ნონა გაფრინდაშვილი 84 წლის გახდა. ქართული ჭადრაკის დედოფალი 3 მაისს იუბილარია.
რამდენიმე წლის წინ ნონა გაფრინდაშვილმა "პრაიმტაიმთან" თავის დაბადების დღეზე ისაუბრა:
"რა არის დასამალი; წლები მემატება, თანაც ძალიან ჩქარა. არ მიყვარს ხმაური. ამ დღესაც ძალიან ჩვეულებრივი განწყობით ვხვდები. ვიღებ მილოცვებს და ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ დაბადების დღეს.
ძალიან საინტერესო ცხოვრება გავიარე. ჩემი ცხოვრების არსი ჭადრაკი იყო. მსოფლიო მოვიარე, ყველგან უპრობლემოდ, ხალხი ყველგან მიღებდა თბილად. დადებით დამოკიდებულებას მუდმივად ვგრძნობდი. ამ ყველაფერმა შექმნა ჩემი სახელი, დადებითი ემოციები დამიტოვა.
ჭადრაკი მთლიანად სტრატეგიაზე აგებული ინტელექტუალური თამაშია, თუმცა სპორტის ნებისმიერ სახეობას სჭირდება ინტელექტი. ჭადრაკში სპორტის ელემენტებიც შედის და ბევრი სხვა რამეც – ხელოვნებაც და მეცნიერებაც. ახალგაზრდებს, ვინც ჭადრაკს თამაშობს, ბევრ რამეში ეწყობათ ხელი.
როცა წლები გემატება და ყველაფერს თავს ანებებ, აი, მაშინ სწრაფად ხდება დაბერება. მე შინაგანი განწყობით და აზროვნებით, ჯერჯერობით, არაფერი დამიკარგავს. ეს იმიტომ, რომ მე თამაშს ვაგრძელებდი, სიამოვნებას ვიღებდი ვეტერანთა ტურნირებში თამაშებით.
როცა საჭადრაკო სამყარო იკრიბება, იქ ნაციონალობას ვერ გრძნობ. ბევრს წარმატების მიღწევა უნდა, მაგრამ ბევრი უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად ჩადის. ყველა ერთმანეთს ეფერება, ტკბილად ხვდება. წლიდან წლამდე, ამ სამყაროში ვტრიალებ. ამიტომ სანამ აზროვნებას დავკარგავ, მანამ ღონისძიებებში მონაწილეობას გავაგრძელებ. ეს მე მჭირდება. დადებით განწყობას მიქმნის. ეს დადებითი ემოციები კი ცხოვრებას მიხანგრძლივებს" - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.