შესაბამისი მონაცემები მოყვანილია რუსეთის ცენტრალური ბანკის განახლებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზში, რომელიც 6 აგვისტოს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ეკონომიკის ზრდა 1,4% იყო, რაც ცენტრალური ბანკის მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე (2%) ნაკლებია.
მეორე კვარტალში მთლიანმა შიდა პროდუქტმა მცირედით ზრდა დაიწყო და 1,8% შეადგინა, თუმცა მესამე კვარტალში ისევ კლებაა და სავარაუდოდ, 1,6% იქნება.
რაც შეეხება 2025 წლის ბოლო, მეოთხე კვარტალს, რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა 0,0-1,0% იქნება.
გამოცემა The Moscow Times-ს მოჰყავს Bloomberg Economics-ის ანალიტიკოსის, ალექს კოკჩაროვის შეფასება, რომ რუსეთის არმიის საჭიროებების გამო სამხედრო მრეწველობისთვის სახელმწიფოს მიერ მიცემულმა დაკვეთებმა, რომელთა მოცულობა ტრილიონობით რუბლს შეადგენდა, 2023-2024 წლებში რუსეთის ეკონომიკა 8%-ით გაზარდა, თუმცა ახლა მასზე უკვე აისახება ომის შედეგები, დასავლეთის სანქციები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები. მილიარდობით დოლარის ზარალს განიცდიან რუსეთის მეტალურგიული და ნავთობის და გაზის კომპანიები.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება მუდმივად აცხადებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა მდგრადობას შეინარჩუნებს.