ძალიან საყურადღებო ვიდეო თამრიკო ჭოხონელიძისგან

1 month ago 2

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ძალიან საყურადღებო ვიდეო გაავრცელა – ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი მალხაზ ერქვანიძის ქართული საგალობლების აღდგენა-აღორძინების განუზომელ ღვაწლზე საუბრობს. ეს ის მალხაზ ერქვანიძეა, რომელსაც სტუდენტებისთვის ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის სწავლება აუკრძალეს – არაკომპეტენტური ხარო.

თამრიკო ჭოხონელიძე:

“ბატონო ანზორ, ნათელი დაადგეს თქვენს სულს! წყალში ჩაგიყარეს თქვენი თოთოეული სიტყვა, აღარაფერს აქვს ფასი, იქნებ აღარც აზრი აქვს არაფერს… კაცს, რომელსაც თქვენ ასე ენდობოდით, ქედსაც კი იხრიდით მისი ჭეშმარიტი პროფესიონალიზმისა და ღირსეული მოღვაწეობის წინაშე, ვისაც თამამად უტოვებდით საპატრონოდ ჩვენი წინაპრების მიერ რუდუნებით, წვალებით სიცოცხლის ფასად გადარჩენილ ქართულ ტრადიციულ გალობას – დღეს კომპეტენტურობა დაუწუნეს. არაფერი მიკვირს, უბრალოდ სიმწრით მეცინება, თუმცა, სასაცილოდ მათ გაიხადეს თავი, ვინც ეს იკადრა, ან როგორ მოუბრუნდათ ენა ამ სიტყვის სათქმელად?!

მე ერთს ვიტყვი, მალხაზ, ჩვენ ვამაყობთ შენით, გავა დრო და შენი შრომა და თავგანწირვა შენი საქმის მიმართ აუცილებლად დაფასდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. კარგად მახსოვს მამაჩემის ნათქვამი – ბადალი არ ჰყავს ქართული ტრადიციული გალობის სფეროშიო, დიდ საქმეებს გააკეთებსო. ალბათ, დღეს მამაც და ბატონი ანზორიც ცოცხლები რომ იყვნენ, ძალიან ხმამაღლა იტყოდნენ სათქმელს, ფარად აგეფარებოდნენ არა მარტო შენ, არამედ ჩვენი ერის მომავალს, რადგან ამ უგუნურებს როგორც ჩანს, მიზნად ერთი რამ აქვთ დასახული – მომავალ თაობებს დაავიწყონ და მოუსპონ ის, რაც საამაყო აქვთ, რაც თამამად ათქმევინებთ – მე ქართველი ვარ! რაც, რა თქმა უნდა, არ გაუვათ, არ გავიწირებით!

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გიორგი უშიკიშვილის კანდიდატურის დაწუნებასაც, რადგან სწორედ გიორგი მიმაჩნია იმ პრაქტიკოსად, რომელმაც თავისი ძალიან საინტერესო მეთოდით უნდა ასწავლოს ის, რასაც დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით ეკიდება – ქართულ ხალხურ სიმღერას. და რაც მთავარია, სამაგალითოდ, მხოლოდ მისეული ოსტატობით ასრულებს თითოეულ ნიმუშს.

და ბოლოს მოგმართავთ მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის შანსი და ბოლომდე არ ჩაყოლია ფარისევლობის, უსამართლობის, მლიქვნელობის და ცოდვის მორევს და თუ კიდევ ბოლომდე არ დაგხშობიათ ყურები, კიდევ ერთხელ მოუსმინეთ გიორგი უშიკიშვილის მიერ შესრულებულ თუნდაც ერთ სიმღერას, თუნდაც „ურმულს” და მიხვდებით, რომ იგი ის ნაყოფია, რომელსაც ძალიან ღრმა და ჯანსაღი ფესვები აქვს, რომელსაც ვერავინ მოერევა! წარმატებები გიორგი და მალხაზ!” ‎

სრულად წაკითხვა