვაზე გამოუცხადებლობის გამო.
ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს პოლიტიკოსებს: მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი).
ამ ოპოზიციონერების წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე - „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ - მუხლით.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.