დღეს, თბილისში ევროპის დღესთან დაკავშირებით ლოზუნგით “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია” აქცია-მსველელობა გაიმართება. 17-18 საათიდან დედაქალაქის 4 ლოკაციიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან, სადაც 19:00 საათზე გაერთიანებული აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები Facebook-გვერდზე წერენ, რომ ქართველები ევროპის დღეს ევროპისთვის ბრძოლაში ხვდებიან.
“9 მაისი ევროპის დღეა და ჩვენი ერთიანობის დღე.
75 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირს, კაცობრიობის ისტორიაში სახელმწიფოების ყველაზე ძლიერ გაერთიანებას, რომელშიც ყველა ქვეყანა, და ყველა მოქალაქე თავისუფალია და დაცულია საგარეო საფრთხეებისგან, სახელმწიფოს ძალადობისგან, უსამართლობისგან და სიღარიბისგან.საუკუნეებში ქართველობის არ დათმობით, მტრისთვის არ დანებებით, ევროკავშირის კართან ბრძოლით მოვედით.
ევროპის დღე ყველა თავისუფლებისმოყარე ადამიანისთვის ხალხის ნების ბოროტებაზე გამარჯვების ზეიმია.ევროპის დღეს ქართველები ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ვხვდებით. ვხვდებით ჩვენი ბრძოლის გმირებთან – სინდისის პატიმრებთან ერთად, მათი გათავისუფლების მოთხოვნით, მათი ოჯახის წევრების მიერ პატივისცემით და მადლიერებით, ჩვენი გამარჯვების რწმენით, ჩვენი ქართველობის და ევროპელობის ერთობით და ძალით.
9 მაისს, 19 საათზე გელოდებით ევროპის მოედანზე.
ევროპის მოედნის მიმართულებით, 17-18 საათიდან, მსვლელობები გაიმართება:
– პარლამენტიდან;
– მარჯანიშვილის მოედნიდან;
– რესპუბლიკის მოედნიდან;
– ავლაბრის მეტროდან.
დავდგეთ ერთად და ვუთხრათ წარსულ და მომავალ თაობებს, ევროპას და მსოფლიოს, რომ ჩვენი ნება ურყევია, რადგან საქართველო ევროპას ეკუთვნის და ევროპის დაპირება – ქართველ ხალხს.
ჩვენი ძალა ევროპაშია!ჩვენი ძალა ერთობაშია!” – ნათქვამია განცხადებაში.