თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში ძმებ ჭოხონელიძეების და ზუკა ხუციშვილის კონცერტი პროტესტის ფონზე წარიმართა.
მომღერლებს ადგილზე შეკრებილთა ნაწილი სთხოვდა, რომ მათე დევიძისათვის 4 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე კომენტარი გაეკეთებინათ, თუმცა მათ დამსწრე საზოგადოების თხოვნა არ გაითვალისწინეს.
“ჩემი მეგობარი დაიჭირეს, ოთხ წელიწად-ნახევრით ჩასვეს. გთხოვთ, ერთი სიტყვა თქვით” – მიმართავდა სინდისის პატიმრის მხარდამჭერი ძმებ ჭოხონელიძეებს.
ფაქტმა, რომ მომღერლებმა მოქალაქეების თხოვნა დააიგნორეს და ღონისძიება ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს, შეკრებილთა ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია. “სირცხვილია” – სკანდირებდნენ თსუ-ს მეორე ეზოში მყოფი ადამიანები.